დუბაის საერთაშორისო აეროპორტი ფრენების მიღებას დროებით აჩერებს
დუბაის საერთაშორისო აეროპორტში რეისები დროებით შეჩერდა მას შემდეგ, რაც დრონმა ახლომდებარე საწვავის ავზი დააზიანა, იტყობინება დუბაის მთავრობის პრესსამსახური. ამის შესახებ ბლუმბერგი იტყობინება.
განცხადების თანახმად, დუბაის სამოქალაქო ავიაციის სამსახურმა „ყველა მგზავრისა და პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სიფრთხილის ზომების სახით“ რეისების დროებით შეჩერების შესახებ განაცხადა.
მგზავრებს ურჩევენ, დაუკავშირდნენ თავიანთ ავიაკომპანიებს ფრენის შესახებ ინფორმაციის მისაღებად.
ორშაბათს დილით, დუბაის მთავრობის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ საწვავის ავზს ცეცხლი გაუჩნდა ემირატის საერთაშორისო აეროპორტთან ახლოს „დრონის მონაწილეობით მომხდარი ინციდენტის“ შემდეგ.
ხანძარი მოგვიანებით წარმატებით იქნა ლოკალიზებული.
სხვა სიახლეები
ეროვნული ბანკის დელეგაცია ეკატერინე გალდავას ხელმძღვანელობით სამხრეთ კორეაში იმყოფებოდა
18.11.2026.11:33
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე გალდავა, ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების და საგადახდო სისტემების დეპარტამენტების წარმომადგენლებთან ერთად სამუშაო ვიზიტით სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში იმყოფებოდა.
ვიზიტი საქართველოს ეროვნულ ბანკსა და კორეის ცენტრალურ ბანკს (Bank of Korea) შორის გაფორმებული ორმხრივი თანამშრომლობის შეთანხმების საფუძველზე, ცოდნის პარტნიორობის პროგრამის (Knowledge Partnership Program - KPP) ფარგლებში განხორციელდა.
საქართველოს ეროვნული ბანკისა და კორეის ცენტრალური ბანკის ერთობლივ პროექტის მიზანი საქართველოში ღია ბანკინგისა და ღია ფინანსების განვითარებისთვის საერთაშორისო გამოცდილების შესწავლა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებაა.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკის დელეგაციამ შეხვედრები გამართა კორეის ცენტრალური ბანკის, კორეის საფინანსო სატელეკომუნიკაციო და კლირინგის ინსტიტუტის (Korea Financial Telecommunications and Clearings Institute - KFTC) და სხვა შესაბამისი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს სამხრეთ კორეის გამოცდილება საგადახდო ინფრასტრუქტურის განვითარების, ღია ბანკინგისა და ღია ფინანსების დანერგვის, ინოვაციური საგადახდო მომსახურებებისა და ფინანსურ სექტორში კონკურენციის ხელშეწყობის მიმართულებით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ღია ბანკინგის როლს საგადახდო მომსახურებების განვითარებაში, ალტერნატიული საგადახდო არხების შექმნასა და მომხმარებლებისთვის ფინანსურ მომსახურებებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას.
ეკატერინე გალდავას განცხადებით, საქართველოს ეროვნული ბანკისთვის პრიორიტეტულია თანამედროვე, უსაფრთხო და კონკურენტული საგადახდო ეკოსისტემის განვითარება, რაშიც მნიშვნელოვანი როლი ღია ბანკინგისა და ღია ფინანსების შესაძლებლობების გამოყენებას ენიჭება
„საქართველოს ეროვნული ბანკი აქტიურად მუშაობს ისეთი საგადახდო გარემოს ჩამოყალიბებაზე, რომელიც ხელს შეუწყობს ინოვაციების დანერგვას, კონკურენციის გაძლიერებასა და მომხმარებლებისთვის მრავალფეროვანი ფინანსური მომსახურებების შეთავაზებას. სამხრეთ კორეას ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს. ცოდნის პარტნიორობის პროგრამა გვაძლევს შესაძლებლობას, გავეცნოთ პრაქტიკაში დანერგილ გადაწყვეტილებებს და შევაფასოთ მათი გამოყენების პერსპექტივები საქართველოს საგადახდო ბაზარზე“, - აღნიშნა ეკატერინე გალდავამ.
საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობას და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ღია ბანკინგისა და ღია ფინანსების შემდგომ განვითარებას, საგადახდო მომსახურებების ეფექტიანობის ზრდასა და ფინანსური ეკოსისტემის ინოვაციურ ტრანსფორმაციას.