T-Online: ევროპის საიდუმლო მარგალიტი კავკასიაში - რატომ უნდა ეწვიოთ აუცილებლად საქართველოს
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, წამყვანი გერმანული მედიაპლატფორმა T-Online საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს. გამოცემა მკითხველს თბილისს, ბათუმს, საქართველოს ბუნებას, ღვინოსა და სამზარეულოს აცნობს.
„ჯადოსნური მთები, უძველესი ვენახები, თბილი ხალხი, რომელიც თითოეულ სტუმარს ესალმება ისე, თითქოს ოჯახის წევრი იყოს. საქართველო თავგადასავლებით, ემოციებითა და დაუვიწყარი მომენტებით სავსე ქვეყანაა. მზად ხართ აღმოაჩინოთ ევროპის ყველაზე ლამაზი საიდუმლო?“ - წერს T-Online-ის ჟურნალისტი, რომელიც მკითხველს საქართველოში მოგზაურობისკენ მოუწოდებს.
„წარმოიდგინეთ, დილით კავკასიონის მწვერვალზე დგახართ. მზე ნელ-ნელა ამოდის და მთებს ვარდისფერ და ოქროსფერ ელფერს ჰფენს, ხეობები კი ცისფერ ნისლში იძირება. შორიდან ეკლესიის ზარის ხმას ისმენთ, ხოლო დედაქალაქის ვიწრო ქუჩებში უკვე ტრიალებს ახალგამომცხვარი პურის სურნელი, რომელიც ოჯახური რეცეპტით მომზადდა. რამდენიმე საათში კი ვენახში, უცნობ ადამიანებთან ერთად, ღვინის ჭიქით ხელში თავს ისე გრძნობთ, თითქოს ამ ადგილის ნაწილი ხართ“ - წერს T-Online.
სტატიაში აღწერილია მთები, სვანეთი, სოფელი უშგული, ასევე ზღვის სანაპიროები.
„საქართველოში ბუნება თავის სრულყოფილ სილამაზეს წარმოგვიდგენს: თოვლით დაფარული მწვერვალები, მწვანე ველები და სწრაფი მდინარეები, ყვავილებით მოფენილი მინდვრები, რომლებიც ზღაპრულ პეიზაჟს ჰგავს. როცა ნელ-ნელა კავკასიონის მაღალი მწვერვალებიდან შავი ზღვისკენ მიემგზავრები, ლანდშაფტი თანდათან იცვლება – ცივ კლიმატს ანაცვლებს თბილი სუბტროპიკული ბაღები და ფართო სანაპირო ზოლები. საქართველოს ბუნების სილამაზის შესაგრძნობად განსაკუთრებული ადგილია უშგული, რომელიც ზღვის დონიდან 2,100 მეტრზე მდებარეობს და ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე მაღალმთიან მუდმივად დასახლებულ ტერიტორიად ითვლება. აქ საუკუნეების წინ აშენებული ქვის სახლები და თავდაცვითი კოშკები გარშემორტყმულია თვალწარმტაცი მთებით. ეს ჯადოსნური ადგილი UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შესული“ – წერს T-Online, რომელიც მკითხველს აცნობს ქართულ სუფრას, კერძებსა და ღვინოს.
„საღამოა საქართველოში, თქვენ ზიხართ ტრადიციულ სუფრასთან, მალე ხვდებით, რომ აქ სტუმრებს არა მხოლოდ თბილად ხვდებიან, არამედ მაშინვე მეგობრებად აქცევენ. საქართველო განსაკუთრებით ცნობილია ღვინის წარმოების გამორჩეული ტრადიციით, ამ უძველეს ტრადიციას იუნესკომაც მიანიჭა აღიარება-საქართველო სიურპრიზებითა და კონტრასტებით სავსე ქვეყანაა, ყველაზე მეტად დასამახსოვრებელია თბილი ადამიანები, მათი ლეგენდარული სტუმართმოყვარეობა, გემრიელი სამზარეულო და ღვინის უძველესი ტრადიცია, რომლებიც საქართველოს უნიკალურს ხდის“,-წერს გამოცემის ჟურნალისტი.
სტატია შემდეგი ფრაზით სრულდება:
„თუ ეძებთ ადგილს, რომელიც გულში ჩაგრჩებათ, მაშინ საქართველოს ეწვიეთ. ბუნება, რომელიც გულს გითბობთ, სუფრა, რომელიც სიყვარულით ივსება, და ხალხი, რომელსაც თქვენთვის გული ყოველთვის ღია აქვს – ეს არის საქართველო“.
T-Online-ს ყოველთვიურად 30 მილიონამდე უნიკალური ვიზიტორი ჰყავს. გერმანიის გარდა გამოცემას მკითხველები ჰყავს ავსტრიასა და შვეიცარიაში.
სხვა სიახლეები
FED-ის მიერ განაკვეთის შემცირების მოლოდინი გაიზარდა
30.08.2025.12:00
ფედერალური რეზერვის ყოველწლიურ „ჯექსონ ჰოულის“ შეკრებაზე თავმჯდომარე ჯერომ პაუელის სიტყვით გამოსვლამ გაზარდა მოლოდინები, რომ „რისკების ცვალებადი ბალანსიდან“ გამომდინარე ცენტრალურმა ბანკმა შესაძლოა სექტემბერში საპროცენტო განაკვეთები შეამციროს.
განცხადებამ აქციებისა და ობლიგაციების ფასების ზრდა გამოიწვია – S&P 500 მაჩვენებელი დღიურად 1.63%-ით გაიზარდა, რაც მაისის შემდეგ ყველაზე დიდი დღიური ზრდაა, ხოლო სახაზინო ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში 10-წლიანი ობლიგაციის შემოსავლიანობა 7.5 საბაზო პუნქტით 4.256%-მდე, 2 წლიანი კი 10 საბაზო პუნქტით 3.69%-მდე შემცირდა.
ფედერალური რეზერვის თავმჯდომარემ, ჯერომ პაუელმა აღნიშნა, რომ აშშ-ის ეკონომიკური სურათი უჩვეულოდ ბუნდოვანია. ერთის მხრივ, უმუშევრობა ისტორიულად დაბალ დონეზე – 4.2%-ზე რჩება, თუმცა დასაქმების ტემპი მნიშვნელოვნად შენელდა – ივლისში 73 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, მაშინ როცა მოსალოდნელი რიცხვი 110 000 იყო. პაუელმა შრომის ბაზრის დღევანდელი მდგომარეობა “საინტერესოდ“ შეაფასა, რადგან ერთდროულად იკლებს როგორც სამუშაო ძალის მოთხოვნა, ასევე მიწოდება.
მეორეს მხრივ, ინფლაცია კვლავაც მცირედით აღემატება FED-ის 2%-იან მიზანს, ხოლო პრეზიდენტი ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები უახლოეს თვეებში ფასების დამატებით ზრდის საფრთხეს ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიებმა ჯერჯერობით ზარალის ნაწილი საკუთარ თავზე აიღეს, პაუელმა აღნიშნა, რომ უფრო მდგრადი ფასების ზრდა შესაძლოა უკვე წლის ბოლოსკენ გამოიკვეთოს.
პაუელმა ხაზი გაუსვა FED-ის „ორმაგ მანდატს“ – მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა. ივლისში განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა განსხვავებული აზრები, ხოლო პაუელმა მიანიშნა, რომ სექტემბრის შეხვედრამაც შესაძლოა დებატების ფონზე ჩაიაროს, რადგან ფედერალური რეზერვი განაკვეთის შემცირებასა და ინფლაციის რისკს შორის ბალანსს ეძებს.
ფინანსურმა ბაზრებმა პაუელის კომენტარები პოზიტიურად მიიღეს. ინვესტორებმა მისი განცხადებები სექტემბერში განაკვეთის შემცირების პირდაპირ მინიშნებად შეაფასეს. თუმცა ძირითადი მესიჯი უფრო ფრთხილი იყო: FED-ის არჩევანი კვლავ გაურკვეველია და ყოველი მომდევნო ნაბიჯი ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამოკიდებული.
პაუელის სიტყვას პოლიტიკური ელფერიც ჰქონდა. მისი უფლებამოსილების ვადა მომავალ წელს იწურება, ამასთანავე თეთრი სახლი FED-ის საბჭოში ახალ კანდიდატურებს აწინაურებს, რაც ანალიტიკოსების აზრით ინსტიტუტის მომავალ დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ აყენებს.
პაუელმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის ქმედებები მხოლოდ ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამყარებული და არა პოლიტიკურ ზეწოლაზე.
განხილულთაგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი შეეხებოდა ფედერალური რეზერვის განახლებულ სტრატეგიას. FED-მა უარი თქვა 2020 წელს მიღებულ „გამოსწორების სტრატეგიაზე“, რომელიც მიზნად ისახავდა ინფლაციის გარკვეული ხნით 2%-იან მაჩვენებელს ზემოთ შენარჩუნებას. ახალი მიდგომა ისევ ტრადიციულ ორიენტაციას უბრუნდება: მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობა. ეს ცვლილება ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებიდან გამომდინარეობს, როდესაც ინფლაცია ხშირად მაღალი იყო და ეკონომიკური ზრდა — მერყევი. შედეგად, პოლიტიკის შემქმნელ პირებს უფრო მკაფიო მიმართულებები მიეცათ მომავალი გადაწყვეტილებების მისაღებად.