როგორ დავგეგმოთ ფინანსური წელი
ბოლოს როდის გაიფიქრეთ, რომ ფული უაზროდ გაფლანგეთ? დღევანდელი ცხოვრების ტემპის გათვალისწინებით, ეს შეგრძნება ბევრი ჩვენგანისთვის უცხო არ უნდა იყოს. ერთი შეხედვით, ადამიანებს მუდმივი მისწრაფება გვაქვს – მივიღოთ მეტი შემოსავალი და დავხარჯოთ საკუთარი ცხოვრების გასაუმჯობესებლად, თუმცა გულის სიღრმეში, ალბათ, ყველამ ვიცით, რომ თითოეული ლარის უკეთ განკარგვა შეგვეძლო.
ეს მიზანი მიღწევადია – რამდენიც არ უნდა იყოს ჩვენი ხელფასი თუ დივიდენდი. ალბათ, გსმენიათ მილიარდერების უცნაურ დამოკიდებულებაზე ფულის მიმართ. მაგალითად, უორენ ბაფეტი (ქონება – $119 მლრდ) დღემდე „მაკდონალდსში“ საუზმობს, თან არც მეტი, არც ნაკლები, 4 დოლარად. არადა, მილიონერი ჯერ კიდევ 1962 წელს გახდა. ამ მოვლენის ახსნა მრავალნაირად შეიძლება, თუმცა ფაქტები სხვა რამეზე მეტყველებს – ადამიანების დამოკიდებულება ფულთან მიმართებით იშვიათად იცვლება, მიუხედავად მათი შემოსავლისა. თუ გვიჭირს, X თანხის სწორად განაწილება, დიდია შანსი, რომ 10,000X-იც ისე დავხარჯოთ, რომ უკმაყოფილონი დავრჩეთ. თუ ამ აზრს ეთანხმებით და თან გამოსავალს ეძებთ, შესაძლოა, ამ ბლოგის წასაკითხად ყველაზე ხელსაყრელი დრო სწორედ ახლაა – ახალი წლის პერიოდი, როდესაც შეგვიძლია გადავაფასოთ/შევაფასოთ განვლილი 365 დღე და უკეთესად დავგეგმოთ მომავალი.
გიზიარებთ ცნობილი ამერიკელი ფინანსური კონსულტანტის, რამიტ სეთის რჩევებს, რომლებიც მილიონობით ადამიანს დაეხმარა და ახლაც ეხმარება მათი ფინანსური ჩვევების გამოსწორებაში. გაითვალისწინეთ, რომ მხოლოდ დაზოგვას ბედნიერება არ მოაქვს, პირიქით, გასაღები გააზრებულ ხარჯვაშია. ვნახოთ, რა საფეხურები უნდა გავიაროთ, სანამ ფინიშის ხაზს გადავკვეთთ:
ოპტიმიზაცია გაუკეთეთ თქვენს ვალდებულებებს
ზოგადად არ გვიყვარს ხოლმე ამაზე არც ბევრი ფიქრი, არც საუბარი. თუმცა, ეს გამოსავალი არ არის. ამიტომ აუცილებლად გაუსწორეთ თვალი ყოველთვიურ ხარჯებს, კარგად გაერკვიეთ და მოძებნეთ გზები მათი ოპტიმიზაციისთვის, იქნება ეს მათი ვიზუალიზაცია (დაწერა/დახატვა) თუ რესტრუქტურიზაცია;
ისწავლეთ მოლაპარაკება
ნებისმიერი ნივთის/მომსახურების შეძენამდე დაფიქრდით, იქნებ სხვაგან უფრო იაფად მიიღოთ იგივე სარგებელი? ან იქნებ ღირდეს და ამჟამინდელ „გამყიდველს“ ფასზე მოელაპარაკოთ? ნუ მოგერიდებათ შემხვედრი წინადადების შეთავაზება, მოლაპარაკება ფინანსურ სამყაროში ჩვეულებრივი მოვლენაა;
მზად იყავით ინვესტირებისთვის
იზრუნეთ თქვენს შორეულ და არც თუ შორეულ მომავალზე. დაიწყეთ ინვესტირება, თუნდაც $10-ით, მაგრამ დაიწყეთ რეგულარულად. სარგებლის დარიცხვამ წლებთან ერთად, შესაძლოა, საოცარი შედეგები მოგიტანოთ;
ხარჯეთ გააზრებულად
იფიქრეთ, რაში მოგწონთ ფულის ხარჯვა და ეცადეთ ამაზე გააკეთოთ აქცენტი (მაგალითად, მოგზაურობა ან ფეხსაცმელი, რომლის ყიდვის უფლებასაც საკუთარი თავი არ გაძლევთ). ამავდროულად ეცადეთ, ფული დაზოგოთ ისეთ ნივთებსა თუ მომსახურებაზე, რაც გიზრდით ხარჯს და დიდად არც სიამოვნებას განიჭებთ (მაგალითად, ნებისმიერი პროგრამის Subscription, რომელიც თვეებია არ გამოგიყენებიათ). ერთი შეხედვით, ეს ძალიან მარტივ გამოსავლად ჟღერს, თუმცა „ფინანსური მენეჯერი“ თქვენს მობილბანკში დაგარწმუნებთ, რომ ხშირად ასე არ ვიქცევით.
დაიწყეთ დაზოგვა
გახსენით ყულაბა და თითოეულ გადახდაზე თუნდაც 50 თეთრი შეინახეთ. ოღონდ ჩათვალეთ, რომ ეს თანხა, უბრალოდ არ არსებობს! არ გაბედოთ მისი დახარჯვა მეორე დღესვე. თქვენი რესურსები გონივრულად გამოიყენეთ.
გაზარდეთ თქვენი შემოსავლები
იფიქრეთ, თავისუფალი დრო სწორად როგორ გამოიყენოთ. 21-ე საუკუნეში ძირითადი საქმიანობის პარალელურად, დისტანციურად უამრავი საქმის შესრულებაა შესაძლებელი;
და ბოლოს: სისტემატურად გაიმეორეთ თითოეული საფეხური
მუდმივობას დიდი ძალა აქვს, მათ შორის ფინანსებშიც. თუ ყველაფერს ზედმიწევნით შეასრულებთ და თან ამის კეთებას არ შეწყვეტთ, თქვენი ფინანსებიც ნელ-ნელა სტრუქტურირებულ სახეს მიიღებს და გააზრებული ხარჯვა თქვენი ცხოვრების განუყოფელი წესი გახდება.
სხვა სიახლეები
FED-ის მიერ განაკვეთის შემცირების მოლოდინი გაიზარდა
30.08.2025.12:00
ფედერალური რეზერვის ყოველწლიურ „ჯექსონ ჰოულის“ შეკრებაზე თავმჯდომარე ჯერომ პაუელის სიტყვით გამოსვლამ გაზარდა მოლოდინები, რომ „რისკების ცვალებადი ბალანსიდან“ გამომდინარე ცენტრალურმა ბანკმა შესაძლოა სექტემბერში საპროცენტო განაკვეთები შეამციროს.
განცხადებამ აქციებისა და ობლიგაციების ფასების ზრდა გამოიწვია – S&P 500 მაჩვენებელი დღიურად 1.63%-ით გაიზარდა, რაც მაისის შემდეგ ყველაზე დიდი დღიური ზრდაა, ხოლო სახაზინო ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში 10-წლიანი ობლიგაციის შემოსავლიანობა 7.5 საბაზო პუნქტით 4.256%-მდე, 2 წლიანი კი 10 საბაზო პუნქტით 3.69%-მდე შემცირდა.
ფედერალური რეზერვის თავმჯდომარემ, ჯერომ პაუელმა აღნიშნა, რომ აშშ-ის ეკონომიკური სურათი უჩვეულოდ ბუნდოვანია. ერთის მხრივ, უმუშევრობა ისტორიულად დაბალ დონეზე – 4.2%-ზე რჩება, თუმცა დასაქმების ტემპი მნიშვნელოვნად შენელდა – ივლისში 73 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, მაშინ როცა მოსალოდნელი რიცხვი 110 000 იყო. პაუელმა შრომის ბაზრის დღევანდელი მდგომარეობა “საინტერესოდ“ შეაფასა, რადგან ერთდროულად იკლებს როგორც სამუშაო ძალის მოთხოვნა, ასევე მიწოდება.
მეორეს მხრივ, ინფლაცია კვლავაც მცირედით აღემატება FED-ის 2%-იან მიზანს, ხოლო პრეზიდენტი ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები უახლოეს თვეებში ფასების დამატებით ზრდის საფრთხეს ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიებმა ჯერჯერობით ზარალის ნაწილი საკუთარ თავზე აიღეს, პაუელმა აღნიშნა, რომ უფრო მდგრადი ფასების ზრდა შესაძლოა უკვე წლის ბოლოსკენ გამოიკვეთოს.
პაუელმა ხაზი გაუსვა FED-ის „ორმაგ მანდატს“ – მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა. ივლისში განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა განსხვავებული აზრები, ხოლო პაუელმა მიანიშნა, რომ სექტემბრის შეხვედრამაც შესაძლოა დებატების ფონზე ჩაიაროს, რადგან ფედერალური რეზერვი განაკვეთის შემცირებასა და ინფლაციის რისკს შორის ბალანსს ეძებს.
ფინანსურმა ბაზრებმა პაუელის კომენტარები პოზიტიურად მიიღეს. ინვესტორებმა მისი განცხადებები სექტემბერში განაკვეთის შემცირების პირდაპირ მინიშნებად შეაფასეს. თუმცა ძირითადი მესიჯი უფრო ფრთხილი იყო: FED-ის არჩევანი კვლავ გაურკვეველია და ყოველი მომდევნო ნაბიჯი ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამოკიდებული.
პაუელის სიტყვას პოლიტიკური ელფერიც ჰქონდა. მისი უფლებამოსილების ვადა მომავალ წელს იწურება, ამასთანავე თეთრი სახლი FED-ის საბჭოში ახალ კანდიდატურებს აწინაურებს, რაც ანალიტიკოსების აზრით ინსტიტუტის მომავალ დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ აყენებს.
პაუელმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის ქმედებები მხოლოდ ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამყარებული და არა პოლიტიკურ ზეწოლაზე.
განხილულთაგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი შეეხებოდა ფედერალური რეზერვის განახლებულ სტრატეგიას. FED-მა უარი თქვა 2020 წელს მიღებულ „გამოსწორების სტრატეგიაზე“, რომელიც მიზნად ისახავდა ინფლაციის გარკვეული ხნით 2%-იან მაჩვენებელს ზემოთ შენარჩუნებას. ახალი მიდგომა ისევ ტრადიციულ ორიენტაციას უბრუნდება: მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობა. ეს ცვლილება ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებიდან გამომდინარეობს, როდესაც ინფლაცია ხშირად მაღალი იყო და ეკონომიკური ზრდა — მერყევი. შედეგად, პოლიტიკის შემქმნელ პირებს უფრო მკაფიო მიმართულებები მიეცათ მომავალი გადაწყვეტილებების მისაღებად.