Trump Media (DJT)-ს აქციების ფასი პრემარკეტზე 30%-ით გაიზარდა
გიზიარებთ ბლოგს: Trump Media & Technology Group (DJT)-ის აქციების ფასი პრემარკეტული ვაჭრობისას 30%-ით გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანიის აქციების ღირებულებამ ჯერ კიდევ ბაზრის გახსნამდე იმატა. ეს შესაძლოა სხვადასხვა ფაქტორით გამოწვეული მოვლენა იყოს და მას საფუძვლად დადებითი სიახლეები, განცხადებები თუ კომპანიის სამომავლო საქმიანობის შესახებ გარკვეული მოსაზრებები ედოს.
როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, ზრდა ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის არჩევნებში ხელახლა გამარჯვების მოლოდინს უკავშირდებოდა. წინასაარჩევნო სეზონის განმავლობაში, თავად ტრამპის რეიტინგის ცვალებადობის მიხედვით, იცვლებოდა მედია კომპანიისკენ მიმართული ფოკუსიც.
უშუალოდ არჩევნების დღეს Trump Media & Technology Group (DJT)-ის აქციებით ვაჭრობა მაღალი ცვალებადობით გამოწვეული ფასების სწრაფი კორექტირებების გამო სამჯერ შეჩერდა. ამის შემდეგ, კომპანიამ მალევე საკუთარი მესამე კვარტლის ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც $1 მილიონის შემოსავალი და $19 მილიონზე მეტის წმინდა ზარალი დააფიქსირა. თუმცა მსგავსად მაღალი ზარალის ფონზეც კი, აქციების ფასი ზრდას არ წყვეტდა, რამაც ტრამპის მფლობელობაში არსებული მედია კომპანიის მიმართ გამოჩენილი განსაკუთრებული ინტერესი დაადასტურა.
როგორც Trump Media & Technology Group (DJT)-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დევინ ნუნესმა განაცხადა, ამჟამად კომპანია ზრდის საკუთარ შესაძლებლობებს, მათ შორის განიხილავს პოტენციურ თანამშრომლობებს კომპანიებთან, რომელთაც შეუძლიათ, ისარგებლონ Trump Media-ს ტექნოლოგიითა და ბრენდინგით, მათ შორის ფინტექ სექტორში.
Trump Media & Technology Group (DJT)-ის აქციების შეძენას შეძლებ აქ.
*გაითვალისწინე, რომ ეს არ არის ფინანსური რჩევა.
სხვა სიახლეები
FED-ის მიერ განაკვეთის შემცირების მოლოდინი გაიზარდა
30.08.2025.12:00
ფედერალური რეზერვის ყოველწლიურ „ჯექსონ ჰოულის“ შეკრებაზე თავმჯდომარე ჯერომ პაუელის სიტყვით გამოსვლამ გაზარდა მოლოდინები, რომ „რისკების ცვალებადი ბალანსიდან“ გამომდინარე ცენტრალურმა ბანკმა შესაძლოა სექტემბერში საპროცენტო განაკვეთები შეამციროს.
განცხადებამ აქციებისა და ობლიგაციების ფასების ზრდა გამოიწვია – S&P 500 მაჩვენებელი დღიურად 1.63%-ით გაიზარდა, რაც მაისის შემდეგ ყველაზე დიდი დღიური ზრდაა, ხოლო სახაზინო ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში 10-წლიანი ობლიგაციის შემოსავლიანობა 7.5 საბაზო პუნქტით 4.256%-მდე, 2 წლიანი კი 10 საბაზო პუნქტით 3.69%-მდე შემცირდა.
ფედერალური რეზერვის თავმჯდომარემ, ჯერომ პაუელმა აღნიშნა, რომ აშშ-ის ეკონომიკური სურათი უჩვეულოდ ბუნდოვანია. ერთის მხრივ, უმუშევრობა ისტორიულად დაბალ დონეზე – 4.2%-ზე რჩება, თუმცა დასაქმების ტემპი მნიშვნელოვნად შენელდა – ივლისში 73 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, მაშინ როცა მოსალოდნელი რიცხვი 110 000 იყო. პაუელმა შრომის ბაზრის დღევანდელი მდგომარეობა “საინტერესოდ“ შეაფასა, რადგან ერთდროულად იკლებს როგორც სამუშაო ძალის მოთხოვნა, ასევე მიწოდება.
მეორეს მხრივ, ინფლაცია კვლავაც მცირედით აღემატება FED-ის 2%-იან მიზანს, ხოლო პრეზიდენტი ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები უახლოეს თვეებში ფასების დამატებით ზრდის საფრთხეს ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიებმა ჯერჯერობით ზარალის ნაწილი საკუთარ თავზე აიღეს, პაუელმა აღნიშნა, რომ უფრო მდგრადი ფასების ზრდა შესაძლოა უკვე წლის ბოლოსკენ გამოიკვეთოს.
პაუელმა ხაზი გაუსვა FED-ის „ორმაგ მანდატს“ – მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა. ივლისში განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა განსხვავებული აზრები, ხოლო პაუელმა მიანიშნა, რომ სექტემბრის შეხვედრამაც შესაძლოა დებატების ფონზე ჩაიაროს, რადგან ფედერალური რეზერვი განაკვეთის შემცირებასა და ინფლაციის რისკს შორის ბალანსს ეძებს.
ფინანსურმა ბაზრებმა პაუელის კომენტარები პოზიტიურად მიიღეს. ინვესტორებმა მისი განცხადებები სექტემბერში განაკვეთის შემცირების პირდაპირ მინიშნებად შეაფასეს. თუმცა ძირითადი მესიჯი უფრო ფრთხილი იყო: FED-ის არჩევანი კვლავ გაურკვეველია და ყოველი მომდევნო ნაბიჯი ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამოკიდებული.
პაუელის სიტყვას პოლიტიკური ელფერიც ჰქონდა. მისი უფლებამოსილების ვადა მომავალ წელს იწურება, ამასთანავე თეთრი სახლი FED-ის საბჭოში ახალ კანდიდატურებს აწინაურებს, რაც ანალიტიკოსების აზრით ინსტიტუტის მომავალ დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ აყენებს.
პაუელმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის ქმედებები მხოლოდ ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამყარებული და არა პოლიტიკურ ზეწოლაზე.
განხილულთაგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი შეეხებოდა ფედერალური რეზერვის განახლებულ სტრატეგიას. FED-მა უარი თქვა 2020 წელს მიღებულ „გამოსწორების სტრატეგიაზე“, რომელიც მიზნად ისახავდა ინფლაციის გარკვეული ხნით 2%-იან მაჩვენებელს ზემოთ შენარჩუნებას. ახალი მიდგომა ისევ ტრადიციულ ორიენტაციას უბრუნდება: მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობა. ეს ცვლილება ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებიდან გამომდინარეობს, როდესაც ინფლაცია ხშირად მაღალი იყო და ეკონომიკური ზრდა — მერყევი. შედეგად, პოლიტიკის შემქმნელ პირებს უფრო მკაფიო მიმართულებები მიეცათ მომავალი გადაწყვეტილებების მისაღებად.