უნიკალური საკონდიტრო მიმართულება ჩვენი მენიუს ერთ-ერთი ღირებულებაა - ,,ბარბარესთან"
მეცხრამეტე საუკუნის თბილისურ გემოებში მოგზაურობა თუ გსურთ, მაშინ რესტორან ,,ბარბარესთან" უნდა ეწვიოთ. გემოების საოცარი კომბინაციებით შექმნილი მენიუ დიდ ინტერესს იწვევს როგორც უცხოელ ტურისტებში, ასევე ქართველებში, რომლებსაც შესაძლებლობა აქვთ გარდასული ეპოქის სურნელი და გემო შეიგრძნონ, გაიცნონ ბარბარე ჯორჯაძის უნიკალური კულინარია, რომელიც მისი სახელობის რესტორანში თანამედროვე გასტრონომიული ტექნიკის გამოყენებით და რაც მთავარია, ცინცხალი პროდუქტებით იქმნება.
როგორც ვიცით, რესტორნის ისტორია 2014 წელს დაიწყო - იდეით, რომელსაც ერთმა შემთხვევამ უბიძგა, როცა ქურასბედიანების მრავალშვილიანი ოჯახის ხელში ბარბარე ჯორჯაძის მიერ მეცხრამეტე საუკუნეში დაწერილი წიგნი „სრული სამზარეულო“ აღმოჩნდა.
ამ წიგნით ბარბარე ჯორჯაძემ გასტრონომიული, სტუმარ-მასპინძლობის სისტემური ცოდნა შემოიტანა და გადასცა თაობებს, რომელსაც დღეს რესტორანი ,,ბარბარესთან" გვიზიარებს.
რესტორნის კონცეფციაზე და ნიშაზე Business Insider Georgia სულ ცოტა ხნის წინ წერდა. ამ ეტაპზე გაგაცნობთ მენიუს ნაწილს, რომლის დაგემოვნებაც ,,ბარბარესთან" სტუმრობისას არის შესაძლებელი.
რესტორნის გენერალური მენეჯერის ანდრია ქურასბედიანის ინფორმაციით, გასული 8 წლის განმავლობაში 807 რეცეპტიდან აღდგენილი და გაცოცხლებულია 350- ზე მეტი. მენიუს განვითარებაზე, იდეაზე, ხარისხზე მუშაობს ოჯახის დიასახლისი ქალბატონო მაკა ჯიბუტი, რომელიც აქტიურად არის შეფებთან ჩართული ახალი რეცეპტების შექმნასა და ინსპირაციაში.
,,რესტორანს აქვს უნიკალური საკონდიტრო მიმართულება, რაც ჩვენი მენიუს ერთ-ერთი ღირებულებაა, სააღდგომოდ ვამზადებთ ბარბარე ჯორჯაძის უნიკალური რეცეპტით სველ, მძიმე ტრადიციულ პასქებს, ხოლო ყოველდღიურად შეგიძლიათ წინასწარი შეუკვეთოთ და დააგემოვნოთ უნიკალური ტორტი: „ბეზე ნუშისა ვარდით“. მიმდინარე მენიუში შეფებმა დავით ნარიმანაშვილმა და მაკა ჯიბუტიმ იმუშავეს და შექმნეს ძალიან საინტერესო კერძები, როგორიცაა „ჩემქვა“ და ბატკანი რძეში. კალმახის თილიმა, თუთმაჯი, ინდოურის საცივი, სუკი კახური, გირჩის დესერტი და სხვა.
რესტორნის მენიუზე, რეცეპტებზე მუშაობდნენ შეფები ლევან კობიაშვილი და გიორგი სარაჯიშვილი. ამ ეტაპზე კი შეფ დავით ნარიმანიშვილთან ვთანამშრომლობთ, რომელიც ძალიან დიდი გამოცდილებით, განათლებით და საერთაშორისო კულინარიული ცოდნით გამოირჩევა. მისი გამოცდილება დიდ დახმარებას გვიწევს ქართული გასტრონომიის განვითარებაში" - ამბობს ანდრია ქურასბედიანი Business Insider Georgia -თან.
გარდა საინტერესო და უნიკალური გასტრონომიისა, ,,ბარბარესთან" მომხმარებლებს შეუძლიათ გაიცნონ მე- 19 საუკუნის თბილისის ღირებულებები, ქართული და ევროპული ტრადიციის სალონური კულტურის შერწყმის იშვიათი ნიმუშები, რაც აქაურობას განსაკუთრებულ ხიბლს ანიჭებს.
ცნობისთვის, მე-19 საუკუნის საზოგადო მოღვაწე, ლექსების, პიესების, მოთხრობების ავტორი, ქალთა უფლებების აქტიური დამცველი და ოჯახის დედა, კნეინა ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძე, ზედმიწევნით ითვალისწინებს თავის თანამედროვე დროსა და გარემოს და ზუსტად გათვლილი დეტალებით, პრაქტიკული რჩევებითა და საკუთარი გამოცდილების გაზიარებით, დიასახლისებს ოჯახის გაძლიერებისკენ მოუწოდებს, რაც, პირველ რიგში, პროდუქტების ხარისხზე და სიჯანსაღეზე გადის.
სხვა სიახლეები
FED-ის მიერ განაკვეთის შემცირების მოლოდინი გაიზარდა
30.08.2025.12:00
ფედერალური რეზერვის ყოველწლიურ „ჯექსონ ჰოულის“ შეკრებაზე თავმჯდომარე ჯერომ პაუელის სიტყვით გამოსვლამ გაზარდა მოლოდინები, რომ „რისკების ცვალებადი ბალანსიდან“ გამომდინარე ცენტრალურმა ბანკმა შესაძლოა სექტემბერში საპროცენტო განაკვეთები შეამციროს.
განცხადებამ აქციებისა და ობლიგაციების ფასების ზრდა გამოიწვია – S&P 500 მაჩვენებელი დღიურად 1.63%-ით გაიზარდა, რაც მაისის შემდეგ ყველაზე დიდი დღიური ზრდაა, ხოლო სახაზინო ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში 10-წლიანი ობლიგაციის შემოსავლიანობა 7.5 საბაზო პუნქტით 4.256%-მდე, 2 წლიანი კი 10 საბაზო პუნქტით 3.69%-მდე შემცირდა.
ფედერალური რეზერვის თავმჯდომარემ, ჯერომ პაუელმა აღნიშნა, რომ აშშ-ის ეკონომიკური სურათი უჩვეულოდ ბუნდოვანია. ერთის მხრივ, უმუშევრობა ისტორიულად დაბალ დონეზე – 4.2%-ზე რჩება, თუმცა დასაქმების ტემპი მნიშვნელოვნად შენელდა – ივლისში 73 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, მაშინ როცა მოსალოდნელი რიცხვი 110 000 იყო. პაუელმა შრომის ბაზრის დღევანდელი მდგომარეობა “საინტერესოდ“ შეაფასა, რადგან ერთდროულად იკლებს როგორც სამუშაო ძალის მოთხოვნა, ასევე მიწოდება.
მეორეს მხრივ, ინფლაცია კვლავაც მცირედით აღემატება FED-ის 2%-იან მიზანს, ხოლო პრეზიდენტი ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები უახლოეს თვეებში ფასების დამატებით ზრდის საფრთხეს ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიებმა ჯერჯერობით ზარალის ნაწილი საკუთარ თავზე აიღეს, პაუელმა აღნიშნა, რომ უფრო მდგრადი ფასების ზრდა შესაძლოა უკვე წლის ბოლოსკენ გამოიკვეთოს.
პაუელმა ხაზი გაუსვა FED-ის „ორმაგ მანდატს“ – მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა. ივლისში განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა განსხვავებული აზრები, ხოლო პაუელმა მიანიშნა, რომ სექტემბრის შეხვედრამაც შესაძლოა დებატების ფონზე ჩაიაროს, რადგან ფედერალური რეზერვი განაკვეთის შემცირებასა და ინფლაციის რისკს შორის ბალანსს ეძებს.
ფინანსურმა ბაზრებმა პაუელის კომენტარები პოზიტიურად მიიღეს. ინვესტორებმა მისი განცხადებები სექტემბერში განაკვეთის შემცირების პირდაპირ მინიშნებად შეაფასეს. თუმცა ძირითადი მესიჯი უფრო ფრთხილი იყო: FED-ის არჩევანი კვლავ გაურკვეველია და ყოველი მომდევნო ნაბიჯი ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამოკიდებული.
პაუელის სიტყვას პოლიტიკური ელფერიც ჰქონდა. მისი უფლებამოსილების ვადა მომავალ წელს იწურება, ამასთანავე თეთრი სახლი FED-ის საბჭოში ახალ კანდიდატურებს აწინაურებს, რაც ანალიტიკოსების აზრით ინსტიტუტის მომავალ დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ აყენებს.
პაუელმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის ქმედებები მხოლოდ ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამყარებული და არა პოლიტიკურ ზეწოლაზე.
განხილულთაგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი შეეხებოდა ფედერალური რეზერვის განახლებულ სტრატეგიას. FED-მა უარი თქვა 2020 წელს მიღებულ „გამოსწორების სტრატეგიაზე“, რომელიც მიზნად ისახავდა ინფლაციის გარკვეული ხნით 2%-იან მაჩვენებელს ზემოთ შენარჩუნებას. ახალი მიდგომა ისევ ტრადიციულ ორიენტაციას უბრუნდება: მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობა. ეს ცვლილება ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებიდან გამომდინარეობს, როდესაც ინფლაცია ხშირად მაღალი იყო და ეკონომიკური ზრდა — მერყევი. შედეგად, პოლიტიკის შემქმნელ პირებს უფრო მკაფიო მიმართულებები მიეცათ მომავალი გადაწყვეტილებების მისაღებად.