„იმედი“ რეგულარულად ავრცელებს კონტენტს, თითქოს უკრაინა დასავლეთის ხელში მარიონეტია, კორუმპირებული ქვეყანაა და უკრაინა და დასავლეთი საქართველოში სიტუაციის დესტაბილიზაციას ცდილობენ - რა მიზეზით დაასანქცირა დიდმა ბრიტანეთი „იმედი“
დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ქართული ტელეკომპანიების, „იმედისა“ და „პოსტივის“ წინააღმდეგ სანქციები შემოიღო. შესაბამისი ინფორმაცია ბრიტანეთის მთავრობის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.
„იმედთან“ დაკავშირებით სანქციების შემოღების ერთ-ერთ მიზეზად სახელდება ის, თითქოს, ტელეკომპანია უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრასთან დაკავშირებით განზრახ ისეთ ინფორმაციას ავრცელებდა, რომელსაც მოსახლეობა შეცდომაში შეჰყავდა და უკრაინის დესტაბილიზაციას იწვევდა.
„იმედს“ აგრეთვე აბრალებენ, რომ ის რეგულარულად ავრცელებს კონტენტს იმის შესახებ, თითქოს უკრაინის მთავრობა და პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არალეგიტიმურები არიან, უკრაინა დასავლეთის ხელში მარიონეტია, კორუმპირებული ქვეყანაა და უკრაინა და დასავლეთი საქართველოში სიტუაციის დესტაბილიზაციას ცდილობენ.
როგორც ბრიტანეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, „იმედს“ ანგარიშები გაეყინება, მოხდება მისი დირექტორის დისკვალიფიკაცია და მინდობით (ტრასტით) მომსახურების აკრძალვა.
„ქრონიკამ“ კითხვით მიმართა ბრიტანეთის საელჩოს, წარმოადგინოს კონკრეტული ფაქტები, რომელმაც უკრაინაში დესტაბილიზაცია გამოიწვია.
სხვა სიახლეები
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 14 კომპანია გამოფენაში London Wine Fair 2026 მონაწილეობდა
22.05.2026.10:29
ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა „London Wine Fair“ წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას ქართველი მწარმოებლებისთვის ახალი სავაჭრო პარტნიორების მოძიების, ღვინის პოპულარიზაციისა და ექსპორტის გაზრდის კუთხით. გამოფენა ლონდონში 1981 წლიდან ტარდება და ღვინის სექტორში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებად ითვლება. გამოფენას, ტრადიციულად, მსოფლიოს სხვდასხვა ქვეყნიდან ათასობით სტუმარი, მათ შორის, ღვინის ექსპერტი, ღვინით ვაჭრობის სფეროს და მედიის წარმომადგენელი ესწრება.
გამოფენას დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ილია დარჩიაშვილო დაესწრო. გამოფენაზე „London Wine Fair 2026“ ღვინის წარსადგენად ქართველმა მეწარმეებმა მხარდაჭერა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოსგანაც მიიღეს.
გამოფენის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი ბრიტანული კომპანიის „Swirl Wine Group“ ხელმძღვანელმა, ღვინის მაგისტრმა სარა ებოტმა (Sarah Abbott) ღვინის პროფესიონალებისთვის ქართული ღვინის სამი პრეზენტაცია-დეგუსტაცია გამართა.
დიდი ბრიტანეთი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმპორტიორი და ღვინის მომხმარებელი ქვეყანაა, რომელიც 2014 წლიდან გამოიკვეთა როგორც ქართული ღვინის საექსპორტო ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარი. ღვინის ეროვნული სააგენტოს ქართული ღვინის მწარმოებლებთან თანმიმდევრული თანამშრომლობით, შესაძლებელი გახდა ქართული ღვინის ექსპორტის მზარდი ტენდენციის შექმნა. 2026 წლის იანვარ-აპრილში, საქართველოდან დიდ ბრიტანეთში ექსპორტირებული იყო 116,5 ათას ლიტრამდე ღვინო, რაც 2025 წლის მაჩვენებელთან შედარებით 18 %-ითაა გაზრდილი.