EBRD-ის ობლიგაციები სომხეთის საფონდო ბირჟაზე განთავსდა
დღეს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) სომხეთის საფონდო ბირჟაზე (AMX) სომხურ დრამში დენომინირებული ობლიგაციები განათავსა, რაც მნიშვნელოვანი ეტაპია სომხეთის კაპიტალის ბაზრის განვითარებისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ადგილობრივ ბაზარზე მონაწილეობის გაფართოების მიმართულებით.
დღეს ბირჟაზე ტრადიციული „ზარის დარეკვის“ ცერემონია გაიმართა, რომელმაც კომპანიის კაპიტალის ბაზარზე ოფიციალურად შესვლა აღნიშნა. ობლიგაციების ლისტინგის ცერემონიას AMX-ის აღმასრულებელი დირექტორი ჰაიკ ეგანიანი, Converse Bank-ის აღმასრულებელი დირექტორი და მმართველი საბჭოს თავმჯდომარე გრანტ აკოფიანი და EBRD-ის სომხეთის ოფისის ხელმძღვანელი რემონ ზაქარია დაესწრნენ.
8 სექტემბრიდან ინვესტორებს „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ ობლიგაციებით ბირჟაზე ვაჭრობაში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ. ამისთვის მათ შეუძლიათ მიმართონ ბანკებს ან საინვესტიციო კომპანიებს, რომლებიც ბირჟის წევრები არიან.
სხვა სიახლეები
ტრამპი ამერიკელებს 5 000 დოლარის გადახდას ჰპირდება, თუ შუალედურ არჩევნებში „რესპუბლიკელები“ გაიმარჯვებენ
10.09.2026.10:13
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ „რესპუბლიკელები“ ნოემბრის შუალედურ არჩევნებში კონგრესზე კონტროლს შეინარჩუნებენ, თითოეულ ზრდასრულ ამერიკელს 5 000 დოლარის ოდენობის ე.წ. „ტრამპის დივიდენდს“ გადაუხდის. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ეს ამომრჩევლების მისივე პარტიის მხარდასაჭერად გადმობირების უპრეცედენტო მცდელობაა. ტრამპმა ეს წინადადება „რესპუბლიკური“ პარტიის ისტორიაში შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებულ პირველ შეკრებაზე გააჟღერა. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, როგორ განხორციელდება ეს გადახდა და რამდენად იქნება მათი განხორციელება კანონთან შესაბამისობაში. აშშ-ში დაახლოებით 270 მილიონი ზრდასრული ადამიანია, რაც იმას ნიშნავს, რომ ინიციატივის ღირებულება დაახლოებით 1,35 ტრილიონი დოლარი იქნება.
თავის გამოსვლაში, რომელიც 1 საათსა და 45 წუთს გაგრძელდა, ტრამპმა საკუთარი პრეზიდენტობის პირველ ორ წელს „პრეზიდენტობის ისტორიაში უდიდესი ორი წელი“ უწოდა. ამით მან საკუთარი თავი არჩევნების ეპიცენტრში მოაქცია, მიუხედავად იმისა, რომ მისი პოპულარობა სულ უფრო მცირდება, წერს სააგენტო.
თუმცა, გაურკვეველია, რამდენად მოეწონება მისი წინასაარჩევნო კამპანიის მსგავსი გამოსვლა იმ გადამწყვეტ ამომრჩევლებს, რომლებიც, საზოგადოებრივი აზრის კვლევების მიხედვით, ტრამპის პარტიისგან დისტანცირდებიან. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ცხოვრების გაძვირებითა და ირანთან ომით გამოწვეული მზარდი უკმაყოფილებაა.
„თუ ამერიკის მომავალს რადიკალ მემარცხენე „დემოკრატებს“ გადავცემთ, ჩვენი ქვეყანა მომდევნო ათწლეულს მხოლოდ ფეხზე წამოდგომას მოანდომებს. მიეცით ხმა „რესპუბლიკელებს“ და ჩვენ მსოფლიოს თაობების განმავლობაში უკან მოვიტოვებთ“, - განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ში შუალედური არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება.