ინდოეთი ევროკავშირთან სავაჭრო შეთანხმების ფარგლებში ავტომობილებზე ტარიფებს 40%-მდე შეამცირებს
ინდოეთი ევროკავშირთან სავაჭრო შეთანხმების ფარგლებში ავტომობილებზე ტარიფებს 110%-დან 40%-მდე შეამცირებს, - წერს Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით.
Reuters-ს მოლაპარაკებების შესახებ ინფორმირებულმა ორმა წყარომ განუცხადა, რომ პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის მთავრობა დათანხმდა დაუყოვნებლივ შეამციროს გადასახადი 27-ქვეყნიანი ბლოკიდან შეზღუდული რაოდენობის ავტომობილებზე, რომელთა იმპორტის ფასი 15 000 ევროს (17 739 აშშ დოლარი) აღემატება.
გამოცემის თქმით, სავარაუდოდ, ინდოეთი და ევროკავშირი სამშაბათს ოფიციალურად გამოაცხადებენ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხანგრძლივი მოლაპარაკებების დასრულების შესახებ, რის შემდეგაც დეტალები საბოლოოდ დამუშავდება და მოხდება შეთანხმების რატიფიცირდება.
შეთანხმებამ შესაძლოა მნიშვნელოვნად გაზარდოს ორმხრივი ვაჭრობა და ხელი შეუწყოს ინდოეთის ექსპორტს, მათ შორის ტექსტილისა და სამკაულების, რომლებზეც აგვისტოს ბოლოდან აშშ-მა 50%-იანი ტარიფები დააწესა.
იმპორტის დაბალი გადასახადები ხელს შეუწყობს ევროპულ ავტომწარმოებლებს, როგორიცაა Volkswagen, Renault და Stellantis, ასევე პრემიუმ-ბრენდებს Mercedes-Benz-სა და BMW-ს. მიუხედავად იმისა, რომ ეს კომპანიები ინდოეთში უკვე აწარმოებენ ავტომობილებს, მათ ზრდა შეზღუდული ჰქონდათ, ნაწილობრივ სწორედ მაღალი ტარიფების გამო.
„დაბალი გადასახადები საშუალებას მისცემს ავტომწარმოებლებს, უფრო იაფად გაყიდონ იმპორტირებული ავტომობილები და უფრო ფართო მოდელური ხაზით გამოსცადონ ბაზარი, სანამ ადგილობრივ წარმოებაში უფრო დიდ ინვესტიციებს განახორციელებენ“, - განაცხადა ერთ-ერთმა წყარომ.
სხვა სიახლეები
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 14 კომპანია გამოფენაში London Wine Fair 2026 მონაწილეობდა
22.05.2026.10:29
ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა „London Wine Fair“ წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას ქართველი მწარმოებლებისთვის ახალი სავაჭრო პარტნიორების მოძიების, ღვინის პოპულარიზაციისა და ექსპორტის გაზრდის კუთხით. გამოფენა ლონდონში 1981 წლიდან ტარდება და ღვინის სექტორში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებად ითვლება. გამოფენას, ტრადიციულად, მსოფლიოს სხვდასხვა ქვეყნიდან ათასობით სტუმარი, მათ შორის, ღვინის ექსპერტი, ღვინით ვაჭრობის სფეროს და მედიის წარმომადგენელი ესწრება.
გამოფენას დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ილია დარჩიაშვილო დაესწრო. გამოფენაზე „London Wine Fair 2026“ ღვინის წარსადგენად ქართველმა მეწარმეებმა მხარდაჭერა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოსგანაც მიიღეს.
გამოფენის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი ბრიტანული კომპანიის „Swirl Wine Group“ ხელმძღვანელმა, ღვინის მაგისტრმა სარა ებოტმა (Sarah Abbott) ღვინის პროფესიონალებისთვის ქართული ღვინის სამი პრეზენტაცია-დეგუსტაცია გამართა.
დიდი ბრიტანეთი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმპორტიორი და ღვინის მომხმარებელი ქვეყანაა, რომელიც 2014 წლიდან გამოიკვეთა როგორც ქართული ღვინის საექსპორტო ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარი. ღვინის ეროვნული სააგენტოს ქართული ღვინის მწარმოებლებთან თანმიმდევრული თანამშრომლობით, შესაძლებელი გახდა ქართული ღვინის ექსპორტის მზარდი ტენდენციის შექმნა. 2026 წლის იანვარ-აპრილში, საქართველოდან დიდ ბრიტანეთში ექსპორტირებული იყო 116,5 ათას ლიტრამდე ღვინო, რაც 2025 წლის მაჩვენებელთან შედარებით 18 %-ითაა გაზრდილი.