ინგლისის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი შეამცირა
ინგლისის ბანკმა (BOE) წელს პირველად საპროცენტო განაკვეთი შეამცირა, რაც მონეტარული შერბილების გაგრძელების სიგნალს იძლევა, განსაკუთრებით 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის შემცირების ფონზე. როგორც თიბისი კაპიტალის მიერ მომზადებულ კაპიტალის ბაზრების ყოველკვირეულ მიმოხილვაში წერია, ცენტრალურმა ბანკმა საკვანძო საპროცენტო განაკვეთი 25 საბაზო პუნქტით, 4.5%-მდე შეამცირა, ხოლო მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის (MPC) ცხრა წევრიდან შვიდმა ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა. ორი წევრი უფრო აგრესიული შემცირების (50 საბაზისო პუნქტის) მომხრე იყო. გუბერნატორმა ენდრიუ ბეილიმ აღნიშნა, რომ BOE წელს მონეტარული პოლიტიკის შემდგომ შერბილებას ელოდება, თუ ეკონომიკური პირობები პროგნოზთან შესაბამისობაში იქნება. ამასთან, ბანკმა 2025 წლის ზრდის პროგნოზი მკვეთრად შეამცირა —1.5%-დან 0.75%-მდე, რაც ეკონომიკური ინერციის შენელებისა და ინფლაციისა და შრომის ბაზრის გაურკვევლობების ფონზე მიღებული გადაწყვეტილებაა
„ინგლისის ცენტრალური ბანკის ეს ნაბიჯი ხაზს უსვამს მონეტარული პოლიტიკის ცვლილებას, რაც მას სხვა ცენტრალურ ბანკებთან აერთიანებს, რომლებიც ბოლო წლების გამკაცრების შემდეგ პოლიტიკის შერბილების ფაზაზე გადადიან. ბანკის განცხადებაში აღნიშნულია, რომ "ინფლაციის შემცირების კუთხით ბოლო ორ წელიწადში მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული, ვინაიდან გარე შოკები შემცირდა." თუმცა, ცენტრალური ბანკი ფრთხილ და ეტაპობრივ მიდგომას უჭერს მხარს, რათა მონეტარული პოლიტიკის შერბილების პროცესი კონტროლს არ გასცდეს“, აღნიშნულია თიბისი კაპიტალის მიმოხილვაში.
სხვა სიახლეები
Lion Finance Group-ის შვილობილი, Ameriabank-ი სომხეთის ყველაზე ინოვაციურ ციფრულ ბანკად დასახელდა Global Finance-ის მიერ
05.10.2026.11:53
Lion Finance Group-ის შვილობილმა Ameriabank-მა Global Finance-ის მიერ „საუკეთესო ციფრული ბანკის“ (Best Digital Bank Awards) კონკურსში ცხრა ჯილდო მიიღო, მათ შორის, რვა ქვეყნის დონეზე და ერთი რეგიონული აღიარების ფარგლებში.
გამარჯვებულები შეფასდნენ სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით, მათ შორის, ციფრული მომხმარებლების მოზიდვისა და მომსახურების სტრატეგიის ეფექტიანობით, ციფრული შეთავაზებების გამოყენებაზე მომხმარებლების გადაყვანის წარმატებით, ციფრული მომხმარებლების რაოდენობის ზრდით, პროდუქტებისა და მომსახურებების მრავალფეროვნებით, ციფრული ინიციატივებიდან მიღებული ხელშესახები სარგებლის არსებობით, ასევე ვებ- და მობილური პლატფორმების დიზაინითა და ფუნქციონალით.
Global Finance-ის შეფასებით, Ameriabank-ის ციფრული ეკოსისტემა საუკეთესო აღმოჩნდა რამდენიმე კატეგორიაში, მათ შორის ინოვაციის, ციფრული ტრანსფორმაციის, ონლაინ გადახდების, ონლაინ პროდუქტებისა და მომსახურებების, მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების პლატფორმისა და სხვა მიმართულებებით.
Ameriabank-ის მიერ მიღებული ჯილდოების სრული ჩამონათვალი:
ყველაზე ინოვაციური ციფრული ბანკი;
საუკეთესო ციფრულ ტრანსფორმაციაში;
საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკი;
საუკეთესო ონლაინ პროდუქტების შეთავაზებები;
საუკეთესო ონლაინ გადახდების გადაწყვეტა;
საუკეთესო სოციალური მედიის მარკეტინგსა და მომსახურებაში;
საუკეთესო მცირე და საშუალო ბიზნესის პლატფორმა;
საუკეთესო სავაჭრო ფინანსირების მომსახურება სომხეთში;
საუკეთესო სავაჭრო ფინანსირების მომსახურება ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში (CEE).
კონკურსში წარდგენილი განაცხადები შეფასდა Infosys-ის პროფესიონალი ჟიურის მიერ. Infosys ტექნოლოგიების, საკონსულტაციო და აუთსორსინგის მიმართულებით მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა. გამარჯვებულთა საბოლოო შერჩევა Global Finance-ის რედაქტორებმა განახორციელეს.
Global Finance-ის ჯილდოები ფინანსურ სამყაროში ერთგვარი ხარისხის ნიშანია. გამარჯვებულებს გლობალური ტექნოლოგიური კომპანია Infosys-ის ჟიური და Global Finance-ის რედაქტორები არჩევენ. ისინი აფასებენ არა მხოლოდ პროდუქტის დიზაინს, არამედ მომხმარებელზე ორიენტირებულ მიდგომას, პროდუქტის უკან მდგარ სტრატეგიას, უსაფრთხოებასა და რეალურ, გაზომვად შედეგებს.
მოდით, გამოვყოთ რამდენიმე ჯილდო, რომელსაც პირდაპირი სარგებელი მოაქვს.