როგორ გავიგოთ ბავშვების ემოციები სწორად
ვრცლად იხილეთ: როგორი რთულიც არ უნდა იყოს ამ აზრთან შეგუება, უნდა ვაღიაროთ – არ არსებობს იდეალური მშობელი და შეცდომებს, თუნდაც სულ მცირედს, ვერსად გავექცევით. ამის მიუხედავად, მუდმივად უნდა ვეცადოთ, მინიმუმამდე დავიყვანოთ ის პრობლემები, რომლებიც სხვადასხვა ასაკში ნებისმიერი მშობლისა და შვილის ურთიერთობაში იჩენს თავს. სწორედ ამ მიზნით Leo Institute-მა და თამაშობანამ ოჯახური სემინარის ჩატარება გადაწყვიტეს ამბასადორი კაჭრეთში. სამდღიანი სესიები მშობლებსა და შვილებს დაეხმარება, უკეთ გაერკვნენ საკუთარ ემოციებში და ეძებონ მათი სწორად გამოხატვის გზები.
შვილთან ურთიერთობის დროს, პირველი, ყველაზე სანდო და შეუცდომელი იარაღი ინტუიციაა. თითქოს ყოველთვის ხვდები იმ შფოთვებს, დაფარულ სურვილებსა თუ პრობლემებს, რაც შენს შვილს აწუხებს. თავისთავად, ბუნებრივად გრძნობ, როგორი სიტყვებით, ინტონაციითა თუ მიდგომით სჯობს ამა თუ იმ პრობლემასთან მუშაობა და გამოსავლის ძიება. ამ ინტუიციის მიუხედავად, ყოველთვის არის გარკვეული საკითხები და გარემოებები, როდესაც საჭირო ხდება სხვა, კომპეტენტური ადამიანების გამოცდილებების მოსმენა – სწავლა, თუ როგორ მართო ეს სიტუაციები და საუკეთესო გამოსავალი იპოვო როგორც შენი შვილისთვის, ისე საკუთარი თავისთვის. სწორედ ამის მნიშვნელობას უსვამს ხაზს თამაშობანას წარმომადგენელი და სემინარის ერთ-ერთი წამყვანი, ნინი ჩიქოვანიც.
,,ნებისმიერ ურთიერთობაში – იქნება ეს დედა-შვილის თუ სხვა, ყველაზე მნიშვნელოვანი სწორი კომუნიკაცია. ყველა სირთულე, რაც ცხოვრებაში გვაქვს, უმეტესად სწორედ კომუნიკაციის ნაკლებობითაა გამოწვეული. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არსებობს მსგავსი სემინარები და ვორქშოპები, რომლებიც დაგვეხმარება, კომუნიკაციის სწორი გზები ვიპოვოთ. სამომავლოდ კი, ეს უნარები არამხოლოდ ბავშვებთან ურთიერთობაში გამოგვადგება, არამედ ზოგადად, ცხოვრებაშიც.”
დღესდღეობით, მშობლებისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა შვილებთან დროის ხარისხიანად გატარებაა. ბავშვის სწორი განვითარებისთვის და სულიერი სიმშვიდისთვის, მნიშვნელოვანია, რომ არამხოლოდ დრო გამონახოთ მისთვის, არამედ ეს დრო ჯანსაღად და ხარისხიანად დახარჯოთ მასთან ერთად. როგორც ნინი აღნიშნავს, ყველაზე რთული შვილთან ურთიერთობის დროს, გაურკვეველი, სახელდაურქმეველი ემოციებია – განცდები, რომლებშიც ჯერ თავადაც არ არის გარკვეული და შესაბამისად, მშობელსაც უჭირს მისი მართვა და სწორი კომუნიკაცია.
,,ბავშვები ძალიან ემოციური არსებები არიან, რომლებსაც, დიდებისგან განსხვავებით, ჯერ არ აქვთ ნასწავლი საკუთარი ემოციების მართვა და პირდაპირ გამოხატავენ ყველაფერს. ხშირად, ამ ზღვა ემოციებთან გამკლავება მშობლებისთვისაც საკმაოდ რთულია – არ ვართ მზად, რომ შვილებისთვის ემოციური კონტეინერები ვიყოთ და დავიტიოთ მათი მოჭარბებული განცდები. სწორედ ამ მიზნით ტარდება ეს სემინარიც – დაეხმაროს ბავშვებს, სახელი დაარქვან საკუთარ ემოციებს და ამით მშობლებსაც გაუმარტივდეთ მათი გაგება.“
Leo Institute და თამაშობანა წლების განმავლობაში გეგმავდნენ მსგავსი სემინარის ჩატარებას. საბოლოოდ, ეს იდეა განახორცელდა და პირველი ოჯახური სემინარი ამბასადორი კაჭრეთის სივრცეში 12-14 ოქტომბერს გაიმართება სპეციალურად SOLO-ს მომხმარებლებისთვის. სემინარის სამი დღე სამ სხვადასხვა გრძნობას – შიშს, ბრაზსა და ბედნიერებას დაეთმობა. ბავშვები შეეცდებიან უკეთ გაერკვნენ ამ გრძნობებში, მშობლებს კი პროფესიონალები დაეხმარებიან ამ ემოციების სწორად დანახვასა და მიღებაში. სემინარის ფარგლებში დაგეგმილია ბევრი სხვადასხვა აქტივობა, მათ შორის ოჯახური, ინტერაქციული თამაშები. დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვით ბმულს, დარეგისტრირდეთ და შვილებთან ერთად შაბათ-კვირა ნაყოფიერად გაატაროთ.
სხვა სიახლეები
FED-ის მიერ განაკვეთის შემცირების მოლოდინი გაიზარდა
30.08.2025.12:00
ფედერალური რეზერვის ყოველწლიურ „ჯექსონ ჰოულის“ შეკრებაზე თავმჯდომარე ჯერომ პაუელის სიტყვით გამოსვლამ გაზარდა მოლოდინები, რომ „რისკების ცვალებადი ბალანსიდან“ გამომდინარე ცენტრალურმა ბანკმა შესაძლოა სექტემბერში საპროცენტო განაკვეთები შეამციროს.
განცხადებამ აქციებისა და ობლიგაციების ფასების ზრდა გამოიწვია – S&P 500 მაჩვენებელი დღიურად 1.63%-ით გაიზარდა, რაც მაისის შემდეგ ყველაზე დიდი დღიური ზრდაა, ხოლო სახაზინო ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში 10-წლიანი ობლიგაციის შემოსავლიანობა 7.5 საბაზო პუნქტით 4.256%-მდე, 2 წლიანი კი 10 საბაზო პუნქტით 3.69%-მდე შემცირდა.
ფედერალური რეზერვის თავმჯდომარემ, ჯერომ პაუელმა აღნიშნა, რომ აშშ-ის ეკონომიკური სურათი უჩვეულოდ ბუნდოვანია. ერთის მხრივ, უმუშევრობა ისტორიულად დაბალ დონეზე – 4.2%-ზე რჩება, თუმცა დასაქმების ტემპი მნიშვნელოვნად შენელდა – ივლისში 73 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, მაშინ როცა მოსალოდნელი რიცხვი 110 000 იყო. პაუელმა შრომის ბაზრის დღევანდელი მდგომარეობა “საინტერესოდ“ შეაფასა, რადგან ერთდროულად იკლებს როგორც სამუშაო ძალის მოთხოვნა, ასევე მიწოდება.
მეორეს მხრივ, ინფლაცია კვლავაც მცირედით აღემატება FED-ის 2%-იან მიზანს, ხოლო პრეზიდენტი ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები უახლოეს თვეებში ფასების დამატებით ზრდის საფრთხეს ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიებმა ჯერჯერობით ზარალის ნაწილი საკუთარ თავზე აიღეს, პაუელმა აღნიშნა, რომ უფრო მდგრადი ფასების ზრდა შესაძლოა უკვე წლის ბოლოსკენ გამოიკვეთოს.
პაუელმა ხაზი გაუსვა FED-ის „ორმაგ მანდატს“ – მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა. ივლისში განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა განსხვავებული აზრები, ხოლო პაუელმა მიანიშნა, რომ სექტემბრის შეხვედრამაც შესაძლოა დებატების ფონზე ჩაიაროს, რადგან ფედერალური რეზერვი განაკვეთის შემცირებასა და ინფლაციის რისკს შორის ბალანსს ეძებს.
ფინანსურმა ბაზრებმა პაუელის კომენტარები პოზიტიურად მიიღეს. ინვესტორებმა მისი განცხადებები სექტემბერში განაკვეთის შემცირების პირდაპირ მინიშნებად შეაფასეს. თუმცა ძირითადი მესიჯი უფრო ფრთხილი იყო: FED-ის არჩევანი კვლავ გაურკვეველია და ყოველი მომდევნო ნაბიჯი ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამოკიდებული.
პაუელის სიტყვას პოლიტიკური ელფერიც ჰქონდა. მისი უფლებამოსილების ვადა მომავალ წელს იწურება, ამასთანავე თეთრი სახლი FED-ის საბჭოში ახალ კანდიდატურებს აწინაურებს, რაც ანალიტიკოსების აზრით ინსტიტუტის მომავალ დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ აყენებს.
პაუელმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის ქმედებები მხოლოდ ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამყარებული და არა პოლიტიკურ ზეწოლაზე.
განხილულთაგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი შეეხებოდა ფედერალური რეზერვის განახლებულ სტრატეგიას. FED-მა უარი თქვა 2020 წელს მიღებულ „გამოსწორების სტრატეგიაზე“, რომელიც მიზნად ისახავდა ინფლაციის გარკვეული ხნით 2%-იან მაჩვენებელს ზემოთ შენარჩუნებას. ახალი მიდგომა ისევ ტრადიციულ ორიენტაციას უბრუნდება: მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობა. ეს ცვლილება ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებიდან გამომდინარეობს, როდესაც ინფლაცია ხშირად მაღალი იყო და ეკონომიკური ზრდა — მერყევი. შედეგად, პოლიტიკის შემქმნელ პირებს უფრო მკაფიო მიმართულებები მიეცათ მომავალი გადაწყვეტილებების მისაღებად.