EBRD უზბეკეთში მეწარმეობას უჭერს მხარს
უზბეკეთში უფრო მეტ ახალგაზრდა მეწარმეს ექნება დაფინანსებაზე წვდომის შესაძლებლობა Davr Bank-ის მიერ საკრედიტო საქმიანობის გაფართოების შედეგად, რომელიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ცენტრალური აზიისთვის განკუთვნილი პროგრამის „ახალგაზრდები ბიზნესში“ (Youth in Business - YiB) ფარგლებში ხორციელდება. პროგრამა ორიენტირებულია მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებზე (MSMEs), რომლებსაც 35 წლამდე ასაკის პირები ფლობენ ან მართავენ.
პროგრამის ფარგლებში EBRD Davr Bank-ს 25 მილიონ აშშ დოლარამდე (22 მილიონი ევრო) სესხს გამოუყოფს. აღნიშნული დაფინანსების სულ მცირე ერთი მესამედი ქალების მიერ მართულ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებს მოხმარდება. ამასთან, Davr Bank განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს უზბეკეთის სოფლებში მოქმედ საწარმოებს.
უზბეკეთის მთავრობის მონაცემებით, ქვეყნის მოსახლეობის 26%-ზე მეტი 30 წლის ან ნაკლები ასაკისაა. ახალგაზრდები წარმოადგენენ სამუშაო ძალას, რომელსაც ტექნოლოგიური და ციფრული უნარები გააჩნია და რომლისთვისაც მომდევნო წლებში ახალი სამუშაო ადგილების შექმნა მნიშვნელოვანი იქნება. აღნიშნული შესაძლებლობების შექმნა EBRD-ის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.
პროექტი ასევე ხელს შეუწყობს დედაქალაქის ფარგლებს გარეთ ახალგაზრდა მეწარმეების მიერ მართული მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ფინანსური მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდას. ამასთან, Davr Bank-ს შესაძლებლობა ექნება, კიდევ უფრო განავითაროს ახალგაზრდა მეწარმეების მომსახურებაზე ორიენტირებული საბანკო პროდუქტები და სისტემები.
EBRD-ს უზბეკეთში დღემდე 219 პროექტის ფარგლებში თითქმის 7.3 მილიარდი აშშ დოლარის (6.5 მილიარდი ევრო) ინვესტიცია აქვს განხორციელებული. აღნიშნული რესურსების უდიდესი ნაწილი კერძო მეწარმეობის მხარდაჭერისკენ არის მიმართული.
სხვა სიახლეები
SAP ძვირადღირებულ AI მოდელებს უფრო იაფი ალტერნატივებით ანაცვლებს და €2 მილიარდზე მეტი ეკონომიკური სარგებლის მიღებას გეგმავს
03.11.2026.14:00
გერმანული პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი კომპანია SAP-ი, რომლის პროდუქტებსაც მსოფლიოს მრავალი უმსხვილესი კომპანია იყენებს, საკუთარ სისტემებში ინტეგრირებულ ძვირადღირებულ ხელოვნური ინტელექტის მოდელებს უფრო იაფი ალტერნატივებით ანაცვლებს. კომპანიის მოლოდინით, აღნიშნული ცვლილება ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ეფექტიანობის გაუმჯობესების შედეგად 2 მილიარდ ევროზე მეტი ეკონომიკური სარგებლის მიღებას შეუწყობს ხელს.
SAP-ი იყენებს ხელოვნური ინტელექტის 70-ზე მეტ მოდელს, მათ შორის OpenAI-ის, Anthropic-ისა და Google-ის მიერ შემუშავებულ მოდელებს. კომპანია სულ უფრო ხშირად ირჩევს ყველაზე დაბალფასიან მოდელს, რომელსაც კონკრეტული ამოცანის შესრულება ხარისხის დადგენილი სტანდარტების შესაბამისად შეუძლია. ამასთან, ხელოვნური ინტელექტის გამოყენების გაფართოების პარალელურად, კომპანია ამ მიმართულებით საერთო ხარჯების ზრდას კვლავ ელოდება.