ყურძნიდან სუფრამდე - რთველის მასტერკლასები ,,კაკაბეთის მარანში“ ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება
კახური სამზარეულოს მოყვარულებს ტურისტული სივრცე ,,კაკაბეთის მარანი“ დაუვიწყარ შემოდგომას ჰპირდება და რთველის მასტერკლასებზე ეპატიჟება.
კერძოდ, როგორც ,,კაკაბეთის მარნის“ დამფუძნებელი ნანა მასურაშვილი Business Insider Georgia - თან ამბობს, სეზონის განმავლობაში შესაძლებელია შემოდგომის ერთდღიანი ტურის დაჯავშნა როგორც უფროსი თაობის მომხმარებლებისთვის, ასევე სკოლის მოსწავლეებისთვის, რომლებიც განსაკუთრებული შეღავათით სარგებლობენ.
,,ვიზიტორებს ვთავაზობთ მასტერკლასების მრავალფეროვანი არჩევანს, როგორიცაა რთველი, ყურძნის დაწურვა, ჩურჩხელის გავლება და სხვა. სკოლის მოსწავლეებისთვის განსაკუთრებული ფასდაკლება მოქმედებს. პროექტი ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება. შემდეგ უკვე გადავერთვებით მასტერკლასებზე, სადაც წარმოდგენილი იქნება პურის ცხობა, ხინკლის მოხვევა და სხვა, ასევე უგემრიელესი, სახლური კახური კერძები და ოჯახის ღვინო. ჩურჩხელას მასტერკლასი ყველა სეზონზე შეგვიძლია. ულამაზესი, მყუდრო გარემო და საუკეთესო განწყობაა იმისთვის, რომ დასვენების დღეები მოქალაქეებმა ჩვენთან ერთად გაატარონ. ძირითადი მომხმარებლები სწორედ ადგილობრივები არიან, ხოლო მოთხოვნის 80% სკოლის მოსწავლეებზე მოდის, ეს ფაქტი ძალიან გვახარებს, გარკვეული მოთხოვნა არის ოჯახურ ტურებზეც. საკმაოდ ლოიალური შეთავაზება გვაქვს ბაზრისთვის, რიტაც ასევე დიდ ინტერესს ვიწვევთ“, - ამბობს ნანა მასურაშვილი.
ცნობისთვის, კაკაბეთის მარანი • Kakabeti Cellar კახეთში ერთ-ერთი გამორჩეული ტურისტული ობიექტია. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაკაბეთში მდებარე საოჯახო მარნის მფლობელი მასურაშვილების ოჯახია, სადაც სამეწარმეო საქმიანობაში ოჯახის თითქმის ყველა წევრი მონაწილეობს.
საოჯახო მარანი 35 წელზე მეტს ითვლის, თუმცა ბიზნესის სახით ოპერირება დაახლოებით 2 წლის წინ დაიწყო და მიმდინარე სეზონზე ყურადღება მაღალი დონის მასტერკლასებით მიიქცია.
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
სხვა სიახლეები
FED-ის მიერ განაკვეთის შემცირების მოლოდინი გაიზარდა
30.08.2025.12:00
ფედერალური რეზერვის ყოველწლიურ „ჯექსონ ჰოულის“ შეკრებაზე თავმჯდომარე ჯერომ პაუელის სიტყვით გამოსვლამ გაზარდა მოლოდინები, რომ „რისკების ცვალებადი ბალანსიდან“ გამომდინარე ცენტრალურმა ბანკმა შესაძლოა სექტემბერში საპროცენტო განაკვეთები შეამციროს.
განცხადებამ აქციებისა და ობლიგაციების ფასების ზრდა გამოიწვია – S&P 500 მაჩვენებელი დღიურად 1.63%-ით გაიზარდა, რაც მაისის შემდეგ ყველაზე დიდი დღიური ზრდაა, ხოლო სახაზინო ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში 10-წლიანი ობლიგაციის შემოსავლიანობა 7.5 საბაზო პუნქტით 4.256%-მდე, 2 წლიანი კი 10 საბაზო პუნქტით 3.69%-მდე შემცირდა.
ფედერალური რეზერვის თავმჯდომარემ, ჯერომ პაუელმა აღნიშნა, რომ აშშ-ის ეკონომიკური სურათი უჩვეულოდ ბუნდოვანია. ერთის მხრივ, უმუშევრობა ისტორიულად დაბალ დონეზე – 4.2%-ზე რჩება, თუმცა დასაქმების ტემპი მნიშვნელოვნად შენელდა – ივლისში 73 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, მაშინ როცა მოსალოდნელი რიცხვი 110 000 იყო. პაუელმა შრომის ბაზრის დღევანდელი მდგომარეობა “საინტერესოდ“ შეაფასა, რადგან ერთდროულად იკლებს როგორც სამუშაო ძალის მოთხოვნა, ასევე მიწოდება.
მეორეს მხრივ, ინფლაცია კვლავაც მცირედით აღემატება FED-ის 2%-იან მიზანს, ხოლო პრეზიდენტი ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები უახლოეს თვეებში ფასების დამატებით ზრდის საფრთხეს ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიებმა ჯერჯერობით ზარალის ნაწილი საკუთარ თავზე აიღეს, პაუელმა აღნიშნა, რომ უფრო მდგრადი ფასების ზრდა შესაძლოა უკვე წლის ბოლოსკენ გამოიკვეთოს.
პაუელმა ხაზი გაუსვა FED-ის „ორმაგ მანდატს“ – მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა. ივლისში განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა განსხვავებული აზრები, ხოლო პაუელმა მიანიშნა, რომ სექტემბრის შეხვედრამაც შესაძლოა დებატების ფონზე ჩაიაროს, რადგან ფედერალური რეზერვი განაკვეთის შემცირებასა და ინფლაციის რისკს შორის ბალანსს ეძებს.
ფინანსურმა ბაზრებმა პაუელის კომენტარები პოზიტიურად მიიღეს. ინვესტორებმა მისი განცხადებები სექტემბერში განაკვეთის შემცირების პირდაპირ მინიშნებად შეაფასეს. თუმცა ძირითადი მესიჯი უფრო ფრთხილი იყო: FED-ის არჩევანი კვლავ გაურკვეველია და ყოველი მომდევნო ნაბიჯი ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამოკიდებული.
პაუელის სიტყვას პოლიტიკური ელფერიც ჰქონდა. მისი უფლებამოსილების ვადა მომავალ წელს იწურება, ამასთანავე თეთრი სახლი FED-ის საბჭოში ახალ კანდიდატურებს აწინაურებს, რაც ანალიტიკოსების აზრით ინსტიტუტის მომავალ დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ აყენებს.
პაუელმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის ქმედებები მხოლოდ ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამყარებული და არა პოლიტიკურ ზეწოლაზე.
განხილულთაგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი შეეხებოდა ფედერალური რეზერვის განახლებულ სტრატეგიას. FED-მა უარი თქვა 2020 წელს მიღებულ „გამოსწორების სტრატეგიაზე“, რომელიც მიზნად ისახავდა ინფლაციის გარკვეული ხნით 2%-იან მაჩვენებელს ზემოთ შენარჩუნებას. ახალი მიდგომა ისევ ტრადიციულ ორიენტაციას უბრუნდება: მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობა. ეს ცვლილება ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებიდან გამომდინარეობს, როდესაც ინფლაცია ხშირად მაღალი იყო და ეკონომიკური ზრდა — მერყევი. შედეგად, პოლიტიკის შემქმნელ პირებს უფრო მკაფიო მიმართულებები მიეცათ მომავალი გადაწყვეტილებების მისაღებად.