Fitch-მა ბაზისბანკის პერსპექტივა ლიბერთის შეძენის გამო დადებითისკენ გააუმჯობესა
Fitch Ratings-მა გადახედა ბაზისბანკის პერსპექტივას სტაბილურიდან პოზიტიურისკენ და დაადასტურა გრძელვადიანი ემიტენტის დეფოლტის რეიტინგი (IDR) „B+“-ზე.
რეიტინგის ცვლილება უკავშირდება ბაზისბანკის მიერ ლიბერთი ბანკის 96%-იანი წილის შეძენას, რომლის სრულ ინტეგრაციასაც ჯგუფი 2026 წლის ბოლოსთვის გეგმავს. აღნიშნული ტრანზაქცია ძირითადად დაფინანსებულია აქციონერების მიერ მოზიდული სახსრებით.
პერსპექტივის პოზიტიურად გადახედვა ასახავს Fitch-ის შეფასებას, რომ აღნიშნულმა შესყიდვამ საშუალოვადიან პერიოდში შესაძლოა დადებითი გავლენა მოახდინოს ბაზისის კონსოლიდირებულ ჯგუფზე, რაც განპირობებულია ბიზნესის მასშტაბის მნიშვნელოვნი ზრდით, კონკურენტული პოზიციის გაძლიერებით და დივერსიფიკაციის გაუმჯობესებით.
Fitch-ის შეფასებით შიდა ეკონომიკური პირობების სიძლიერე კვლავაც დადებითად აისახება ბანკების მაჩვენებლებზე. მიგრანტების მნიშვნელოვანი როლი, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების და ტურიზმის სექტორების ძლიერი განვითარება, ასევე საქართველოს გაზრდილი როლი სატრანზიტო ვაჭრობაში, 2022–2024 წლებში რეალური მშპ-ის საშუალო ზრდას 9.5%-მდე ზრდიდა.
"2025 წელს ეკონომიკური ზრდა 7.5% იყო, ხოლო Fitch-ის პროგნოზით, 2026–2027 წლებში საშუალო ზრდა 5%-ის ფარგლებში იქნება. ირანთან კონფლიქტის გავლენა ჯერჯერობით შეზღუდულია საბანკო სექტორზე, ეროვნულ ვალუტასა და ეკონომიკურ ზრდაზე.
ლიბერთი ბანკის (სექტორის აქტივების 5.6% 2025 წლის ბოლოსთვის) შეძენა ბაზისის მიერ (4.5%) მნიშვნელოვნად - ორჯერ მეტად ზრდის კონსოლიდირებული ჯგუფის ზომას და მას საბანკო სექტორში მესამე უმსხვილეს ჯგუფად აქცევს. აღნიშნული შესყიდვა ასევე გააძლიერებს ბანკის კონკურენტულ პოზიციას და დივერსიფიკაციას " , - აღნიშნულია ანგარიშში.
სხვა სიახლეები
Lion Finance Group-ის შვილობილი, Ameriabank-ი სომხეთის ყველაზე ინოვაციურ ციფრულ ბანკად დასახელდა Global Finance-ის მიერ
05.10.2026.11:53
Lion Finance Group-ის შვილობილმა Ameriabank-მა Global Finance-ის მიერ „საუკეთესო ციფრული ბანკის“ (Best Digital Bank Awards) კონკურსში ცხრა ჯილდო მიიღო, მათ შორის, რვა ქვეყნის დონეზე და ერთი რეგიონული აღიარების ფარგლებში.
გამარჯვებულები შეფასდნენ სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით, მათ შორის, ციფრული მომხმარებლების მოზიდვისა და მომსახურების სტრატეგიის ეფექტიანობით, ციფრული შეთავაზებების გამოყენებაზე მომხმარებლების გადაყვანის წარმატებით, ციფრული მომხმარებლების რაოდენობის ზრდით, პროდუქტებისა და მომსახურებების მრავალფეროვნებით, ციფრული ინიციატივებიდან მიღებული ხელშესახები სარგებლის არსებობით, ასევე ვებ- და მობილური პლატფორმების დიზაინითა და ფუნქციონალით.
Global Finance-ის შეფასებით, Ameriabank-ის ციფრული ეკოსისტემა საუკეთესო აღმოჩნდა რამდენიმე კატეგორიაში, მათ შორის ინოვაციის, ციფრული ტრანსფორმაციის, ონლაინ გადახდების, ონლაინ პროდუქტებისა და მომსახურებების, მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების პლატფორმისა და სხვა მიმართულებებით.
Ameriabank-ის მიერ მიღებული ჯილდოების სრული ჩამონათვალი:
ყველაზე ინოვაციური ციფრული ბანკი;
საუკეთესო ციფრულ ტრანსფორმაციაში;
საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკი;
საუკეთესო ონლაინ პროდუქტების შეთავაზებები;
საუკეთესო ონლაინ გადახდების გადაწყვეტა;
საუკეთესო სოციალური მედიის მარკეტინგსა და მომსახურებაში;
საუკეთესო მცირე და საშუალო ბიზნესის პლატფორმა;
საუკეთესო სავაჭრო ფინანსირების მომსახურება სომხეთში;
საუკეთესო სავაჭრო ფინანსირების მომსახურება ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში (CEE).
კონკურსში წარდგენილი განაცხადები შეფასდა Infosys-ის პროფესიონალი ჟიურის მიერ. Infosys ტექნოლოგიების, საკონსულტაციო და აუთსორსინგის მიმართულებით მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა. გამარჯვებულთა საბოლოო შერჩევა Global Finance-ის რედაქტორებმა განახორციელეს.
Global Finance-ის ჯილდოები ფინანსურ სამყაროში ერთგვარი ხარისხის ნიშანია. გამარჯვებულებს გლობალური ტექნოლოგიური კომპანია Infosys-ის ჟიური და Global Finance-ის რედაქტორები არჩევენ. ისინი აფასებენ არა მხოლოდ პროდუქტის დიზაინს, არამედ მომხმარებელზე ორიენტირებულ მიდგომას, პროდუქტის უკან მდგარ სტრატეგიას, უსაფრთხოებასა და რეალურ, გაზომვად შედეგებს.
მოდით, გამოვყოთ რამდენიმე ჯილდო, რომელსაც პირდაპირი სარგებელი მოაქვს.