EBRD უკრაინის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს ამცირებს
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) უახლესი ეკონომიკური ანგარიშის თანახმად, უკრაინის მაკროეკონომიკური პერსპექტივა გაუარესდა.
EBRD-ის მიერ გამოქვეყნებული „რეგიონული ეკონომიკური პერსპექტივების“ (REP) ანგარიშის მიხედვით, უკრაინის რეალური მშპ-ის ზრდა 2026 წელს 1.5%-ს შეადგენს. პროგნოზი 2026 წლის ივნისში არსებულ 2.2%-იან მაჩვენებელთან შედარებით შემცირებულია. 2027 წელს ბანკი ზრდის 2.5%-მდე დაჩქარებას ელოდება, თუმცა ეს მაჩვენებელიც ივნისის პროგნოზთან შედარებით 1.5 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული. ეკონომიკური პერსპექტივა მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული ომის შემდგომ განვითარებაზე და გარე ფინანსური მხარდაჭერის ხელმისაწვდომობაზე.
ინფლაციამაც კვლავ დაიწყო დაჩქარება და ივლისში 7.7%-ს მიაღწია. ამის მიზეზებს შორისაა ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტთან დაკავშირებული საწვავისა და ენერგიის ფასების ზრდა, გაცვლითი კურსის ცვლილებების გავლენა ფასებზე და შრომის ბაზარზე არსებული ფართო წნეხი.
EBRD, რომელიც უკრაინის უმსხვილესი ინსტიტუციური ინვესტორია, ომის დაწყების შემდეგ ქვეყნის მხარდაჭერას მნიშვნელოვნად ზრდის. 2022 წლის თებერვალში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ბანკმა უკრაინისთვის €10.8 მილიარდი გამოყო. აღნიშნული მხარდაჭერა მიმართულია რეალური ეკონომიკის გაძლიერებისკენ, მათ შორის ენერგეტიკული უსაფრთხოების, კრიტიკული ინფრასტრუქტურის, სასურსათო უსაფრთხოების, ვაჭრობისა და კერძო სექტორის მხარდაჭერის მიმართულებებით.
სხვა სიახლეები
ეროვნული ბანკის დელეგაცია ეკატერინე გალდავას ხელმძღვანელობით სამხრეთ კორეაში იმყოფებოდა
18.11.2026.11:33
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე გალდავა, ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების და საგადახდო სისტემების დეპარტამენტების წარმომადგენლებთან ერთად სამუშაო ვიზიტით სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში იმყოფებოდა.
ვიზიტი საქართველოს ეროვნულ ბანკსა და კორეის ცენტრალურ ბანკს (Bank of Korea) შორის გაფორმებული ორმხრივი თანამშრომლობის შეთანხმების საფუძველზე, ცოდნის პარტნიორობის პროგრამის (Knowledge Partnership Program - KPP) ფარგლებში განხორციელდა.
საქართველოს ეროვნული ბანკისა და კორეის ცენტრალური ბანკის ერთობლივ პროექტის მიზანი საქართველოში ღია ბანკინგისა და ღია ფინანსების განვითარებისთვის საერთაშორისო გამოცდილების შესწავლა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებაა.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკის დელეგაციამ შეხვედრები გამართა კორეის ცენტრალური ბანკის, კორეის საფინანსო სატელეკომუნიკაციო და კლირინგის ინსტიტუტის (Korea Financial Telecommunications and Clearings Institute - KFTC) და სხვა შესაბამისი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს სამხრეთ კორეის გამოცდილება საგადახდო ინფრასტრუქტურის განვითარების, ღია ბანკინგისა და ღია ფინანსების დანერგვის, ინოვაციური საგადახდო მომსახურებებისა და ფინანსურ სექტორში კონკურენციის ხელშეწყობის მიმართულებით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ღია ბანკინგის როლს საგადახდო მომსახურებების განვითარებაში, ალტერნატიული საგადახდო არხების შექმნასა და მომხმარებლებისთვის ფინანსურ მომსახურებებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას.
ეკატერინე გალდავას განცხადებით, საქართველოს ეროვნული ბანკისთვის პრიორიტეტულია თანამედროვე, უსაფრთხო და კონკურენტული საგადახდო ეკოსისტემის განვითარება, რაშიც მნიშვნელოვანი როლი ღია ბანკინგისა და ღია ფინანსების შესაძლებლობების გამოყენებას ენიჭება
„საქართველოს ეროვნული ბანკი აქტიურად მუშაობს ისეთი საგადახდო გარემოს ჩამოყალიბებაზე, რომელიც ხელს შეუწყობს ინოვაციების დანერგვას, კონკურენციის გაძლიერებასა და მომხმარებლებისთვის მრავალფეროვანი ფინანსური მომსახურებების შეთავაზებას. სამხრეთ კორეას ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს. ცოდნის პარტნიორობის პროგრამა გვაძლევს შესაძლებლობას, გავეცნოთ პრაქტიკაში დანერგილ გადაწყვეტილებებს და შევაფასოთ მათი გამოყენების პერსპექტივები საქართველოს საგადახდო ბაზარზე“, - აღნიშნა ეკატერინე გალდავამ.
საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობას და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ღია ბანკინგისა და ღია ფინანსების შემდგომ განვითარებას, საგადახდო მომსახურებების ეფექტიანობის ზრდასა და ფინანსური ეკოსისტემის ინოვაციურ ტრანსფორმაციას.