სამი მიზეზი, თუ რატომ უნდა ესტუმროთ ,,კარდანახის მამულს“
,,კარდანახის მამულის“ ტურისტული კომპლექსი სხვადასხვა მიმართულებას აერთიანებს, მათ შორის, სასტუმროს და ღვინის წარმოებას, რაც ბუნებაში დასვენების მსურველებისთვის საუკეთესო ადგილია.
როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი ნინა ქოჩიაშვილი Business Insider Georgia - თან ამბობს, ტურისტული კომპლექსი აქტუალურობას არ კარგავს შემოდგომაზეც და სეზონზე კულინარული დეგუსტაციებით და სხვადასხვა ღონისძიებით ტურისტებისთვის უნიკალურ სივრცეს ქმნის.
,,მომხმარებელს უკვე ვთავაზობთ ძალიან საინტერესო კონცეპტს, რაც დღეს ბაზარზე იშვიათობაა. ჩვენს სტუმრებს იდეალური პირობები აქვთ იმისთვის, რომ დაისვენონ მშვიდ გარემოში, იმოგზაურონ ისტორიულ ქიზიყში, დატკბნენ საოცარი ხედებით და მიირთვან საუკეთესო ნატურალური ღვინო. იმისთვის, რომ შემოდგომა უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გახდეს, მომხმარებელს ვთავაზობთ ღვინის დეგუსტაციას (ჯგუფში მაქსიმუმ 14 ადამიანი), რომელიც მოიცავს მოკლე ისტორიას სოფელ კარდანახის და ,,კარდანახის მამულის“ შესახებ, 4-5 სახეობის ღვინის დაგემოვნებას და ტექნოლოგიურ აღწერას; სადილს მამულში; სურვილისამებრ ჩურჩხელის ამოვლებას; ფოტო გადაღებას ტერასიდან, საიდანაც არაჩვეულებრივი ხედები იშლება კავკასიონზე და ალაზნის ველზე და ბოლოს, კომფორტულ განთავსებას. თამამად შემიძლია თქმა, რომ ფაქტორები, რის გამოც უნდა გააკეთონ ჩვენს ობიექტზე არჩევანი, საკმაოდ მიმზიდველი და საინტერესოა, ეს არის სიმშვიდე, ავთენტური გარემო და საუკეთესო ღვინო, რაც გულგრილს არავის ტოვებს“, - აცხადებს ნინა ქოჩიაშვილი.
ცნობისთვის, ,,კარდანახის მამული“ თბილისიდან არცთუ ისე შორს, 100 კილომეტრში მდებარეობს. საოჯახო მარანი მე-19 საუკუნის შენობაში ფუნქციონირებს. წინა თაობის ტრადიცია 100 წლის შემდეგ ახლებურად გრძელდება და ვითარდება.
,,კარდანახის მამულის” დაფუძნდა 2020 წელს, როცა მარნის მეპატრონეებმა გადაწყვიტეს, იმ დროისთვის არსებული სასოფლო-სამეურნეო ბიზნესისა და ჰორეკას გაერთიანება.
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
სხვა სიახლეები
FED-ის მიერ განაკვეთის შემცირების მოლოდინი გაიზარდა
30.08.2025.12:00
ფედერალური რეზერვის ყოველწლიურ „ჯექსონ ჰოულის“ შეკრებაზე თავმჯდომარე ჯერომ პაუელის სიტყვით გამოსვლამ გაზარდა მოლოდინები, რომ „რისკების ცვალებადი ბალანსიდან“ გამომდინარე ცენტრალურმა ბანკმა შესაძლოა სექტემბერში საპროცენტო განაკვეთები შეამციროს.
განცხადებამ აქციებისა და ობლიგაციების ფასების ზრდა გამოიწვია – S&P 500 მაჩვენებელი დღიურად 1.63%-ით გაიზარდა, რაც მაისის შემდეგ ყველაზე დიდი დღიური ზრდაა, ხოლო სახაზინო ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში 10-წლიანი ობლიგაციის შემოსავლიანობა 7.5 საბაზო პუნქტით 4.256%-მდე, 2 წლიანი კი 10 საბაზო პუნქტით 3.69%-მდე შემცირდა.
ფედერალური რეზერვის თავმჯდომარემ, ჯერომ პაუელმა აღნიშნა, რომ აშშ-ის ეკონომიკური სურათი უჩვეულოდ ბუნდოვანია. ერთის მხრივ, უმუშევრობა ისტორიულად დაბალ დონეზე – 4.2%-ზე რჩება, თუმცა დასაქმების ტემპი მნიშვნელოვნად შენელდა – ივლისში 73 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, მაშინ როცა მოსალოდნელი რიცხვი 110 000 იყო. პაუელმა შრომის ბაზრის დღევანდელი მდგომარეობა “საინტერესოდ“ შეაფასა, რადგან ერთდროულად იკლებს როგორც სამუშაო ძალის მოთხოვნა, ასევე მიწოდება.
მეორეს მხრივ, ინფლაცია კვლავაც მცირედით აღემატება FED-ის 2%-იან მიზანს, ხოლო პრეზიდენტი ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები უახლოეს თვეებში ფასების დამატებით ზრდის საფრთხეს ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიებმა ჯერჯერობით ზარალის ნაწილი საკუთარ თავზე აიღეს, პაუელმა აღნიშნა, რომ უფრო მდგრადი ფასების ზრდა შესაძლოა უკვე წლის ბოლოსკენ გამოიკვეთოს.
პაუელმა ხაზი გაუსვა FED-ის „ორმაგ მანდატს“ – მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა. ივლისში განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა განსხვავებული აზრები, ხოლო პაუელმა მიანიშნა, რომ სექტემბრის შეხვედრამაც შესაძლოა დებატების ფონზე ჩაიაროს, რადგან ფედერალური რეზერვი განაკვეთის შემცირებასა და ინფლაციის რისკს შორის ბალანსს ეძებს.
ფინანსურმა ბაზრებმა პაუელის კომენტარები პოზიტიურად მიიღეს. ინვესტორებმა მისი განცხადებები სექტემბერში განაკვეთის შემცირების პირდაპირ მინიშნებად შეაფასეს. თუმცა ძირითადი მესიჯი უფრო ფრთხილი იყო: FED-ის არჩევანი კვლავ გაურკვეველია და ყოველი მომდევნო ნაბიჯი ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამოკიდებული.
პაუელის სიტყვას პოლიტიკური ელფერიც ჰქონდა. მისი უფლებამოსილების ვადა მომავალ წელს იწურება, ამასთანავე თეთრი სახლი FED-ის საბჭოში ახალ კანდიდატურებს აწინაურებს, რაც ანალიტიკოსების აზრით ინსტიტუტის მომავალ დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ აყენებს.
პაუელმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის ქმედებები მხოლოდ ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამყარებული და არა პოლიტიკურ ზეწოლაზე.
განხილულთაგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი შეეხებოდა ფედერალური რეზერვის განახლებულ სტრატეგიას. FED-მა უარი თქვა 2020 წელს მიღებულ „გამოსწორების სტრატეგიაზე“, რომელიც მიზნად ისახავდა ინფლაციის გარკვეული ხნით 2%-იან მაჩვენებელს ზემოთ შენარჩუნებას. ახალი მიდგომა ისევ ტრადიციულ ორიენტაციას უბრუნდება: მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობა. ეს ცვლილება ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებიდან გამომდინარეობს, როდესაც ინფლაცია ხშირად მაღალი იყო და ეკონომიკური ზრდა — მერყევი. შედეგად, პოლიტიკის შემქმნელ პირებს უფრო მკაფიო მიმართულებები მიეცათ მომავალი გადაწყვეტილებების მისაღებად.