ყველაფერი, რაც ელექტრომობილების ინდუსტრიაში ინვესტირებისას უნდა იცოდე
გიზიარებთ ბლოგს: მსოფლიოს მასშტაბით ყოველდღიურად დაახლოებით 1.5 მილიარდი ავტომობილი გადაადგილდება, მათი 90% კი ენერგიის წყაროდ ბენზინს, დიზელსა და გაზს, ანუ წიაღისეულ საწვავს იყენებს. მოსახლეობის რაოდენობისა და გლობალური ეკონომიკის ზრდასთან ერთად, ავტომობილების რაოდენობა ყოველწლიურად საშუალოდ 5%-ით იმატებს, თუმცა დაახლოებით 5-ჯერ უფრო სწრაფი ტემპით იზრდება ელექტრომობილების რაოდენობა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ბაზარი მზარდია და ამ სექტორში წარმოდგენილ კომპანიებს, მათ შორის, Tesla-ს, BYD-ს, VW-ს, Ford-სა თუ Mercedes-ს განვითარების დიდი პოტენციალი აქვთ.
ამ სტატიაში ვრცლად მოგიყვებით, თუ რა იწვევს ელექტრომობილებზე მოთხოვნის ზრდას, რომელი კომპანიები ახერხებენ შემოსავლების გაზრდას და როგორ არის შესაძლებელი თიბისის საინვესტიციო პლატფორმის მეშვეობით ამ ტენდენციით ფინანსური სარგებლის მიღება. თუმცა, სანამ საქმეზე გადავიდოდეთ, სჯობს გავიგოთ, თუ რატომ არის ელექტრომობილების ბაზრის ზრდა გარდაუვალი.
პირველი ავტომობილის შექმნიდან მოყოლებული, წლების განმავლობაში, ერთი რამ მაინც უცვლელი რჩებოდა - ავტომობილებს ჰქონდათ შიდა წვის ძრავა (ICE), რომელიც ენერგიის გამომუშავებისთვის წიაღისეულ საწვავს მოიხმარდა. ICE-ტექნოლოგიის დახვეწის მიუხედავად, ორი პრობლემა დღემდე მაინც გადაუჭრელია: პირველი, ავტომობილები ისევ გამოყოფენ გამონაბოლქვს, რაც გარემოსა და მოსახლეობისთვის საზიანოა და მეორე, წიაღისეული საწვავი ამოწურვადი რესურსია, ანუ მისი უსასრულოდ გამოყენება უბრალოდ შეუძლებელია.
ცოტა ხნის წინ, ბაზარზე გამოჩნდა აღნიშნული პრობლემების გადაჭრის მარტივი გზა - ელექტრობატარეა, რომელსაც შეუძლია ავტომობილი იმდენი ენერგიით მოამარაგოს, რამდენიც 800 თუ 1,000 კილომეტრის ერთი დამუხტვით გასავლელადაა საჭირო. თავდაპირველად, ელექტრობატარეების პოტენციალი ჰიბრიდულ ავტომობილებში ვიხილეთ, თუმცა მას შემდეგ ტექნოლოგია დაიხვეწა და 2012 წელს ბაზარზე სრულიად ელექტრო Tesla Model S გამოჩნდა, რომელმაც ავტოინდუსტრიაში რიგით მეორე უდიდესი რევოლუცია დაიწყო, ჰენრი ფორდის მიერ კონვეიერული სისტემის შექმნის შემდეგ.
ამ აბზაცის ბოლოს Tesla Model S-ის პრეზენტაციის ფოტო და ზედ გამოსახული რომ იყოს Tesla-ს აქციების ზრდის დინამიკა IPO-დან დღემდე + საბაზრო კაპიტალიაცია რომ ჩანდეს ამჟამინდელი.
სხვა სიახლეები
FED-ის მიერ განაკვეთის შემცირების მოლოდინი გაიზარდა
30.08.2025.12:00
ფედერალური რეზერვის ყოველწლიურ „ჯექსონ ჰოულის“ შეკრებაზე თავმჯდომარე ჯერომ პაუელის სიტყვით გამოსვლამ გაზარდა მოლოდინები, რომ „რისკების ცვალებადი ბალანსიდან“ გამომდინარე ცენტრალურმა ბანკმა შესაძლოა სექტემბერში საპროცენტო განაკვეთები შეამციროს.
განცხადებამ აქციებისა და ობლიგაციების ფასების ზრდა გამოიწვია – S&P 500 მაჩვენებელი დღიურად 1.63%-ით გაიზარდა, რაც მაისის შემდეგ ყველაზე დიდი დღიური ზრდაა, ხოლო სახაზინო ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში 10-წლიანი ობლიგაციის შემოსავლიანობა 7.5 საბაზო პუნქტით 4.256%-მდე, 2 წლიანი კი 10 საბაზო პუნქტით 3.69%-მდე შემცირდა.
ფედერალური რეზერვის თავმჯდომარემ, ჯერომ პაუელმა აღნიშნა, რომ აშშ-ის ეკონომიკური სურათი უჩვეულოდ ბუნდოვანია. ერთის მხრივ, უმუშევრობა ისტორიულად დაბალ დონეზე – 4.2%-ზე რჩება, თუმცა დასაქმების ტემპი მნიშვნელოვნად შენელდა – ივლისში 73 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, მაშინ როცა მოსალოდნელი რიცხვი 110 000 იყო. პაუელმა შრომის ბაზრის დღევანდელი მდგომარეობა “საინტერესოდ“ შეაფასა, რადგან ერთდროულად იკლებს როგორც სამუშაო ძალის მოთხოვნა, ასევე მიწოდება.
მეორეს მხრივ, ინფლაცია კვლავაც მცირედით აღემატება FED-ის 2%-იან მიზანს, ხოლო პრეზიდენტი ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები უახლოეს თვეებში ფასების დამატებით ზრდის საფრთხეს ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიებმა ჯერჯერობით ზარალის ნაწილი საკუთარ თავზე აიღეს, პაუელმა აღნიშნა, რომ უფრო მდგრადი ფასების ზრდა შესაძლოა უკვე წლის ბოლოსკენ გამოიკვეთოს.
პაუელმა ხაზი გაუსვა FED-ის „ორმაგ მანდატს“ – მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა. ივლისში განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა განსხვავებული აზრები, ხოლო პაუელმა მიანიშნა, რომ სექტემბრის შეხვედრამაც შესაძლოა დებატების ფონზე ჩაიაროს, რადგან ფედერალური რეზერვი განაკვეთის შემცირებასა და ინფლაციის რისკს შორის ბალანსს ეძებს.
ფინანსურმა ბაზრებმა პაუელის კომენტარები პოზიტიურად მიიღეს. ინვესტორებმა მისი განცხადებები სექტემბერში განაკვეთის შემცირების პირდაპირ მინიშნებად შეაფასეს. თუმცა ძირითადი მესიჯი უფრო ფრთხილი იყო: FED-ის არჩევანი კვლავ გაურკვეველია და ყოველი მომდევნო ნაბიჯი ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამოკიდებული.
პაუელის სიტყვას პოლიტიკური ელფერიც ჰქონდა. მისი უფლებამოსილების ვადა მომავალ წელს იწურება, ამასთანავე თეთრი სახლი FED-ის საბჭოში ახალ კანდიდატურებს აწინაურებს, რაც ანალიტიკოსების აზრით ინსტიტუტის მომავალ დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ აყენებს.
პაუელმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის ქმედებები მხოლოდ ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამყარებული და არა პოლიტიკურ ზეწოლაზე.
განხილულთაგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი შეეხებოდა ფედერალური რეზერვის განახლებულ სტრატეგიას. FED-მა უარი თქვა 2020 წელს მიღებულ „გამოსწორების სტრატეგიაზე“, რომელიც მიზნად ისახავდა ინფლაციის გარკვეული ხნით 2%-იან მაჩვენებელს ზემოთ შენარჩუნებას. ახალი მიდგომა ისევ ტრადიციულ ორიენტაციას უბრუნდება: მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობა. ეს ცვლილება ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებიდან გამომდინარეობს, როდესაც ინფლაცია ხშირად მაღალი იყო და ეკონომიკური ზრდა — მერყევი. შედეგად, პოლიტიკის შემქმნელ პირებს უფრო მკაფიო მიმართულებები მიეცათ მომავალი გადაწყვეტილებების მისაღებად.