აშშ-ის მაისის ინფლაციის მონაცემებმა აჩვენა, რომ სამომხმარებლო ფასები მოსალოდნელზე ნაკლებად გაიზარდა - TBC Capital
აშშ-ის მაისის ინფლაციის მონაცემებმა აჩვენა, რომ სამომხმარებლო ფასები მოსალოდნელზე ნაკლებად გაიზარდა — საერთო სამომხმარებლო ფასების ინდექსი (CPI) თვეში მხოლოდ 0.1%-ით და წლიურად 2.4%-ით გაიზარდა. ამის შესახებ თიბისი კაპიტალის მიერ მომზადებულ პუბლიკაციაშია აღნიშნული.
ირკვევა, რომ საბაზისო CPI ინდექსი, რომელიც არ მოიცავს საკვებისა და ენერგიის ფასებს და ფედერალური რეზერვისთვის მთავარი ინდიკატორია, ასევე გაიზარდა თვეში 0.1%-ით და წლიურად 2.8%-ით— ორივე მაჩვენებელი პროგნოზებზე დაბალია. ენერგეტიკის ფასებმა კლება განაგრძო, განსაკუთრებით აღსანიშნავია ბენზინის 2.6%-იანი ვარდნა, ხოლო ისეთი ძირითადი საქონლის ფასები, როგორებიცაა ავტომობილები და ტანსაცმელი, ასევე შემცირდა. ამავდროულად, საკვების და საცხოვრებლის ფასებმა ზომიერად მოიმატა, ხოლო რეალურმა ხელფასებმა თვეში 0.3%-იანი ზრდა აჩვენა. მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ აპრილში ფართომასშტაბიანი ტარიფები გამოაცხადა, მათ სამომხმარებლო ფასებზე ჯერ კიდევ არ მოუხდენიათ საგრძნობი გავლენა, თუმცა სავაჭრო დაძაბულობა რჩება.
„ეს რბილი ინფლაციური მაჩვენებელი მნიშვნელოვანი სიგნალია ინვესტორებისა და ბაზრებისთვის. მოსალოდნელზე დაბალი ინფლაცია ამცირებს ფედერალურ რეზერვზე ზეწოლას განაკვეთის აწევის კუთხით და აძლიერებს არგუმენტს განაკვეთის შემცირების სასარგებლოდ, რათა ეკონომიკა მხარდაჭერილი იყოს. ბაზრებმა მონაცემებზე დადებითად მოახდინეს რეაგირება — საფონდო ფიუჩერსები გაიზარდა, სახაზინო ობლიგაციების შემოსავლიანობა კი დაეცა. თუმცა, რჩება გაურკვევლობა: თუ ტარიფებით გამოწვეული ინფლაცია მოგვიანებით გაჩნდება, შესაძლოა ამ ეტაპზე არსებული მშვიდი მოლოდინები დაირღვეს. ფედერალური რეზერვი სავარაუდოდ ფრთხილი დარჩება და ამ კვირაში განაკვეთის შემცირებას არ დაგეგმავს“, - განმარტავენ თიბისი კაპიტალში.
სხვა სიახლეები
Honda-მ წლიური მოგების პროგნოზი გაზარდა, მეორე კვარტალში კი ელექტრომობილებთან დაკავშირებული $3 მილიარდის ხარჯები აღრიცხა
13.11.2026.15:00
იაპონურმა ავტომწარმოებელმა Honda Motor-მა სამშაბათს წლიური მოგების პროგნოზი 20%-ით გაზარდა, რაც აშშ-ის ბაზარზე ჰიბრიდულ ავტომობილებზე მაღალი მოთხოვნითა და იენის გაუფასურებით არის განპირობებული. ამასთან, კომპანიამ ელექტრომობილების ბიზნესის რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებით დამატებით 3 მილიარდი დოლარის ხარჯები აღრიცხა.
Honda-ს კვარტალური ფინანსური შედეგები, ისევე როგორც გასულ კვირას გამოქვეყნებული Toyota Motor-ის შედეგები, აჩვენებს, რომ იაპონელი ავტომწარმოებლები სულ უფრო მეტად ხდებიან დამოკიდებული აშშ-ის ბაზარზე, სადაც იზრდება მოთხოვნა ჰიბრიდულ ავტომობილებზე და არა ელექტრომობილებზე. ამასთან, აღნიშნულ ბაზარზე მათ ჩინელ კონკურენტებთან კონკურენცია არ უწევთ.
Honda-ს ელექტრომობილების ბიზნესთან დაკავშირებული დამატებითი ჩამოწერა მოჰყვა წინა ფინანსურ წელს აღრიცხულ 9 მილიარდ დოლარზე მეტ ხარჯს, რის შედეგადაც იაპონიის სიდიდით მეორე ავტომწარმოებელმა თითქმის 70 წლის განმავლობაში პირველად დააფიქსირა წლიური ზარალი.
ელექტრომობილების ბიზნესის რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებულმა Honda-ს ჯამურმა ხარჯებმა 12 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რაც ტრადიციულ ავტომწარმოებლებს შორის ელექტრომობილების მიმართულებით განხორციელებული რესტრუქტურიზაციის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ფინანსური დანაკარგია.