აშშ-ში სადღესასწაულო სეზონზე გაყიდვების ზრდა დაჩქარდება, რასაც მომხმარებელთა მდგრადი მოთხოვნა შეუწყობს ხელს - პროგნოზი
აშშ-ის საცალო ვაჭრობის ეროვნული ფედერაციის (NRF) პროგნოზით, მიმდინარე წელს სადღესასწაულო სეზონზე გაყიდვების ზრდა 4.2%-მდე დაჩქარდება. ორგანიზაციის მოლოდინით, მომხმარებლები შეინარჩუნებენ მდგრად მოთხოვნას, მიუხედავად იმისა, რომ მსხვილი საცალო სავაჭრო კომპანიები სამომხმარებლო ხარჯებზე მზარდ ზეწოლაზე მიუთითებენ.
NRF-ის პროგნოზით, ნოემბერსა და დეკემბერში საცალო გაყიდვები 4.2%-ით გაიზრდება და 1.013 ტრილიონ დოლარს მიაღწევს. შედარებისთვის, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში გაყიდვები 3.1%-ით გაიზარდა და 972 მილიარდი დოლარი შეადგინა.
ორგანიზაციის განმარტებით, პროგნოზი ეფუძნება ეკონომიკურ მოდელირებას, რომელიც ითვალისწინებს სამომხმარებლო ხარჯებს, დასაქმებას, ხელფასებსა და საცალო გაყიდვების ისტორიულ მონაცემებს. შეფასება არ მოიცავს ავტომობილების, ბენზინისა და რესტორნების გაყიდვებს.
ინფლაციის ზრდის ფონზე შინამეურნეობების ხარჯების მატება მომხმარებლებს შესყიდვების მიმართ უფრო შერჩევითს ხდის. ისეთი მსხვილი საცალო სავაჭრო კომპანიები, როგორებიცაა Walmart, Kohl's და American Eagle, სადღესასწაულო სეზონის წინ სამომხმარებლო ხარჯებზე არსებულ ზეწოლაზე მიუთითებენ.
ამასთან, საკონსულტაციო კომპანია Deloitte-ის მიერ აშშ-ში დაახლოებით 4 000 მომხმარებლის გამოკითხვის საფუძველზე ჩატარებული კვლევის თანახმად, მიმდინარე წელს ერთი შინამეურნეობის საშუალო სადღესასწაულო ხარჯები შესაძლოა 4%-ით გაიზარდოს და 1 654 დოლარს მიაღწიოს. ზრდის მთავარი მამოძრავებელი ფაქტორი Z თაობისა და მილენიალების მიერ ხარჯების გაზრდაა.
Deloitte-ის მონაცემებით, მომხმარებლები საცალო ვაჭრობის ობიექტებში შესყიდვებზე ხარჯების 10%-ით, 988 დოლარამდე ზრდას ელოდებიან, მაშინ როდესაც სადღესასწაულო აქტივობებზე დანახარჯები, სავარაუდოდ, 4%-ით შემცირდება და 666 დოლარს შეადგენს.
სხვა სიახლეები
კრისტინ ლაგარდი შესაძლოა ნოემბერში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ხელმძღვანელად დაინიშნოს
21.10.2026.19:00
მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა (WEF) შესაძლოა ნოემბერში ორგანიზაციის ახალ თავმჯდომარედ კრისტინ ლაგარდი დანიშნოს. აღნიშნული გადაწყვეტილების შემთხვევაში, ლაგარდს ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) პრეზიდენტის თანამდებობის ვადაზე ადრე დატოვება მოუწევს, რაც ბანკის უმაღლეს ხელმძღვანელობაში უფრო ფართომასშტაბიან საკადრო ცვლილებებს გამოიწვევს.
ლაგარდს ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა 2027 წლის ოქტომბერში ეწურება. მისი ვადაზე ადრე წასვლა ევროკავშირის ლიდერებს შესაძლებლობას მისცემს, ECB-ის ახალი პრეზიდენტი საფრანგეთში გაზაფხულზე დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებამდე შეარჩიონ.