Energean ეგვიპტეში BP-ის ნავთობისა და გაზის აქტივების შესაძენად ექსკლუზიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს
გაზის მწარმოებელი კომპანია Energean (ENOG.L) ეგვიპტეში BP-ის ნავთობისა და გაზის მოპოვების მიმართულების ზოგიერთი აქტივის შესაძენად ექსკლუზიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს.
გარიგების ღირებულებამ, შესაძლოა, BP-ისთვის დაახლოებით 1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინოს. წყაროების ცნობით, გარიგება მოიცავს BP-ის წილებს მოქმედ ოფშორულ West Nile Delta-ს აქტივებში, რომელსაც კომპანია Harbour-თან (HBR.L) ერთად ფლობს, ასევე მის 50%-იან კონტრაქტორულ წილს აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში მდებარე Temsah-ის კონცესიაში.
BP-მ, რომელმაც ეგვიპტეში ექვსი ათწლეულის განმავლობაში 35 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა, გასულ წელს ქვეყანაში დღეში 518 მილიონი კუბური ფუტი ბუნებრივი გაზი აწარმოა, რაც 2024 წელთან შედარებით დაახლოებით 40%-ით, ხოლო 2023 წელთან შედარებით თითქმის 60%-ით ნაკლებია.
პორტფელის გამარტივებისა და ვალისა და ხარჯების შემცირების უფრო ფართო სტრატეგიის ფარგლებში, წყაროების ცნობით, BP შეინარჩუნებს ეგვიპტურ აქტივებს, რომლებსაც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაფუძნებულ XRG-სთან ერთობლივი საწარმოს, Arcius-ის, მეშვეობით ფლობს. მათ შორის არის გიგანტური Zohr-ის გაზის საბადო.
სხვა სიახლეები
ტრამპის მარშრუტი TRIPP აზერბაიჯანთან და საქართველოსთან საზღვრის გადაკვეთის პროცედურებს გაამარტივებს - მირზოიანი
23.10.2026.09:10
სომხეთის ეროვნული ასამბლეა განიხილავს კანონპროექტს, რომელიც ,,ტრამპის მარშრუტის“ (TRIPP) ფარგლებში სომხეთსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ჩარჩო შეთანხმების რატიფიცირებას ითვალისწინებს.
აღნიშნული განცხადება სომხეთის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ვაჭრობის მინისტრმა არარატ მირზოიანმა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში TRIPP-ის შეთანხმების პროექტის წარდგენისას გააკეთა.
მირზოიანის განცხადებით, TRIPP საზღვრის გადაკვეთის პროცედურებს გაამარტივებს არა მხოლოდ აზერბაიჯანთან, არამედ საქართველოსა და ირანთანაც.
„იმედი მაქვს, თურქეთთან საზღვარიც გაიხსნება და ამის შემდეგ ვიფიქრებთ, როგორ გავუმარტივოთ ცხოვრება მეწარმეებსა და მოქალაქეებს“, - აღნიშნა მან.
მირზოიანმა ასევე ისაუბრა იმაზე, თუ სად შეიძლება განთავსდეს TRIPP-ის ფარგლებში დაგეგმილი სხვა ინფრასტრუქტურა, სარკინიგზო ხაზის გარდა.
„შესაძლოა, ნავთობსადენმა სომხეთის ჩრდილოეთ ნაწილზე გაიაროს. მარშრუტი ჯერ განსაზღვრული არ არის. შესაბამისად, TRIPP-ის ზომაზე ვერ ვისაუბრებ, რადგან ასეთი განსაზღვრული პარამეტრი არ არსებობს“, - განაცხადა მირზოიანმა.