ზეგაანის ღვინო ცალკე ადგილწარმოშობის დასახელებად დარეგისტრირდა და სხვა ქართულ ღვინოებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს
ზეგაანის ღვინის განვითარება პირდაპირპროპორციულადაა მიბმული წინანდლის ღვინის ისტორიაზე. ეს ორი სოფელი ერთმანეთისგან მხოლოდ 20 კილომეტრითაა დაშორებული. შესაბამისად, მე-19 საუკუნის ბოლოს, წინანდალში დაწყებული პროცესები – ღვინის ქარხნის აშენება, წარმოების გაფართოება, მამულების შესყიდვა და ვენახების გაშენება პირდაპირ აისახა ზეგაანში მეღვინეობის მოდერნიზებაზე.
როგორც საქპატენტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ხდება ცნობილი, გამორჩეულად აღსანიშნია ის, რომ ზეგაანი უკვე დამოუკიდებელ მიკროზონაშია მოქცეული, მისი ვენახები არ მიეკუთვნება „წინანდლის“ მიკროზონას, ამიტომ ზეგაანის ღვინო ცალკე დარეგისტრირდა ადგილწარმოშობის დასახელებად და დიდი პოპულარობით სარგებლობს სხვა ქართულ ღვინოებს შორის.
მისი მიკროზონა მოიცავს უშუალოდ სოფელ ზეგაანს და მის სავარგულებს, შესაბამისად, ღვინო „ზეგაანი“ მზადდება მხოლოდ ამ მიკროზონაში მოწეული საფერავის ჯიშის ყურძნისგან.
1920 წლიდან შეეხო ზეგაანს ღვინის წარმოების განვითარება. სოფელში აშენდა ქარხანა და თბილისსა და თელავში მომუშავე ღვინის სამეცნიერო ცენტრებმა ზეგაანის ღვინის დახვეწა-განვითარებაზე იზრუნეს. დღესდღეობით, ზეგაანის ღვინო არის ბიოღვინო.
ზეგაანი არის ქვევრის წითელი მშრალი ბიოღვინო. აქვს მუქი ბროწეულისფერი შეფერილობა. გემოზე სავსე, ხავერდოვანი, მაყვლისა და შავი მოცხარის ტონებით გაჯერებული გემო და დაბალანსებული ტანინები. დავარგებისას მას უვითარდება განსაკუთრებული არომატი - პილპილ-მიხაკის სანელებლებისა და მშრალი ხილის - შავი ქლიავის ტონებით სავსე ბუკეტი.
ღვინის ფაქტობრივი მოცულობითი სპირტშემცველობა არ უნდა იყოს 12%-ზე ნაკლები, შაქრიანობა კი უნდა იყოს არაუმეტეს 4 გ/ლ.
ღვინო „ზეგაანის“ დასამზადებლად მოკრეფილი ყურძნის შაქრიანობა კრეფის დროს არ უნდა იყოს 21%-ზე ნაკლები. ყურძნის დაწურვის წესი ზეგაანს ლიმიტირებული აქვს, ყურძნის მოკრეფიდან დაწურვამდე არ უნდა იყოს გასული 3 საათზე მეტი. ღვინის დადუღება უნდა მოხდეს ველურ საფუარზე, ქვევრში დავარგება კი უნდა გაგრძელდეს არანაკლებ 20 თვის განმავლობაში.
ღვინის ადგილწარმოშობის დასახელება „ზეგაანი“ რეგისტრირებულია საქპატენტში 2022 წლის 30 აგვისტოს. დეტალური სპეციფიკაციის გაცნობა შესაძლებელია საქპატენტის ვებგვერდზე: https://www.sakpatenti.gov.ge/ka/state_registry/
სხვა სიახლეები
FED-ის მიერ განაკვეთის შემცირების მოლოდინი გაიზარდა
30.08.2025.12:00
ფედერალური რეზერვის ყოველწლიურ „ჯექსონ ჰოულის“ შეკრებაზე თავმჯდომარე ჯერომ პაუელის სიტყვით გამოსვლამ გაზარდა მოლოდინები, რომ „რისკების ცვალებადი ბალანსიდან“ გამომდინარე ცენტრალურმა ბანკმა შესაძლოა სექტემბერში საპროცენტო განაკვეთები შეამციროს.
განცხადებამ აქციებისა და ობლიგაციების ფასების ზრდა გამოიწვია – S&P 500 მაჩვენებელი დღიურად 1.63%-ით გაიზარდა, რაც მაისის შემდეგ ყველაზე დიდი დღიური ზრდაა, ხოლო სახაზინო ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში 10-წლიანი ობლიგაციის შემოსავლიანობა 7.5 საბაზო პუნქტით 4.256%-მდე, 2 წლიანი კი 10 საბაზო პუნქტით 3.69%-მდე შემცირდა.
ფედერალური რეზერვის თავმჯდომარემ, ჯერომ პაუელმა აღნიშნა, რომ აშშ-ის ეკონომიკური სურათი უჩვეულოდ ბუნდოვანია. ერთის მხრივ, უმუშევრობა ისტორიულად დაბალ დონეზე – 4.2%-ზე რჩება, თუმცა დასაქმების ტემპი მნიშვნელოვნად შენელდა – ივლისში 73 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, მაშინ როცა მოსალოდნელი რიცხვი 110 000 იყო. პაუელმა შრომის ბაზრის დღევანდელი მდგომარეობა “საინტერესოდ“ შეაფასა, რადგან ერთდროულად იკლებს როგორც სამუშაო ძალის მოთხოვნა, ასევე მიწოდება.
მეორეს მხრივ, ინფლაცია კვლავაც მცირედით აღემატება FED-ის 2%-იან მიზანს, ხოლო პრეზიდენტი ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები უახლოეს თვეებში ფასების დამატებით ზრდის საფრთხეს ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიებმა ჯერჯერობით ზარალის ნაწილი საკუთარ თავზე აიღეს, პაუელმა აღნიშნა, რომ უფრო მდგრადი ფასების ზრდა შესაძლოა უკვე წლის ბოლოსკენ გამოიკვეთოს.
პაუელმა ხაზი გაუსვა FED-ის „ორმაგ მანდატს“ – მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა. ივლისში განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა განსხვავებული აზრები, ხოლო პაუელმა მიანიშნა, რომ სექტემბრის შეხვედრამაც შესაძლოა დებატების ფონზე ჩაიაროს, რადგან ფედერალური რეზერვი განაკვეთის შემცირებასა და ინფლაციის რისკს შორის ბალანსს ეძებს.
ფინანსურმა ბაზრებმა პაუელის კომენტარები პოზიტიურად მიიღეს. ინვესტორებმა მისი განცხადებები სექტემბერში განაკვეთის შემცირების პირდაპირ მინიშნებად შეაფასეს. თუმცა ძირითადი მესიჯი უფრო ფრთხილი იყო: FED-ის არჩევანი კვლავ გაურკვეველია და ყოველი მომდევნო ნაბიჯი ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამოკიდებული.
პაუელის სიტყვას პოლიტიკური ელფერიც ჰქონდა. მისი უფლებამოსილების ვადა მომავალ წელს იწურება, ამასთანავე თეთრი სახლი FED-ის საბჭოში ახალ კანდიდატურებს აწინაურებს, რაც ანალიტიკოსების აზრით ინსტიტუტის მომავალ დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ აყენებს.
პაუელმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის ქმედებები მხოლოდ ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამყარებული და არა პოლიტიკურ ზეწოლაზე.
განხილულთაგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი შეეხებოდა ფედერალური რეზერვის განახლებულ სტრატეგიას. FED-მა უარი თქვა 2020 წელს მიღებულ „გამოსწორების სტრატეგიაზე“, რომელიც მიზნად ისახავდა ინფლაციის გარკვეული ხნით 2%-იან მაჩვენებელს ზემოთ შენარჩუნებას. ახალი მიდგომა ისევ ტრადიციულ ორიენტაციას უბრუნდება: მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობა. ეს ცვლილება ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებიდან გამომდინარეობს, როდესაც ინფლაცია ხშირად მაღალი იყო და ეკონომიკური ზრდა — მერყევი. შედეგად, პოლიტიკის შემქმნელ პირებს უფრო მკაფიო მიმართულებები მიეცათ მომავალი გადაწყვეტილებების მისაღებად.