ბრიტანეთის ბიზნესის მინისტრი Jaguar Land Rover-ის აღმასრულებელ დირექტორს სამუშაო ადგილების შემცირების საკითხზე შეხვდება
ბრიტანეთის ბიზნესის მინისტრმა ჯონათან რეინოლდსმა განაცხადა, რომ ამ კვირაში Jaguar Land Rover-ის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდება და ქვეყნის უმსხვილეს ავტომწარმოებელ კომპანიაში სამუშაო ადგილების შემცირების საკითხს განიხილავს. გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია დაახლოებით 4 000 სამუშაო ადგილის გაუქმებას გეგმავს.
„თუ ეს ეხება იმის უზრუნველყოფას, რომ დროთა განმავლობაში კომპანიის სამუშაო ძალის მოცულობა შეესაბამებოდეს ბიზნესის მაქსიმალურად კონკურენტუნარიანად ფუნქციონირებას, სწორედ ეს არის ის საკითხი, რომელიც უნდა განვიხილოთ“, - განაცხადა რეინოლდსმა კვირას.
JLR-ს დიდ ბრიტანეთში დაახლოებით 30 000 ადამიანი ჰყავს დასაქმებული, ხოლო მისი უმსხვილესი ქარხანა დასავლეთ მიდლენდსში, სოლიჰულში მდებარეობს. კომპანიას ინდური Tata Motors ფლობს.
JLR-მა განცხადებაში აღნიშნა, რომ მომდევნო ორი წლის განმავლობაში 1.7 მილიარდი ფუნტის ოდენობის ხარჯების დაზოგვა ესაჭიროება და, შესაბამისად, თანამშრომლებისთვის ნებაყოფლობითი გათავისუფლების პროგრამის დაყწებას გეგმავს.
სხვა სიახლეები
ტრამპის მარშრუტი TRIPP აზერბაიჯანთან და საქართველოსთან საზღვრის გადაკვეთის პროცედურებს გაამარტივებს - მირზოიანი
23.10.2026.09:10
სომხეთის ეროვნული ასამბლეა განიხილავს კანონპროექტს, რომელიც ,,ტრამპის მარშრუტის“ (TRIPP) ფარგლებში სომხეთსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ჩარჩო შეთანხმების რატიფიცირებას ითვალისწინებს.
აღნიშნული განცხადება სომხეთის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ვაჭრობის მინისტრმა არარატ მირზოიანმა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში TRIPP-ის შეთანხმების პროექტის წარდგენისას გააკეთა.
მირზოიანის განცხადებით, TRIPP საზღვრის გადაკვეთის პროცედურებს გაამარტივებს არა მხოლოდ აზერბაიჯანთან, არამედ საქართველოსა და ირანთანაც.
„იმედი მაქვს, თურქეთთან საზღვარიც გაიხსნება და ამის შემდეგ ვიფიქრებთ, როგორ გავუმარტივოთ ცხოვრება მეწარმეებსა და მოქალაქეებს“, - აღნიშნა მან.
მირზოიანმა ასევე ისაუბრა იმაზე, თუ სად შეიძლება განთავსდეს TRIPP-ის ფარგლებში დაგეგმილი სხვა ინფრასტრუქტურა, სარკინიგზო ხაზის გარდა.
„შესაძლოა, ნავთობსადენმა სომხეთის ჩრდილოეთ ნაწილზე გაიაროს. მარშრუტი ჯერ განსაზღვრული არ არის. შესაბამისად, TRIPP-ის ზომაზე ვერ ვისაუბრებ, რადგან ასეთი განსაზღვრული პარამეტრი არ არსებობს“, - განაცხადა მირზოიანმა.