აზიის განვითარების ბანკმა პრეზიდენტის არჩევის პროცესი დაიწყო - წარდგენილია მასატო კანდას კანდიდატურა
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) 2026 წლის 24 ნოემბრიდან დაწყებული ხუთწლიანი ვადით პრეზიდენტის არჩევის კენჭისყრის პროცესი ოფიციალურად დაიწყო.
ADB-ის მმართველთა საბჭოს წევრებს პრეზიდენტობის კანდიდატების წარდგენა 2026 წლის 1 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით შეეძლოთ.
პრეზიდენტის თანამდებობაზე ერთადერთი კანდიდატი მოქმედი პრეზიდენტი, მასატო კანდაა.
ADB-ის მმართველთა საბჭო მასატო კანდას კანდიდატურას 2026 წლის 2 ივლისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით უყრის კენჭს.
ADB-ის წესდების თანახმად, პრეზიდენტის ასარჩევად საჭიროა მმართველთა საბჭოს წევრთა საერთო რაოდენობის უმრავლესობის მხარდაჭერა, რომლებიც, ამავდროულად, ბანკის წევრი ქვეყნების ხმის მიცემის საერთო ძალის უმრავლესობასაც წარმოადგენენ.
არჩევნების შედეგების გამოცხადება 2026 წლის 1 სექტემბერს არის მოსალოდნელი.
აზიის განვითარების ბანკი (ADB) ერთ-ერთი წამყვანი მრავალმხრივი განვითარების ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში მდგრად, ინკლუზიურ და გამძლე ეკონომიკურ ზრდას უწყობს ხელს. წევრ ქვეყნებთან და პარტნიორებთან თანამშრომლობით, ბანკი ინოვაციურ ფინანსურ ინსტრუმენტებსა და სტრატეგიულ პარტნიორობებს იყენებს რთული გამოწვევების გადასაჭრელად, ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად, ხარისხიანი ინფრასტრუქტურის განსავითარებლად და გარემოს დასაცავად. ADB 1966 წელს დაარსდა და 69 წევრ ქვეყანას აერთიანებს, რომელთაგან 50 რეგიონს ეკუთვნის.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.