გიორგი ახალკაცი EBRD-ის ტუნისის ოფისის ხელმძღვანელად დაინიშნა
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) გიორგი ახალკაცი ტუნისის ახალი ოფისის ხელმძღვანელად დანიშნა.
გიორგი ახალკაცი ახალ თანამდებობას 2026 წლის 1 სექტემბერს დაიკავებს და საქმიანობას ბანკის მუდმივ წარმომადგენლობაში დედაქალაქ ტუნისში გააგრძელებს. ის უხელმძღვანელებს ბანკის ინვესტიციებსა და ოპერაციებს ტუნისში და ანგარიშვალდებული იქნება სამხრეთ და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის მიმართულების მმართველი დირექტორის წინაშე.
გიორგი EBRD-ს 2009 წელს შეუერთდა და ამჟამად სომხეთის ოფისის ხელმძღვანელია. ახალ პოზიციაზე ის გამოიყენებს ბანკის ტუნისთან წარმატებული პარტნიორობის მრავალწლიან გამოცდილებას.
სომხეთის ოფისის ხელმძღვანელად დანიშვნამდე, ის მუშაობდა EBRD-ის თბილისის წარმომადგენლობაში, ასევე ბანკის წარმოებისა და მომსახურების და საკრედიტო რისკების მართვის გუნდებში ლონდონში.
EBRD ტუნისში 2012 წლიდან ოპერირებს. მისი ძირითადი მიზანია ეკონომიკის დივერსიფიკაციის ხელშეწყობა სხვადასხვა სექტორში ინვესტიციების მხარდაჭერით, ასევე ფინანსური სექტორისა და მცირე და საშუალო ბიზნესების განვითარება.
მას შემდეგ, რაც ბანკმა ქვეყანაში საქმიანობა დაიწყო, მან 90 პროექტში 3 მილიარდ ევროზე მეტი ინვესტიცია განახორციელა, რომლის 65% კერძო სექტორზე მოდის.
სხვა სიახლეები
რაც შეეხება საქართველოს, ძლიერი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ - მთავრობის ბიზნესსაჭიროებებზე მორგებული პოლიტიკის წყალობით, საქართველო მნიშვნელოვან ბიზნესჰაბად ყალიბდება l პაველ დუროვი
24.07.2026.12:24
„ტელეგრამის“ დამფუძნებელი, პაველ დუროვი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში საქართველოს მიმართ აღტაცებას გამოთქვამსდა საქართველოს მთავრობის ბიზნესპოლიტიკასა და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას უსვამს ხაზს.
„რაც შეეხება საქართველოს, ძლიერი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. ქვეყანა ცნობილია თავისი თბილი ხალხით, უძველესი კულტურით, ადგილობრივი სამზარეულოთი და განსაცვიფრებელი პეიზაჟებით. თუმცა ყველაფერი ამით არ მთავრდება. მთავრობის ბიზნესსაჭიროებებზე მორგებული პოლიტიკის წყალობით, საქართველო მნიშვნელოვან ბიზნესჰაბად ყალიბდება. ქვეყნის ეკონომიკა 5 წელიწადში გაორმაგდა და წლიურად კვლავ 8%-ით იზრდება. საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიები მოგების გადასახადს არ იხდიან (0%), დივიდენდებსა და ხელფასებზე კი მხოლოდ 5%-იანი გადასახადი მოქმედებს. საქართველო, როგორც ტურისტული და ბიზნესმიმართულება, სერიოზულად დაუფასებელია. ძალიან მალე დავბრუნდები!“ - განაცხადა დუროვმა.