აშშ-ში სექტემბერში ინფლაცია დაჩქარდა
აშშ-ში სექტემბერში ინფლაცია დაჩქარდა, რაც ბენზინსა და სხვა საქონელზე სამომხმარებლო ფასების ზრდამ განაპირობა. აღნიშნულმა მონაცემებმა გაამყარა ეკონომისტების მოლოდინი, რომ ფედერალური სარეზერვო სისტემა დეკემბერში საპროცენტო განაკვეთს გაზრდის.
აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის ეკონომიკური ანალიზის ბიუროს მიერ ხუთშაბათს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, მოხმარების ხარჯების ფასების ინდექსი სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, 0.5%-ით გაიზარდა, აგვისტოში დაფიქსირებული 0.3%-იანი ზრდის შემდეგ. აღნიშნული მაჩვენებელი ეკონომისტების მოლოდინებს შეესაბამებოდა.
წლიურ ჭრილში, სექტემბერში ინფლაციამ 3.6% შეადგინა, აგვისტოში დაფიქსირებული 3.4%-ის შემდეგ.
აღნიშნული მონაცემები მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ მესამე კვარტლის მთლიანი შიდა პროდუქტის წინასწარ ანგარიშშიც აისახა, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის ეკონომიკა ამ პერიოდში წლიურ მაჩვენებელზე გადაანგარიშებით 3.4%-ით გაიზარდა.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.