აშშ-ში ქართული ღვინის წარდგენა ღვინის ფესტივალზე „Boston Wine Expo“ გაიმართა
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „Colangelo & Partners“ ორგანიზებით, აშშ-ის ქალაქ ბოსტონში, ღვინის ფესტივალზე „Boston Wine Expo" ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა, რაც მნიშვნელოვანია ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის ასამაღლებლად.
წარდგენა მოიცავდა დეგუსტაციას და მასტერკლასს. დეგუსტაციას ღვინის მომხმარებლები, ასევე HoReCa, კომერციული და მედია სექტორების წარმომადგენლები დაესწრნენ. სადეგუსტაციოდ ქართული ღვინის მწარმოებელი 10-მდე კომპანიის ღვინოები იყო წარმოდგენილი.
ბოსტონის ღვინის გამოფენის ფარგლებში გამართულ მასტერკლასს 30 სტუმარი დაესწრო. საქართველოს მეღვინეობის კულტურის, ისტორიის, ვაზის ჯიშებისა და ღვინის თანამედროვე ინდუსტრიის შესახებ პრეზენტაცია ამერიკელმა ღვინის ექსპერტმა ერიკა ფრეიმ (Erika Frey) წარადგინა.
ამერიკის შეერთებული შტატებში ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის ზრდის მიზნით, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებები კომპანიებთან „Colangelo & Partners“ და „Glodow Nead Communication“ გააფორმა.
აღნიშნული კომპანიების ორგანიზებით და ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, აშშ-ის ბაზარზე ქართულ ღვინოზე მოთხოვნის ზრდისკენ მიმართული მარკეტინგული კამპანიები განხორციელდება, რაც გულისხმობს: სხვადასხვა ქალაქში დეგუსტაცია-სემინარებს ღვინის პროფესიონალებისა და ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებისთვის, მიზნობრივ სარეკლამო და მედია კამპანიებს; ასევე, ქართული ღვინო წარმოდგენილი იქნება საერთაშორისო გამოფენებსა და ფესტივალებზე; მედიის, სომელიეებისა და გაყიდვების სფეროს წარმომადგენლებისთვის საქართველოში მოეწყობა ღვინის ტურები; გაძლიერდება მომხმარებელზე ორიენტირებული აქტივობები.
სხვა სიახლეები
რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვა 30 სექტემბრამდე გაახანგრძლივა
04.09.2026.17:00
რუსეთმა შაბათს განაცხადა, რომ დიზელის საწვავის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვა 30 სექტემბრამდე გაახანგრძლივა.
მთავრობის განცხადების თანახმად, აკრძალვა ასევე მოიცავს მწარმოებლების მიერ ექსპორტზე გატანილ საზღვაო საწვავსა და გაზოილს. „ეს ზომები შიდა საწვავის ბაზრის სტაბილიზაციის მიზნით იქნა მიღებული“, - ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთმა ექსპორტის აკრძალვა 8 ივლისიდან 31 ივლისამდე თავდაპირველად შემოიღო, როგორც შიდა საწვავის ბაზრის მხარდაჭერის უფრო ფართო ღონისძიებების პაკეტის ნაწილი, რის შემდეგაც, 31 აგვისტომდე, აკრძალვა საწვავის მწარმოებლებისთვის გაახანგრძლივა.
რუსეთმა ასევე აკრძალა დიზელის ექსპორტი არამწარმოებლების მიერ და საავტომობილო ბენზინის ექსპორტი 2027 წლის 31 იანვრამდე, ხოლო საავიაციო საწვავის ექსპორტი - 2026 წლის ნოემბრის ბოლომდე.
რუსეთი, როგორც წესი, აშშ-ის შემდეგ მსოფლიოში დიზელის საწვავის სიდიდით მეორე ექსპორტიორია.