ინდოეთი ბრილიანტის იმპორტს ორი თვით აჩერებს
ინდოეთის ალმასის სექტორმა რეკომენდაცია გაუწია ქვეყანაში ალმასის ნედლეულის იმპორტის შეჩერებას. რეგულაცია ძალაში ოქტომბრის შუა რიცხვებიდან შევა და ორი თვის განმავლობაში იქნება აქტიური.
ამის შესახებ ინდუსტრიის ფასების სააგენტოს Rapaport-ის განცხადებაშია აღნიშნული.
უწყების ცნობით, იმპორტის შეჩერება 15 ოქტომბრიდან 15 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება, რის შემდეგაც ქვეყნის სავაჭრო ორგანიზაციების წარმომადგენლები ვითარებას დეკემბრის პირველ კვირაში კვლავ შეისწავლიან.
Rapaport აღნიშნავს, რომ აღნიშნული ღონისძიება COVID-19 პანდემიის შემდეგ ინდუსტრიაში ყველაზე რადიკალურია.
„ეს ალმასით ვაჭრობის მკვეთრი შემცირების საპასუხო ნაბიჯია აშშ-ში ნელი საცალო გაყიდვების, ლაბორატორიაში მოყვანილი ბრილიანტების გაზრდილი კონკურენციის და ჩინეთის ეკონომიკური ვარდნის ფონზე“, - აღნიშნულია Rapaport-ის განცხადებაში.
სხვა სიახლეები
ეროვნული ბანკის დელეგაცია ეკატერინე გალდავას ხელმძღვანელობით სამხრეთ კორეაში იმყოფებოდა
18.11.2026.11:33
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე გალდავა, ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების და საგადახდო სისტემების დეპარტამენტების წარმომადგენლებთან ერთად სამუშაო ვიზიტით სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში იმყოფებოდა.
ვიზიტი საქართველოს ეროვნულ ბანკსა და კორეის ცენტრალურ ბანკს (Bank of Korea) შორის გაფორმებული ორმხრივი თანამშრომლობის შეთანხმების საფუძველზე, ცოდნის პარტნიორობის პროგრამის (Knowledge Partnership Program - KPP) ფარგლებში განხორციელდა.
საქართველოს ეროვნული ბანკისა და კორეის ცენტრალური ბანკის ერთობლივ პროექტის მიზანი საქართველოში ღია ბანკინგისა და ღია ფინანსების განვითარებისთვის საერთაშორისო გამოცდილების შესწავლა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებაა.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკის დელეგაციამ შეხვედრები გამართა კორეის ცენტრალური ბანკის, კორეის საფინანსო სატელეკომუნიკაციო და კლირინგის ინსტიტუტის (Korea Financial Telecommunications and Clearings Institute - KFTC) და სხვა შესაბამისი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს სამხრეთ კორეის გამოცდილება საგადახდო ინფრასტრუქტურის განვითარების, ღია ბანკინგისა და ღია ფინანსების დანერგვის, ინოვაციური საგადახდო მომსახურებებისა და ფინანსურ სექტორში კონკურენციის ხელშეწყობის მიმართულებით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ღია ბანკინგის როლს საგადახდო მომსახურებების განვითარებაში, ალტერნატიული საგადახდო არხების შექმნასა და მომხმარებლებისთვის ფინანსურ მომსახურებებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას.
ეკატერინე გალდავას განცხადებით, საქართველოს ეროვნული ბანკისთვის პრიორიტეტულია თანამედროვე, უსაფრთხო და კონკურენტული საგადახდო ეკოსისტემის განვითარება, რაშიც მნიშვნელოვანი როლი ღია ბანკინგისა და ღია ფინანსების შესაძლებლობების გამოყენებას ენიჭება
„საქართველოს ეროვნული ბანკი აქტიურად მუშაობს ისეთი საგადახდო გარემოს ჩამოყალიბებაზე, რომელიც ხელს შეუწყობს ინოვაციების დანერგვას, კონკურენციის გაძლიერებასა და მომხმარებლებისთვის მრავალფეროვანი ფინანსური მომსახურებების შეთავაზებას. სამხრეთ კორეას ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს. ცოდნის პარტნიორობის პროგრამა გვაძლევს შესაძლებლობას, გავეცნოთ პრაქტიკაში დანერგილ გადაწყვეტილებებს და შევაფასოთ მათი გამოყენების პერსპექტივები საქართველოს საგადახდო ბაზარზე“, - აღნიშნა ეკატერინე გალდავამ.
საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობას და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ღია ბანკინგისა და ღია ფინანსების შემდგომ განვითარებას, საგადახდო მომსახურებების ეფექტიანობის ზრდასა და ფინანსური ეკოსისტემის ინოვაციურ ტრანსფორმაციას.