დიდი ბრიტანეთის ეკონომიკამ მესამე კვარტალში ზომიერი ზრდა აჩვენა - TBC Capital
დიდი ბრიტანეთის ეკონომიკა სექტემბერში მოულოდნელად შემცირდა და წლის მესამე კვარტალში მხოლოდ ზომიერი ზრდა აჩვენა, მაშინ როცა წლის დასაწყისში ძლიერი აღდგენა აღინიშნებოდა, - ამის შესახებ თიბისი კაპიტალის მიერ მომზადებულ კაპიტალის ბაზრების ყოველკვირეულ მიმოხილვაშია აღნიშნული. როგორც თიბისი კაპიტალში განმარტავენ, პირველადი მონაცემების მიხედვით, მთლიანი შიდა პროდუქტი (GDP) სექტემბერში 0.1%-ით შემცირდა, რაც წინა თვის 0.2%-იან ზრდას მოჰყვა. მესამე კვარტალში ეკონომიკა წინა კვარტალთან შედარებით მხოლოდ 0.1%-ით გაიზარდა, რაც ეკონომისტების მიერ პროგნოზირებულ 0.2%-იან ზრდაზე დაბალი აღმოჩნდა. ეს მაჩვენებელი მეორე კვარტალში დაფიქსირებული 0.5%-იანი გაფართოების შემდეგ აისახა.
„ბოლო მონაცემები მოლოდინებზე სუსტი აღმოჩნდა და მკვეთრ შენელებას ასახავს მეორე კვარტალში დაფიქსირებულ 0.5%-იან ზრდასთან შედარებით. ეკონომისტების ნაწილი ბიზნესებისა და ოჯახების ქცევაზე ოქტომბრის ბიუჯეტის გარშემო არსებული გაურკვევლობის გავლენას აღნიშნავს. მმართველი პარტია, რომელმაც ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა მთავარ პრიორიტეტად გამოაცხადა, დაბალი შედეგებისთვის კრიტიკას იღებს, რაც ახალი მთავრობის პირველი სამი თვის მუშაობას ასახავს. ბევრმა ბიზნესმა ბიუჯეტში გათვალისწინებული საგადასახადო ზრდების გამო შეშფოთება გამოთქვა, რამაც ფასების ზრდა და სამუშაო ადგილების შემცირება შეიძლება გამოიწვიოს“, - აცხადებენ თიბისი კაპიტალში.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.