ევროკავშირი უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს კრედიტის გადასაცემად პირობების გამკაცრებას გეგმავს - Bloomberg
ევროკავშირი აპირებს გაამკაცროს პირობები უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის კრედიტის გამოსაყოფად. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ევროკავშირი ფულის გადაცემის წინაპირობად არაპოპულარული რეფორმების გატარებას აყენებს. კერძოდ, ბრიუსელს სურს, რომ უკრაინამ ბიზნესისთვის საგადასახადო რეფორმები გაატაროს, სანამ ფულს მიიღებს.
როგორც გამოცემა წერს, გადახდების ნაწილი დამოკიდებული იქნება ბიზნესისთვის არაპოპულარული საგადასახადო ცვლილებების დანერგვაზე, კერძოდ, 20%-იანი დამატებითი ღირებულების გადასახადის შემოღებაზე იმ კომპანიებისთვის, რომლებიც მუშაობენ შეღავათიანი სისტემით და მათი წლიური შემოსავალი 4 მილიონ გრივნაზე მეტია.
გეგმას ევროკომისია უკვე განიხილავს. ჯერ საუბარია მხოლოდ 8,4 მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსურ დახმარებაზე, რომელიც კიევმა მიმდინარე წელს უნდა მიიღოს, რათა რუსულ აგრესიას გაუმკლავდეს.
როგორც სააგენტოს რამდენიმე ანონიმურმა წყარომ განუცხადა, კიევი თავის მეორე უმსხვილეს დონორს, საერთაშორისო სავალუტო ფონდს სთხოვს გადადოს ანალოგიური მოთხოვნების შემოღება, რათა 8 მილიარდი დოლარის ოდენობის კრედიტი დროულად მიიღოს.
სხვა სიახლეები
ევროპის ცენტრალური ბანკი დეკემბერში საპროცენტო განაკვეთის შესაძლო ზრდაზე მიანიშნებს
03.11.2026.18:00
ევროპის ცენტრალურმა ბანკმა (ECB) ხუთშაბათს, წინასწარი მოლოდინების შესაბამისად, საპროცენტო განაკვეთები უცვლელად დატოვა, თუმცა მკაფიოდ მიანიშნა დეკემბერში განაკვეთების შესაძლო ზრდაზე.
მიმდინარე წელს ევროპის ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთები უკვე ორჯერ გაზარდა, რათა მიმდინარე კონფლიქტით გამოწვეული ენერგორესურსების ფასების ზრდა ხანგრძლივ ინფლაციურ პროცესში არ გადაზრდილიყო. ამასთან, ბანკმა მიანიშნა, რომ შესაძლოა მონეტარული პოლიტიკის დამატებითი გამკაცრება გახდეს საჭირო, თუმცა ინფლაციის სახიფათო მეორე რაუნდის ეფექტების დამადასტურებელი ფაქტორების გარეშე გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს.