ქუთაისი — ქართული ლიტერატურის მდიდარი წარსულისა და ნათელი მომავლის ქალაქი
გიზიარებთ ბლოგს: უძველესი ისტორია, გამორჩეული არქიტექტურა, იმერული სამზარეულოს დაუვიწყარი გემო და, რაც მთავარია, კულტურა. გასული ორი საუკუნის განმავლობაში ქუთაისი საქართველოში მიმდინარე კულტურული პროცესების უმნიშვნელოვანეს ცენტრად იქცა, რასაც 31 ოქტომბერს საერთაშორისო აღიარებაც მოჰყვა: ქუთაისი ლიტერატურის მიმართულებით იუნესკოს შემოქმედებითი ქალაქების სიას შეუერთდა.
ეს ახალი სტატუსი იმას ნიშნავს, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში ქუთაისი განსაკუთრებულად იზრუნებს ლიტერატურული პროცესების განვითარებაზე და მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის საძირკველზე ქართული ლიტერატურის მომავლის შენებაში საკუთარ უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანს.
უმდიდრეს ლიტერატურულ საძირკველზე საუბრისას, რა თქმა უნდა, იმ მწერლებს, პოეტებსა და ლიტერატურულ პროცესებში ჩართულ ადამიანებს ვგულისხმობთ, რომლებიც საქართველოში ჯერ რუსეთის იმპერიის, შემდეგ კი საბჭოთა კავშირის ბატონობისას, ცენზურის ბორკილებშიც კი ზრუნავდნენ ხალხის განათლებასა და კულტურულ განვითარებაზე. ქუთაისი იყო ის ადგილი, სადაც საერთო იდეებით გაერთიანებული ადამიანები სწავლობდნენ, ქმნიდნენ და უკეთესი მომავლის იმედით ცხოვრობდნენ.
სწორედ ქუთაისის გიმნაზიაში სწავლობდა იმერეთში დაბადებული აკაკი წერეთელი, რომელმაც ბევრი ცნობილი მოთხრობისა თუ ლექსის შექმნის გარდა, “ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” დაარსებაშიც შეიტანა წვლილი. აღნიშნული ორგანიზაცია, თავის მხრივ, ეწეოდა მნიშვნელოვან კულტურულ-საგანმანათლებლო საქმეებს, ხსნიდა სკოლებს, გამოსცემდა წიგნებს და ხელს უწყობდა ქართული ლიტერატურის განვითარებით დაინტერესებულ ადამიანებს.
ქუთაისზე საუბრისას ვერც “წყალტუბოდან ქუთაისში მიმავალი ქარი” და ამ ცნობილი ლექსის ავტორი, “პოეტების მეფედ” წოდებული გალაკტიონი დაგვავიწყდება. გალაკტიონმა განათლება ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მიიღო, გარკვეული პერიოდის განმავლობაში კი იქვე დასახლდა და მოღვაწეობდა. დაუსრულებლად შეიძლება საუბარი “პოეტების მეფის” შემოქმედებაზე და მის გავლენაზე იმდროინდელ თუ თანამედროვე საზოგადოებაზე — დასკვნა კი ის იქნება, რომ გალაკტიონის გარეშე ქართული პოეზია ვერ იქნებოდა ისეთი, როგორიც არის.
“ცისფერყანწელებიც” ქუთაისში “დაიბადნენ” — 1916 წელს სწორედ აქ დაარსდა ქართველ სიმბოლისტ პროზაიკოსთა და პოეტთა გაერთიანება. ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი, ვალერიან გაფრინდაშვილი, კოლაუ ნადირაძე, გიორგი ლეონიძე, სანდრო ცირეკიძე და სხვები — “ცისფერყანწელები” და ქუთაისი იმდროინდელი გამორჩეულად მოაზროვნე ადამიანების თავშეყრის მთავარი ადგილი იყო. მათი მიზანი ქართული ლიტერატურის მოდერნიზაცია და ევროპული თანამედროვეობისთვის ფეხის აწყობაც კი იყო.
“ევროპა შემოაღებს კარებს და ამ დროს ჩვენ უნდა დავხვდეთ შეჭურვილი ეროვნული შემეცნებით, ეროვნულ კულტურის ყველა ფოლაქებ შეკრული, რომ იყოს მთავარი მორგვი, რომელზედაც მოეხვევა ახალი იდეები. ჩვენ ვიზამთ ამას. მაშინ იქნება ნამდვილი რენესანსი და ამ ეროვნულ აღორძინების სადღეგრძელოს სრუ-ლიად სერიოზულად ვსვამ ‘ცისფერ ყანწებით’”, — წერდა 1916 წელს ტიციან ტაბიძე.
რა თქმა უნდა, პროგრესისა და განათლებისკენ სწრაფვა საბჭოთა კავშირისთვის მიუღებელი იყო. ცენზურასთან ერთად საბჭოთა რეპრესიებიც გაძლიერდა, რასაც უამრავ ადამიანს შორის ტიციან ტაბიძე და პაოლო იაშვილიც შეეწირნენ. ამის მიუხედავად, “ცისფერყანწელების” შემოქმედებამ ქართულ ლიტერატურას წარუშლელი კვალი დაამჩნია და მისი შემდგომი განვითარებაც მნიშვნელოვნად განსაზღვრა.
ქართული ლიტერატურული მემკვიდრეობის მრავალფეროვნებისა და უნიკალურობის შესახებ საუბარი დაუსრულებლად შეიძლება. მართალია, წარსულის გაკვეთილების გათვალისწინება და ჩვენი წინამორბედებისგან სწავლა მნიშვნელოვანია, თუმცა მომავლის ლიტერატურის შესაქმნელად თანამედროვე მიდგომების, სტილის, იდეებისა და ხმების განვითარებაზე ზრუნვა აუცილებელია. ქუთაისისთვის ლიტერატურის მიმართულებით იუნესკოს შემოქმედებითი ქალაქის სტატუსის მინიჭება კი ამ გზაზე გადადგმული დიდი ნაბიჯი იქნება.
სხვა სიახლეები
FED-ის მიერ განაკვეთის შემცირების მოლოდინი გაიზარდა
30.08.2025.12:00
ფედერალური რეზერვის ყოველწლიურ „ჯექსონ ჰოულის“ შეკრებაზე თავმჯდომარე ჯერომ პაუელის სიტყვით გამოსვლამ გაზარდა მოლოდინები, რომ „რისკების ცვალებადი ბალანსიდან“ გამომდინარე ცენტრალურმა ბანკმა შესაძლოა სექტემბერში საპროცენტო განაკვეთები შეამციროს.
განცხადებამ აქციებისა და ობლიგაციების ფასების ზრდა გამოიწვია – S&P 500 მაჩვენებელი დღიურად 1.63%-ით გაიზარდა, რაც მაისის შემდეგ ყველაზე დიდი დღიური ზრდაა, ხოლო სახაზინო ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში 10-წლიანი ობლიგაციის შემოსავლიანობა 7.5 საბაზო პუნქტით 4.256%-მდე, 2 წლიანი კი 10 საბაზო პუნქტით 3.69%-მდე შემცირდა.
ფედერალური რეზერვის თავმჯდომარემ, ჯერომ პაუელმა აღნიშნა, რომ აშშ-ის ეკონომიკური სურათი უჩვეულოდ ბუნდოვანია. ერთის მხრივ, უმუშევრობა ისტორიულად დაბალ დონეზე – 4.2%-ზე რჩება, თუმცა დასაქმების ტემპი მნიშვნელოვნად შენელდა – ივლისში 73 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, მაშინ როცა მოსალოდნელი რიცხვი 110 000 იყო. პაუელმა შრომის ბაზრის დღევანდელი მდგომარეობა “საინტერესოდ“ შეაფასა, რადგან ერთდროულად იკლებს როგორც სამუშაო ძალის მოთხოვნა, ასევე მიწოდება.
მეორეს მხრივ, ინფლაცია კვლავაც მცირედით აღემატება FED-ის 2%-იან მიზანს, ხოლო პრეზიდენტი ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები უახლოეს თვეებში ფასების დამატებით ზრდის საფრთხეს ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიებმა ჯერჯერობით ზარალის ნაწილი საკუთარ თავზე აიღეს, პაუელმა აღნიშნა, რომ უფრო მდგრადი ფასების ზრდა შესაძლოა უკვე წლის ბოლოსკენ გამოიკვეთოს.
პაუელმა ხაზი გაუსვა FED-ის „ორმაგ მანდატს“ – მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა. ივლისში განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა განსხვავებული აზრები, ხოლო პაუელმა მიანიშნა, რომ სექტემბრის შეხვედრამაც შესაძლოა დებატების ფონზე ჩაიაროს, რადგან ფედერალური რეზერვი განაკვეთის შემცირებასა და ინფლაციის რისკს შორის ბალანსს ეძებს.
ფინანსურმა ბაზრებმა პაუელის კომენტარები პოზიტიურად მიიღეს. ინვესტორებმა მისი განცხადებები სექტემბერში განაკვეთის შემცირების პირდაპირ მინიშნებად შეაფასეს. თუმცა ძირითადი მესიჯი უფრო ფრთხილი იყო: FED-ის არჩევანი კვლავ გაურკვეველია და ყოველი მომდევნო ნაბიჯი ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამოკიდებული.
პაუელის სიტყვას პოლიტიკური ელფერიც ჰქონდა. მისი უფლებამოსილების ვადა მომავალ წელს იწურება, ამასთანავე თეთრი სახლი FED-ის საბჭოში ახალ კანდიდატურებს აწინაურებს, რაც ანალიტიკოსების აზრით ინსტიტუტის მომავალ დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ აყენებს.
პაუელმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის ქმედებები მხოლოდ ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამყარებული და არა პოლიტიკურ ზეწოლაზე.
განხილულთაგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი შეეხებოდა ფედერალური რეზერვის განახლებულ სტრატეგიას. FED-მა უარი თქვა 2020 წელს მიღებულ „გამოსწორების სტრატეგიაზე“, რომელიც მიზნად ისახავდა ინფლაციის გარკვეული ხნით 2%-იან მაჩვენებელს ზემოთ შენარჩუნებას. ახალი მიდგომა ისევ ტრადიციულ ორიენტაციას უბრუნდება: მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობა. ეს ცვლილება ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებიდან გამომდინარეობს, როდესაც ინფლაცია ხშირად მაღალი იყო და ეკონომიკური ზრდა — მერყევი. შედეგად, პოლიტიკის შემქმნელ პირებს უფრო მკაფიო მიმართულებები მიეცათ მომავალი გადაწყვეტილებების მისაღებად.