ვცდილობთ, რომ ბაკურიანი მხოლოდ თხილამურებთან არ ასოცირდებოდეს - ,,ვილა პალასი“
ბაკურიანში მდებარე სასტუმრო Villa Palace / ვილა პალასი მომხმარებლებს შემოდგომის ფერად დღეებს და სასიამოვნო დასვენებას ჰპირდება. როგორც სასტუმროს მენეჯერი მაია მარუაშვილი Business Insider Georgia - თან ამბობს, მაქსიმალურად ცდილობენ, რომ შემოდგომის სეზონი სტუმრებისთვის სასიამოვნო გახადონ და რათა კურორტი მხოლოდ თხილამურებთან არ ასოცირდებოდეს.
,,ვმუშაობთ და ვამზადებთ ძალიან კარგ ტურებს, რომელიც სხვადასხვა სეზონზე იმუშავებს და საინტერესო იქნება. აქცენტი გავაკეთეთ გართობა-დასვენების მიმართულებაზე. შემოდგომის ფერადი დღეები მაქსიმალურად გვინდა გამოვიყენოთ და კომფორტული დასვენება შევთავაზოთ როგორც ინდივიდუალურ შემკვეთებს ასევე კორპორატიულ მომხმარებლებსაც. ბაკურიანი მხოლოდ თხილამურებზე სრიალთან არ უნდა ასოცირდებოდეს, მართალია, სათხილამურო კურორტია, მაგრამ აქვს სხვა შესაძლებლობები, რომლის წარმოჩენასაც შევუწყობთ ხელს. გასართობი და შემეცნებითი აქტივობები გვექნება. ამ მხრივ ზაფხული განსაკუთრებით გვინდა დავტვირთოთ, მანამდე შემოდგომა გრძელდება და წინ კიდევ ზამთარია,სტუმრებს ყველა სეზონზე საინტერესო სერვისებს შევთავაზებთ. სამომავლოდ გვექნება სპეციალური შეთავაზებები კონკრეტულ ,,ვიქენდებსა“ და სხვადასხვა დღესასწაულებზე. გაწერილი იქნება სხვადასხვა სახის აქტივობა, გასართობი ღონისძიებები და სხვა“, - ამბობს მაია მარუაშვილი.
მისი თქმით, სასტუმროს სერვისებზე აქტიურად მუშაობს ,,ვილა პალასის“ გუნდი, რომელიც არის ძალიან მეგობრული, ნიჭიერი და სტუმართმოყვარე.
,,ვამაყობთ ჩვენი მიღწევებით, რაც გუნდის დამსახურებაა. ძალიან მოკლე დროში მიგვიღო და შეგვიყვარა მომხმარებელმა, ვინც ერთხელ გვეწვია, ყველა გეგმავს დაბრუნებას, რაც დიდ მოტივაციას გვაძლევს“, - ამბობს სასტუმროს მენეჯერი.
ცნობისთვის, სასტუმრო ვილა პალასი (Hotel Villa Palace) მდებარეობს ბაკურიანში, ქალაქის ულამაზეს ადგილას. ნომრების გადასახედიდან მოჩანს ბუნების ულამაზესი პეიზაჟი. სასტუმროს ერთი მხრიდან იხსნება კოხტას მთის ხედი, ხოლო მეორედან – ბაკურიანის მთავარი პარკი.
ამ ეტაპზე ,,ვილა პალასში დაახლოებით 15 ადამიანია დასაქმებული, თუმცა სეზონზე მათი რაოდენობა 50 -ს აღწევს.
სხვა სიახლეები
FED-ის მიერ განაკვეთის შემცირების მოლოდინი გაიზარდა
30.08.2025.12:00
ფედერალური რეზერვის ყოველწლიურ „ჯექსონ ჰოულის“ შეკრებაზე თავმჯდომარე ჯერომ პაუელის სიტყვით გამოსვლამ გაზარდა მოლოდინები, რომ „რისკების ცვალებადი ბალანსიდან“ გამომდინარე ცენტრალურმა ბანკმა შესაძლოა სექტემბერში საპროცენტო განაკვეთები შეამციროს.
განცხადებამ აქციებისა და ობლიგაციების ფასების ზრდა გამოიწვია – S&P 500 მაჩვენებელი დღიურად 1.63%-ით გაიზარდა, რაც მაისის შემდეგ ყველაზე დიდი დღიური ზრდაა, ხოლო სახაზინო ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში 10-წლიანი ობლიგაციის შემოსავლიანობა 7.5 საბაზო პუნქტით 4.256%-მდე, 2 წლიანი კი 10 საბაზო პუნქტით 3.69%-მდე შემცირდა.
ფედერალური რეზერვის თავმჯდომარემ, ჯერომ პაუელმა აღნიშნა, რომ აშშ-ის ეკონომიკური სურათი უჩვეულოდ ბუნდოვანია. ერთის მხრივ, უმუშევრობა ისტორიულად დაბალ დონეზე – 4.2%-ზე რჩება, თუმცა დასაქმების ტემპი მნიშვნელოვნად შენელდა – ივლისში 73 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, მაშინ როცა მოსალოდნელი რიცხვი 110 000 იყო. პაუელმა შრომის ბაზრის დღევანდელი მდგომარეობა “საინტერესოდ“ შეაფასა, რადგან ერთდროულად იკლებს როგორც სამუშაო ძალის მოთხოვნა, ასევე მიწოდება.
მეორეს მხრივ, ინფლაცია კვლავაც მცირედით აღემატება FED-ის 2%-იან მიზანს, ხოლო პრეზიდენტი ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები უახლოეს თვეებში ფასების დამატებით ზრდის საფრთხეს ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიებმა ჯერჯერობით ზარალის ნაწილი საკუთარ თავზე აიღეს, პაუელმა აღნიშნა, რომ უფრო მდგრადი ფასების ზრდა შესაძლოა უკვე წლის ბოლოსკენ გამოიკვეთოს.
პაუელმა ხაზი გაუსვა FED-ის „ორმაგ მანდატს“ – მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა. ივლისში განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა განსხვავებული აზრები, ხოლო პაუელმა მიანიშნა, რომ სექტემბრის შეხვედრამაც შესაძლოა დებატების ფონზე ჩაიაროს, რადგან ფედერალური რეზერვი განაკვეთის შემცირებასა და ინფლაციის რისკს შორის ბალანსს ეძებს.
ფინანსურმა ბაზრებმა პაუელის კომენტარები პოზიტიურად მიიღეს. ინვესტორებმა მისი განცხადებები სექტემბერში განაკვეთის შემცირების პირდაპირ მინიშნებად შეაფასეს. თუმცა ძირითადი მესიჯი უფრო ფრთხილი იყო: FED-ის არჩევანი კვლავ გაურკვეველია და ყოველი მომდევნო ნაბიჯი ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამოკიდებული.
პაუელის სიტყვას პოლიტიკური ელფერიც ჰქონდა. მისი უფლებამოსილების ვადა მომავალ წელს იწურება, ამასთანავე თეთრი სახლი FED-ის საბჭოში ახალ კანდიდატურებს აწინაურებს, რაც ანალიტიკოსების აზრით ინსტიტუტის მომავალ დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ აყენებს.
პაუელმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის ქმედებები მხოლოდ ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამყარებული და არა პოლიტიკურ ზეწოლაზე.
განხილულთაგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი შეეხებოდა ფედერალური რეზერვის განახლებულ სტრატეგიას. FED-მა უარი თქვა 2020 წელს მიღებულ „გამოსწორების სტრატეგიაზე“, რომელიც მიზნად ისახავდა ინფლაციის გარკვეული ხნით 2%-იან მაჩვენებელს ზემოთ შენარჩუნებას. ახალი მიდგომა ისევ ტრადიციულ ორიენტაციას უბრუნდება: მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობა. ეს ცვლილება ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებიდან გამომდინარეობს, როდესაც ინფლაცია ხშირად მაღალი იყო და ეკონომიკური ზრდა — მერყევი. შედეგად, პოლიტიკის შემქმნელ პირებს უფრო მკაფიო მიმართულებები მიეცათ მომავალი გადაწყვეტილებების მისაღებად.