BYD ექსპორტის ძლიერი ზრდის ფონზე გაყიდვების გაუმჯობესების ტენდენციას აგრძელებს
ელექტრომობილების ჩინურმა მწარმოებელმა BYD-მა ოქტომბერში გაყიდვების ზრდა ზედიზედ მეექვსე თვის განმავლობაში დააფიქსირა. კომპანია საერთაშორისო ბაზრებზე გაყიდვების გაფართოებით ცდილობს შიდა ბაზარზე არსებული სუსტი მოთხოვნისა და ინტენსიური ფასობრივი კონკურენციის გავლენის კომპენსირებას.
ოქტომბერში BYD-ის ავტომობილების გაყიდვები წლიურ ჭრილში 11%-ით გაიზარდა და 490 168 ერთეული შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი სექტემბერში დაფიქსირებულ 17%-იან ზრდასთან შედარებით შენელებულია.
ამასთან, კომპანიის ავტომობილების ექსპორტი წლიურ ჭრილში 102.8%-ით გაიზარდა და 170 194 ერთეულს მიაღწია.
BYD-ის მესამე კვარტლის მოგების ზრდის ტემპი წლიურ ჭრილში 28%-მდე შენელდა და ანალიტიკოსების პროგნოზებს ჩამორჩა. აღნიშნული ვითარება უკავშირდება ჩინეთის შიდა ბაზარზე სუსტ მოთხოვნასა და საავტომობილო ინდუსტრიის კომპანიების მიერ საექსპორტო ბაზრებზე აქტიურ გაფართოებას, რამაც საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენცია კიდევ უფრო გაამწვავა.
სხვა სიახლეები
ავიაბილეთების დაჯავშნაში AI-ის გამოყენება მომხმარებელთა არჩევანზე უნდა იყოს დამოკიდებული - JetBlue-ს პრეზიდენტი
16.11.2026.19:00
ამერიკული ავიაკომპანია JetBlue Airways-ის პრეზიდენტის, განცხადებით, ავიაკომპანიებმა ხელოვნური ინტელექტის საშუალებით ავიაბილეთების დაჯავშნის საკითხში მომხმარებელთა მოთხოვნები უნდა გაითვალისწინონ.
მისი შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ბილეთების დაჯავშნა გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული, ავიაკომპანიებმა მომხმარებლებს მათთვის სასურველი მომსახურების მიღების შესაძლებლობა უნდა მისცენ.
JetBlue-ს პრეზიდენტის განცხადება მოჰყვა United Airlines-ის გადაწყვეტილებას, მონაცემთა უსაფრთხოების მიზნით ხელოვნური ინტელექტის პროგრამებისთვის საკუთარ ციფრულ პლატფორმებზე წვდომა შეზღუდოს.
ამასთან, JetBlue-ს პრეზიდენტის შეფასებით, მსგავსი ტექნოლოგიების განვითარებამ შესაძლოა ავიაკომპანიებს დამატებითი ფინანსური ხარჯები შეუქმნას, თუ ბილეთების დაჯავშნის მომსახურების მიმწოდებლები მომავალში საკომისიოს დაწესებას გადაწყვეტენ.
მიუხედავად ამისა, JetBlue მიიჩნევს, რომ ავიაკომპანიებმა ტექნოლოგიური ცვლილებების მიმართ მოქნილობა უნდა შეინარჩუნონ და მომსახურება მომხმარებელთა მოთხოვნებს მოარგონ.