დუბაი ჩინეთთან კავშირების გაღრმავებას AI-ის, ელექტრომობილებისა და ფინტექის მიმართულებით გეგმავს
ჩინურ კომპანიებს, რომლებიც ახლო აღმოსავლეთის ბაზარზე გაფართოებას გეგმავენ, მომავალ თვეში, შენჟენში, Dubai Chambers-ის მიერ ორგანიზებულ ბიზნესფორუმზე ხელოვნური ინტელექტის, ელექტრომობილების, ფინტექის, მოწინავე წარმოების, ლოგისტიკისა და ციფრული ინფრასტრუქტურის მიმართულებით არსებული შესაძლებლობები წარედგინებათ.
Dubai Business Forum – China 14 ოქტომბერს გაიმართება და დუბაისა და ჩინეთის კომპანიებს, ინვესტორებსა და პოლიტიკის შემმუშავებლებს გააერთიანებს. ფორუმზე ვაჭრობის, ინვესტიციების, ტექნოლოგიებისა და რეგიონული გაფართოების საკითხებს განიხილავენ.
პროგრამის მთავარი აქცენტი ციფრულ ეკონომიკასთან დაკავშირებულ სექტორებზე გაკეთდება, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის კომერციულ გამოყენებაზე, ავტონომიურ მობილობაზე და იმ ინფრასტრუქტურაზე, რომელიც ახალი ტექნოლოგიების ფართოდ დანერგვას უზრუნველყოფს. ასევე განიხილება საინვესტიციო შესაძლებლობები ფინტექის, მოწინავე წარმოებისა და ციფრული ინფრასტრუქტურის მიმართულებით, ასევე ჩინური ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანიებისა და მობილობის სექტორის წარმომადგენლების რეგიონულ ბაზრებზე გაფართოება.
სხვა სიახლეები
აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა მაღალი ინფლაციის ფონზე საპროცენტო განაკვეთი ბოლო 3 წელზე მეტი ხნის განმავლობაში პირველად გაზარდა
17.09.2026.11:05
აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა ოთხშაბათს ძირითადი საპროცენტო განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით გაზარდა. მაღალი ინფლაციის ფონზე, ეს ცენტრალური ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების პირველი შემთხვევაა ბოლო სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში.
ფედერალური ღია ბაზრის კომიტეტმა (FOMC) ფედერალური ფონდების განაკვეთის სამიზნე დიაპაზონი 3.75%-4%-მდე გაზარდა. გადაწყვეტილება მიზნად ისახავს ცენტრალური ბანკის ორმაგი მანდატის - მაქსიმალური დასაქმებისა და ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფას. კომიტეტის წევრებმა ცვლილებას მხარი ერთსულოვნად, 12 ხმით 0-ის წინააღმდეგ დაუჭირეს.
ფედერალური რეზერვის განცხადებით, ინფლაცია კვლავ მაღალ დონეზე რჩება, ხოლო მიღებული პოლიტიკური ნაბიჯი ხელს შეუწყობს ინფლაციის სამიზნე 2%-იან მაჩვენებელთან უფრო დროულ დაბრუნებას და ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფას.
შრომის სტატისტიკის ბიუროს ოფიციალური მონაცემებით, აგვისტოში აშშ-ში სამომხმარებლო ინფლაცია ცენტრალური ბანკის სამიზნე მაჩვენებელს კვლავ საგრძნობლად აჭარბებდა.
სამომხმარებლო ფასების ინდექსი (CPI) აგვისტოში, ივლისის 0.1%-იანი ზრდის შემდეგ, თვიურად 0.4%-ით გაიზარდა, ხოლო წლიური ინფლაცია ივლისის მსგავსად 3.4%-ის დონეზე შენარჩუნდა.
საბაზო ინფლაცია, რომელიც არ მოიცავს სურსათისა და ენერგომატარებლების ცვალებად ფასებს, წლიურ ჭრილში 2.5%-დან 2.4%-მდე შემცირდა, მიუხედავად იმისა, რომ თვიურ ჭრილში 0.3%-იანი მატება დაფიქსირდა. ამასთან, ენერგომატარებლების ფასები გასულ წელთან შედარებით 16.3%-ით გაიზარდა, მათ შორის ბენზინზე 27.4%-იანი ნახტომისებური მატება დაფიქსირდა.
ამასთან, სამუშაო ადგილების მატება სამუშაო ძალის ზრდის ტემპს მიჰყვება, უმუშევრობის დონე კი თითქმის უცვლელია. ფედერალური ღია ბაზრის კომიტეტის განცხადებით, საბანკო სისტემაში ჭარბი რეზერვების შენარჩუნების პოლიტიკა კვლავ გაგრძელდება.