ვინ არის ქართველი მეწარმე, რომელმაც ლიონელ მესისთვის აბრეშუმზე დავარგებული ღვინო დაამზადა
მალე საქართველოში დამზადებულ, აბრეშუმზე დავარგებულ ბიოღვინოს მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი ლიონელ მესი დააგემოვნებს.
„აბრეშუმხვიას“ ღვინო ლიონელ მესის ერთ-ერთმა გულშემატკივარმა დაუკვეთა და მალე ადრესატსაც გაუგზავნის.
როგორც Business Insider Georgia-სთან საუბრისას მეწარმე ლამარა ბეჟაშვილმა განაცხადა, ღვინის დავარგება ხდება განსაკუთრებული მეთოდით და „უძველესი, ქართული მონასტრული წესით".
„ამ ეტაპზე ძალიან ცოტა ღვინოს ვაწარმოებთ, რადგანაც დიდ მოცულობას ბევრი აბრეშუმი სჭირდება. რეალურად რამდენიმე ბოთლი ჩამოვასხით. ჯერ გაყიდვები არ დაგვიწყია. ამ ეტაპზე ერთი ბოთლი გაქვს მზად, რომელიც მომხმარებელმა მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავისთვის ლიონელ მესისთვის შეგვიკვეთა“, - აცხადებს ლამარა ბეჟაშვილი.
მისვე თქმით, აბრეშუმზე დავარგებული ღვინო გაცილებით ძვირია და არის ანტისეპტიკური.
„პანდემიამდე ჩემთან იმყოფებოდა ბელგიელი სომელიე, რომელმაც მითხრა, რომ მზადაა რა მოცულობის ღვინოსაც დავამზადებ თავის 2 მაღაზიაში გაყიდოს და თითო ბოთლში 150 დოლარს გადაიხდიდა“, - აცხადებს ლამარა ბეჟაშვილი.
მისვე თქმით, თავის დროზე ბიზნესი 21 აბრეშუმის ჭიით დაიწყო.
„2015 წლიდან მცირე მეწარმე ვარ. მანამდე კი ეს საქმე, 2010 წელს აბრეშუმის ჭიის 21 კვერცხით დავიწყე, რომელიც დღეს უკვე ბრენდია. ბევრ ადამიანს შევასწავლე ეს საქმე. თავად 5 წლის ასაკიდან ვეხმარებოდი ბებიას აბრეშუმის მოყვანაში. 27 წელია კულტურის სახლის დირექტორი ვარ და ვარ ხალხური რეწვის ოსტატი. მეამაყება, რომ მივიწყებული დარგი მეაბრეშუმეობა აღვადგინე. გულდასმით შევისწავლე ეს დარგი, უძველესი წიგნები მოვიძიე დაასევე წინაპრებისგან გადმოცემულ ცოდნას დღეს პრაქტიკაში ვიყენებ“, - ამბობს მეწარმე.
სიღნაღის მთებს რომ მოიტოვებთ და სოფელ მაღაროს გზას გაუყვებით, აბრეშუმის სამყაროში აღმოჩნდებით და თავად გახდებით იმ პროცესის მონაწილე, რასაც აბრეშუმის მოვლა-წარმოება ეწოდება.
სოფელ მაღაროში მცხოვრებმა ლამარა ბეჟაშვილმა ბებიისგან ნასწავლი ჭიის მოვლა-პატრონობა წლების შემდეგ ააღორძინა და წარმოებად აქცია. 21 ნაჩუქარი ჭია გაამრავლა და „აბრეშუმხვიას“ სახელოსნოც გახსნა. დღეისთვის წელიწადში 100-დან 200 კილომდე ძაფსა და სხვადასხვა პროდუქტს აწარმოებს.
აბრეშუმის ჭიისგან მიღებული პროდუქტი მრავალფეროვანია. აქ ნახავთ ჭუპრის ზეთს, ჭუპრის წყალს, ძაფს, თავშლებსა და ბავშვის ტანისამოსს. სტუმარს შესაძლებლობა აქვს, ყველა პროდუქტის დამზადების პროცესში თავად ჩაერთოს.
აბრეშუმის ძაფს სხვადასხვა სახეობის დაავადების სამკურნალოდ იყენებენ. შესაბამისად, „აბრეშუმხვიაში“ თქვენი სტუმრობა შეგიძლიათ, ხანგრძლივი დროით დაგეგმოთ და შემეცნებითი ტურის შემდეგ ამ სივრცეში ღამითაც დარჩეთ.
აბრეშუმის ჭიასთან ერთად, ეზოში მოსეირნე ციცრებს, ფარშევანგებს და სხვადასხვა სახეობის ფრინველებს ნახავთ, რომლებიც მასპინძლის დაძახილზე მწყობრად გადაადგილდებიან. ამ სივრცეში ეგზოტიკური შოკი გელოდებათ - ჭია, ფრინველი და ადამიანი ერთმანეთისთვის გასაგებ ენაზე საუბრობენ.
„აბრეშუმხვიაში“ სტუმრობისას ძველი ქართული მონასტრული წესით აბრეშუმით დავარგებულ ღვინოს დეგუსტაციასაც შემოგთავაზებენ და გასტრო ტურშიც ჩაერთვებით - აქ აცოცხლებენ მივიწყებულ რეცეპტებს და სტუმარს უძველეს ქართულ კერძებს სთავაზობენ.
ყველა პროდუქტი, რაც ამ სივრცეში მზადდება, შეგიძლიათ შეიძინოთ.
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
სხვა სიახლეები
FED-ის მიერ განაკვეთის შემცირების მოლოდინი გაიზარდა
30.08.2025.12:00
ფედერალური რეზერვის ყოველწლიურ „ჯექსონ ჰოულის“ შეკრებაზე თავმჯდომარე ჯერომ პაუელის სიტყვით გამოსვლამ გაზარდა მოლოდინები, რომ „რისკების ცვალებადი ბალანსიდან“ გამომდინარე ცენტრალურმა ბანკმა შესაძლოა სექტემბერში საპროცენტო განაკვეთები შეამციროს.
განცხადებამ აქციებისა და ობლიგაციების ფასების ზრდა გამოიწვია – S&P 500 მაჩვენებელი დღიურად 1.63%-ით გაიზარდა, რაც მაისის შემდეგ ყველაზე დიდი დღიური ზრდაა, ხოლო სახაზინო ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში 10-წლიანი ობლიგაციის შემოსავლიანობა 7.5 საბაზო პუნქტით 4.256%-მდე, 2 წლიანი კი 10 საბაზო პუნქტით 3.69%-მდე შემცირდა.
ფედერალური რეზერვის თავმჯდომარემ, ჯერომ პაუელმა აღნიშნა, რომ აშშ-ის ეკონომიკური სურათი უჩვეულოდ ბუნდოვანია. ერთის მხრივ, უმუშევრობა ისტორიულად დაბალ დონეზე – 4.2%-ზე რჩება, თუმცა დასაქმების ტემპი მნიშვნელოვნად შენელდა – ივლისში 73 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, მაშინ როცა მოსალოდნელი რიცხვი 110 000 იყო. პაუელმა შრომის ბაზრის დღევანდელი მდგომარეობა “საინტერესოდ“ შეაფასა, რადგან ერთდროულად იკლებს როგორც სამუშაო ძალის მოთხოვნა, ასევე მიწოდება.
მეორეს მხრივ, ინფლაცია კვლავაც მცირედით აღემატება FED-ის 2%-იან მიზანს, ხოლო პრეზიდენტი ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები უახლოეს თვეებში ფასების დამატებით ზრდის საფრთხეს ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიებმა ჯერჯერობით ზარალის ნაწილი საკუთარ თავზე აიღეს, პაუელმა აღნიშნა, რომ უფრო მდგრადი ფასების ზრდა შესაძლოა უკვე წლის ბოლოსკენ გამოიკვეთოს.
პაუელმა ხაზი გაუსვა FED-ის „ორმაგ მანდატს“ – მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა. ივლისში განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა განსხვავებული აზრები, ხოლო პაუელმა მიანიშნა, რომ სექტემბრის შეხვედრამაც შესაძლოა დებატების ფონზე ჩაიაროს, რადგან ფედერალური რეზერვი განაკვეთის შემცირებასა და ინფლაციის რისკს შორის ბალანსს ეძებს.
ფინანსურმა ბაზრებმა პაუელის კომენტარები პოზიტიურად მიიღეს. ინვესტორებმა მისი განცხადებები სექტემბერში განაკვეთის შემცირების პირდაპირ მინიშნებად შეაფასეს. თუმცა ძირითადი მესიჯი უფრო ფრთხილი იყო: FED-ის არჩევანი კვლავ გაურკვეველია და ყოველი მომდევნო ნაბიჯი ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამოკიდებული.
პაუელის სიტყვას პოლიტიკური ელფერიც ჰქონდა. მისი უფლებამოსილების ვადა მომავალ წელს იწურება, ამასთანავე თეთრი სახლი FED-ის საბჭოში ახალ კანდიდატურებს აწინაურებს, რაც ანალიტიკოსების აზრით ინსტიტუტის მომავალ დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ აყენებს.
პაუელმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის ქმედებები მხოლოდ ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამყარებული და არა პოლიტიკურ ზეწოლაზე.
განხილულთაგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი შეეხებოდა ფედერალური რეზერვის განახლებულ სტრატეგიას. FED-მა უარი თქვა 2020 წელს მიღებულ „გამოსწორების სტრატეგიაზე“, რომელიც მიზნად ისახავდა ინფლაციის გარკვეული ხნით 2%-იან მაჩვენებელს ზემოთ შენარჩუნებას. ახალი მიდგომა ისევ ტრადიციულ ორიენტაციას უბრუნდება: მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობა. ეს ცვლილება ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებიდან გამომდინარეობს, როდესაც ინფლაცია ხშირად მაღალი იყო და ეკონომიკური ზრდა — მერყევი. შედეგად, პოლიტიკის შემქმნელ პირებს უფრო მკაფიო მიმართულებები მიეცათ მომავალი გადაწყვეტილებების მისაღებად.