პირველად საქართველოში ფრირაიდის მსოფლიო ტური ჩატარდება
საქართველოს ისტორიაში პირველად, კურორტ თეთნულდზე ფრირაიდის მსოფლიო ტური ჩატარდება - საქართველო 6 წამყვან ექსკლუზიურ ქვეყანას შორის დასახელდა (კანადა, ანდორა, ესპანეთი, შვეიცარია, ავსტრია და საქართველო), რომლებსაც ფრირაიდის მსოფლიო ტურის ჩატარების უფლება ხვდათ წილად. გადაწყვეტილება საფრანგეთის ქალაქ ანესში, ფრირაიდის ყოველწლიურ ღონისძიებაზე გახდა ცნობილი.
ფრირაიდის მსოფლიო ტურში 50 გამორჩეული სპორტსმენი (რაიდერი) იასპარეზებს. ხაზგასასმელია, რომ მესტია გახდა მსოფლიოში ფრირაიდის ახალი მიმართულება, ხოლო კურორტი თეთნულდი ფრირაიდის მოყვარულთათვის პოზიციონირდა, როგორც ახალი აღმოსაჩენი ადგილი.
შეჯიბრება 2024 წლის მარტში ჩატარდება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, ეს გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ტურისტული ბრენდის გაძლიერებისთვის.
„ეს გვაძლევს შესაძლებლობას, რომ კიდევ ახალ ეტაპზე გადავიყვანოთ ჩვენი სამთო-სათხილამურო ტურისტული პროდუქტები, ამით ძალიან გაიზრდება ჩვენი ქვეყნის, მათ შორის, კონკრეტულად, სვანეთის, როგორც ტურისტული მიმართულების ცნობადობა, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის ტურისტულ ბრენდს და რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ზამთრის ტურისტულ სეზონზე კიდევ უფრო მეტი საერთაშორისო მოგზაურის ჩამოსვლას ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კურორტებზე“ - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ ქვეყანამ ორი წლის განმავლობაში, წარმატებით უმასპინძლა ფრირაიდის საკვალიფიკაციო ეტაპებს და უმაღლეს დონეზე ჩატარებულმა ღონისძიებებმა განაპირობა საერთაშორისო ექსპერტების ყურადღება საქართველოსადმი.
ფრირაიდი ზამთრის სპორტის განსაკუთრებული სახეობაა, რომელიც რთულ და მთიან რელიეფზე გაუკვალავ თოვლში სრიალს გულისხმობს. მსოფლიო ტური 300 მილიონ მაყურებელს ფარავს, შესაბამისად, ღონისძიება უმნიშვნელოვანესია ზამთრის სპორტისა და ტურიზმის განვითარებისთვის.
შეჯიბრებების მაღალი სტანდარტით ჩატარება საერთაშორისო მასშტაბით წარმოაჩენს საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების პოტენციალს, გაზრდის საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების ცნობადობას ახალი მიმართულებით და უფრო მიმზიდველს გახდის როგორც ადგილობრივი და უცხოელი დამსვენებლებისთვის, ისე ინვესტორებისთვის, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საქართველოში ტურიზმის განვითარებასა და შესაბამისი საინვესტიციო გარემოს შექმნას.
სხვა სიახლეები
FED-ის მიერ განაკვეთის შემცირების მოლოდინი გაიზარდა
30.08.2025.12:00
ფედერალური რეზერვის ყოველწლიურ „ჯექსონ ჰოულის“ შეკრებაზე თავმჯდომარე ჯერომ პაუელის სიტყვით გამოსვლამ გაზარდა მოლოდინები, რომ „რისკების ცვალებადი ბალანსიდან“ გამომდინარე ცენტრალურმა ბანკმა შესაძლოა სექტემბერში საპროცენტო განაკვეთები შეამციროს.
განცხადებამ აქციებისა და ობლიგაციების ფასების ზრდა გამოიწვია – S&P 500 მაჩვენებელი დღიურად 1.63%-ით გაიზარდა, რაც მაისის შემდეგ ყველაზე დიდი დღიური ზრდაა, ხოლო სახაზინო ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში 10-წლიანი ობლიგაციის შემოსავლიანობა 7.5 საბაზო პუნქტით 4.256%-მდე, 2 წლიანი კი 10 საბაზო პუნქტით 3.69%-მდე შემცირდა.
ფედერალური რეზერვის თავმჯდომარემ, ჯერომ პაუელმა აღნიშნა, რომ აშშ-ის ეკონომიკური სურათი უჩვეულოდ ბუნდოვანია. ერთის მხრივ, უმუშევრობა ისტორიულად დაბალ დონეზე – 4.2%-ზე რჩება, თუმცა დასაქმების ტემპი მნიშვნელოვნად შენელდა – ივლისში 73 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, მაშინ როცა მოსალოდნელი რიცხვი 110 000 იყო. პაუელმა შრომის ბაზრის დღევანდელი მდგომარეობა “საინტერესოდ“ შეაფასა, რადგან ერთდროულად იკლებს როგორც სამუშაო ძალის მოთხოვნა, ასევე მიწოდება.
მეორეს მხრივ, ინფლაცია კვლავაც მცირედით აღემატება FED-ის 2%-იან მიზანს, ხოლო პრეზიდენტი ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები უახლოეს თვეებში ფასების დამატებით ზრდის საფრთხეს ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიებმა ჯერჯერობით ზარალის ნაწილი საკუთარ თავზე აიღეს, პაუელმა აღნიშნა, რომ უფრო მდგრადი ფასების ზრდა შესაძლოა უკვე წლის ბოლოსკენ გამოიკვეთოს.
პაუელმა ხაზი გაუსვა FED-ის „ორმაგ მანდატს“ – მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა. ივლისში განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა განსხვავებული აზრები, ხოლო პაუელმა მიანიშნა, რომ სექტემბრის შეხვედრამაც შესაძლოა დებატების ფონზე ჩაიაროს, რადგან ფედერალური რეზერვი განაკვეთის შემცირებასა და ინფლაციის რისკს შორის ბალანსს ეძებს.
ფინანსურმა ბაზრებმა პაუელის კომენტარები პოზიტიურად მიიღეს. ინვესტორებმა მისი განცხადებები სექტემბერში განაკვეთის შემცირების პირდაპირ მინიშნებად შეაფასეს. თუმცა ძირითადი მესიჯი უფრო ფრთხილი იყო: FED-ის არჩევანი კვლავ გაურკვეველია და ყოველი მომდევნო ნაბიჯი ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამოკიდებული.
პაუელის სიტყვას პოლიტიკური ელფერიც ჰქონდა. მისი უფლებამოსილების ვადა მომავალ წელს იწურება, ამასთანავე თეთრი სახლი FED-ის საბჭოში ახალ კანდიდატურებს აწინაურებს, რაც ანალიტიკოსების აზრით ინსტიტუტის მომავალ დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ აყენებს.
პაუელმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის ქმედებები მხოლოდ ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამყარებული და არა პოლიტიკურ ზეწოლაზე.
განხილულთაგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი შეეხებოდა ფედერალური რეზერვის განახლებულ სტრატეგიას. FED-მა უარი თქვა 2020 წელს მიღებულ „გამოსწორების სტრატეგიაზე“, რომელიც მიზნად ისახავდა ინფლაციის გარკვეული ხნით 2%-იან მაჩვენებელს ზემოთ შენარჩუნებას. ახალი მიდგომა ისევ ტრადიციულ ორიენტაციას უბრუნდება: მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობა. ეს ცვლილება ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებიდან გამომდინარეობს, როდესაც ინფლაცია ხშირად მაღალი იყო და ეკონომიკური ზრდა — მერყევი. შედეგად, პოლიტიკის შემქმნელ პირებს უფრო მკაფიო მიმართულებები მიეცათ მომავალი გადაწყვეტილებების მისაღებად.