ევროზონის რომელ ქვეყანაშია ყველაზე დაბალი უმუშევრობა
ევროზონის უმუშევრობის დონე აგვისტოში ივლისთან შედარებით 0,1 პუნქტით, 6.4%-მდე დაეცა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
ევროსტატის შესწორებული მონაცემებით, ივლისში უმუშევრობის მაჩვენებელი 6.5%-ის დონეზე იყო და არა 6.4%, როგორც ადრე იყო გაცხადებული.
Trading Economics-ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსებიც აგვისტოში უმუშევრობას 6,4%-ს პროგნოზირებდნენ.
ირკვევა რომ ევროზონაში უმუშევრობის არსებული მაჩვენებელი, ამ მონაცემების გამოქვეყნების ისტორიაში, ყველაზე დაბალია. ბოლოჯერ აღნიშნული მაჩვენებელი ამ დონემდე მიმდინარე წლის ივნისში დაეცა. შედარებისთვის, 2022 წლის აგვისტოში უმუშევრობა ევროზონაში 6,7%-ს შეადგენდა.
გასულ თვეში ევროზონაში უმუშევართა რაოდენობამ 10,856 მილიონი ადამიანი შეადგინა, არსებული მონაცემები კი ივლისთან შედარებით 107 ათასით, ხოლო 2022 წლის აგვისტოსთან შედარებით 407 ათასით შემცირდა.
ახალგაზრდების უმუშევრობის (მოსახლეობა 25 წლამდე) მაჩვენებელი გასულ თვეში 13,8%-მდე დაეცა ივლისის 13,9%-იანი მაჩვენებლებიდან, რაც ასევე რეკორდულად დაბალია.
უმუშევრობის ყველაზე დაბალი დონე ევროზონის უმსხვილეს ქვეყნებს შორის დაფიქსირდა გერმანიაში (3%), ყველაზე მაღალი ესპანეთში (11,5%). საფრანგეთსა და იტალიაში უმუშევრობამ აგვისტოში 7,3% შეადგინა.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.