ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ნინო ჯელაძემ სინგაპურის ფინტექ ფესტივალში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ნინო ჯელაძემ და საგადახდო მომსახურების პროვაიდერების ზედამხედველობისა და ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების რეგისტრაციის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი გოგუაძემ სინგაპურის ფინტექ ფესტივალში მიიღეს მონაწილეობა.
Singapore FinTech Festival 2025 გლობალური ფინანსური ეკოსისტემისთვის გარდამტეხი პროცესების მიმოხილვასა და მომავლის ფინანსური არქიტექტურის ჩამოყალიბებაზე მსჯელობას დაეთმო. პანელურ დისკუსიებზე მონაწილეებმა აკადემიური კვლევები და პოლიტიკის შემქმნელთა ხედვები განიხილეს.
ფესტივალის ფარგლებში სებ-ის დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს სხვადასხვა ცენტრალური ბანკისა თუ საზედამხედველო სტრუქტურის წარმომადგენლებთან, მათ შორის გერმანიის ფინანსურ ფედერალურ სამსახურთან - BaFin, ესპანეთის ფასიანი ქაღალდების ეროვნულ კომისიასთან, ომანის ცენტრალურ ბანკთან, ბრიტანეთის კოლუმბიის (კანადა) ფასიანი ქაღალდების ზედამხედველობის კომისიასთან - BCSC, ჩეხეთის რეგულირების სენდბოქსთან და სხვა.
„მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის რეგულატორებთან გამართული შეხვედრები მიზნად ისახავს გამოცდილების გაზიარებას და ქვეყნის მარეგულირებელი ჩარჩოს დაახლოებას საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან და ვირტუალური აქტივების სფეროში არსებული გამოწვევების გაანალიზებას სხვადასხვა ქვეყნის საზედამხედველო უწყებების კოლეგებთან, რათა მოხდეს თანამედროვე ტექნოლოგიების და პასუხისმგებლიანი ინოვაციების განვითარების ხელშეწყობა“, - აღნიშნა ნინო ჯელაძემ.
ფესტივალის ფარგლებშივე ნინო ჯელაძე მსოფლიოს ერთ-ერთ ლიდერ ფინტექ კომპანია Ant International-ის უფროს ვიცე პრეზიდენტს ლეიმინგ ჩენს შეხვდა.
Ant International ტრანსსასაზღვრო და QR კოდებით გადახდებში სპეციალიზდება, მართავს გლობალურ გადახდის პლატფორმებს Alipay+ და ციფრული საფულეების ეკოსისტემას აზიის, ევროპის, ახლო აღმოსავლეთის და ლათინური ამერიკის მასშტაბით.
შეხვედრისას მხარეებმა საგადახდო სისტემების ურთიერთდაკავშირებადობისა და QR კოდით გადახდის განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
სინგაპურის ფინტექ ფესტივალი ყოველწლიურად იმართება და მსოფლიოში ყველაზე დიდი ფინტექ გამოფენაა. ეს არის საერთაშორისო პლატფორმა, სადაც მრავალდიაპაზონიანი დისკუსიები ქმნის საფუძველს მომავალი ათწლეულის ფინანსური და მონეტარული სისტემის სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრისთვის.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.