სამი მიზეზი, რის გამოც მომხმარებელი QooQy Bakery-ს ირჩევს
QooQy Bakery / ქუქი ბეიქერი ყველა სეზონზე მოთხოვნადი ობიექტია, სადაც მომხმარებლებს მაღალი ხარისხის პროდუქტების დაგემოვნება სასურველ გარემოში შეუძლიათ და ამისთვის კომპანია მათ მაქსიმალურ კომფორტს სთავაზობს. როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი ილია გეფერიძე Busness Insider Georgia - თან ამბობს,
ბრენდის საქმიანობაში ყველა პერიოდი დატვირთულია, თუმცა შემოდგომა ერთ-ერთი ყველაზე აქტიური სეზონია.
ამასთან, ილია გეფერიძე საუბრობს რამდენიმე მიზეზზე, რაც მისი თქმით, ,,ქუქი ბეიქერის“ მიმართ მაღალ მოთხოვნას განაპირობებს.
,,პირველი, რის გამოც მომხმარებელი გვირჩევს, არის მაღალი ხარისხი, მეორეც - განსხვავებული მოდელები, რომელსაც სხვაგან ვერსად ნახავთ. მესამე და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი მაღალი ხარისხის სერვისია, რასაც მომხმარებელს ვთავაზობთ. რაც შეეხება გეგმას, გვინდა, რომ საკონდიტრო მიმართულება განვავითაროთ. სახლური ტორტების დამატებას ვგეგმავთ. დაახლოებით 1 წლის ვადაში ამ ყველაფრისთვის მზად ვიქნებით. ჩვენი მიზანია ,,ქუქი ბეიქერი“ გახდეს სექტორში ლიდერი კომპანია, რომელიც მომხმარებლებს მაღალი ხარისხისა და გემოვნური თვისებებით გამორჩეულ პროდუქციას შესთავაზებს. მომავალ წელს უკვე 10 ფილიალით ვიქნებით წარმოდგენილი. შესაბამისად, დასაქმებულების რაოდენობაც გაორმაგდება" - ამბობს ილია გეფერიძე.
მისი ინფორმაციით, ნედლეულის ძირითადი მომწოდებელი იტალია და საფრანგეთია, რომელთანაც „,ქუქი ბეიქერს" პირდაპირი კონტაქტი აქვს. კომპანია ამ დროისთვის 50-მდე სახეობის საკონდიტრო პროდუქციას, მათ შორის ორცხობილებს აწარმოებს.
,,ქუქი ბეიქერის“ პირველი ფილიალი თბილისში 2021 წლის 17 ივლისს გაიხსნა.
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
სხვა სიახლეები
FED-ის მიერ განაკვეთის შემცირების მოლოდინი გაიზარდა
30.08.2025.12:00
ფედერალური რეზერვის ყოველწლიურ „ჯექსონ ჰოულის“ შეკრებაზე თავმჯდომარე ჯერომ პაუელის სიტყვით გამოსვლამ გაზარდა მოლოდინები, რომ „რისკების ცვალებადი ბალანსიდან“ გამომდინარე ცენტრალურმა ბანკმა შესაძლოა სექტემბერში საპროცენტო განაკვეთები შეამციროს.
განცხადებამ აქციებისა და ობლიგაციების ფასების ზრდა გამოიწვია – S&P 500 მაჩვენებელი დღიურად 1.63%-ით გაიზარდა, რაც მაისის შემდეგ ყველაზე დიდი დღიური ზრდაა, ხოლო სახაზინო ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში 10-წლიანი ობლიგაციის შემოსავლიანობა 7.5 საბაზო პუნქტით 4.256%-მდე, 2 წლიანი კი 10 საბაზო პუნქტით 3.69%-მდე შემცირდა.
ფედერალური რეზერვის თავმჯდომარემ, ჯერომ პაუელმა აღნიშნა, რომ აშშ-ის ეკონომიკური სურათი უჩვეულოდ ბუნდოვანია. ერთის მხრივ, უმუშევრობა ისტორიულად დაბალ დონეზე – 4.2%-ზე რჩება, თუმცა დასაქმების ტემპი მნიშვნელოვნად შენელდა – ივლისში 73 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, მაშინ როცა მოსალოდნელი რიცხვი 110 000 იყო. პაუელმა შრომის ბაზრის დღევანდელი მდგომარეობა “საინტერესოდ“ შეაფასა, რადგან ერთდროულად იკლებს როგორც სამუშაო ძალის მოთხოვნა, ასევე მიწოდება.
მეორეს მხრივ, ინფლაცია კვლავაც მცირედით აღემატება FED-ის 2%-იან მიზანს, ხოლო პრეზიდენტი ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები უახლოეს თვეებში ფასების დამატებით ზრდის საფრთხეს ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიებმა ჯერჯერობით ზარალის ნაწილი საკუთარ თავზე აიღეს, პაუელმა აღნიშნა, რომ უფრო მდგრადი ფასების ზრდა შესაძლოა უკვე წლის ბოლოსკენ გამოიკვეთოს.
პაუელმა ხაზი გაუსვა FED-ის „ორმაგ მანდატს“ – მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა. ივლისში განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა განსხვავებული აზრები, ხოლო პაუელმა მიანიშნა, რომ სექტემბრის შეხვედრამაც შესაძლოა დებატების ფონზე ჩაიაროს, რადგან ფედერალური რეზერვი განაკვეთის შემცირებასა და ინფლაციის რისკს შორის ბალანსს ეძებს.
ფინანსურმა ბაზრებმა პაუელის კომენტარები პოზიტიურად მიიღეს. ინვესტორებმა მისი განცხადებები სექტემბერში განაკვეთის შემცირების პირდაპირ მინიშნებად შეაფასეს. თუმცა ძირითადი მესიჯი უფრო ფრთხილი იყო: FED-ის არჩევანი კვლავ გაურკვეველია და ყოველი მომდევნო ნაბიჯი ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამოკიდებული.
პაუელის სიტყვას პოლიტიკური ელფერიც ჰქონდა. მისი უფლებამოსილების ვადა მომავალ წელს იწურება, ამასთანავე თეთრი სახლი FED-ის საბჭოში ახალ კანდიდატურებს აწინაურებს, რაც ანალიტიკოსების აზრით ინსტიტუტის მომავალ დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ აყენებს.
პაუელმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის ქმედებები მხოლოდ ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამყარებული და არა პოლიტიკურ ზეწოლაზე.
განხილულთაგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი შეეხებოდა ფედერალური რეზერვის განახლებულ სტრატეგიას. FED-მა უარი თქვა 2020 წელს მიღებულ „გამოსწორების სტრატეგიაზე“, რომელიც მიზნად ისახავდა ინფლაციის გარკვეული ხნით 2%-იან მაჩვენებელს ზემოთ შენარჩუნებას. ახალი მიდგომა ისევ ტრადიციულ ორიენტაციას უბრუნდება: მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობა. ეს ცვლილება ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებიდან გამომდინარეობს, როდესაც ინფლაცია ხშირად მაღალი იყო და ეკონომიკური ზრდა — მერყევი. შედეგად, პოლიტიკის შემქმნელ პირებს უფრო მკაფიო მიმართულებები მიეცათ მომავალი გადაწყვეტილებების მისაღებად.