გლობალური ეკონომიკა ენერგეტიკულ შოკს უმკლავდება, თუმცა ფისკალური რისკები შეშფოთებას იწვევს - კრისტალინა გეორგიევა
საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მმართველმა დირექტორმა კრისტალინა გეორგიევამ სამშაბათს განაცხადა, რომ გლობალურმა ეკონომიკამ მიმდინარე კონფლიქტთან დაკავშირებული ენერგეტიკული შოკი მოსალოდნელზე უკეთ გადაიტანა, თუმცა მან შეშფოთება გამოთქვა ზოგიერთ ქვეყანაში ფისკალური მდგომარეობის გაუარესების გამო, რაც ობლიგაციების შემოსავლიანობის ზრდასა და დეზინფლაციის პროცესის შეჩერებაში გამოიხატება.
მისი თქმით, გლობალური ეკონომიკური პერსპექტივის მიმართ არსებული რისკები აპრილთან შედარებით უფრო დაბალანსებულია, თუმცა კვლავ დაღმავალი მიმართულებით არის გადახრილი, რაც მზარდი ფისკალური წნეხითა და იმის ალბათობით არის განპირობებული, რომ ინფლაციის კონტროლისთვის ცენტრალურ ბანკებს მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება მოუწევთ.
„გლობალური ეკონომიკური ზრდა წინააღმდეგობას უწევს მაღალი ვალის დონით, მდგრადი ინფლაციითა და სავაჭრო დაძაბულობით გამოწვეულ ძლიერ წინააღმდეგობებს. ჯერჯერობით, მან ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვით გამოწვეული ენერგეტიკული შოკი, ჩვენი მოლოდინისგან განსხვავებით, უკეთ გადაიტანა, რასაც მთელი რიგი ფაქტორების ერთობლიობამ შეუწყო ხელი“, - განაცხადა გეორგიევამ.
ამ ფაქტორებს შორისაა მრავალი ქვეყნის მიერ ნავთობისა და გაზის მარაგების გამოყენება, ყურის რეგიონის ფარგლებს გარედან ენერგომომარაგების ზრდა, ენერგიაზე მოთხოვნის შემცირება, განახლებადი ენერგიის სიმძლავრეების ზრდა და ზოგიერთ ქვეყანაში ქვანახშირზე ელექტროენერგიის წარმოების დაბრუნება.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.