ისრაელი დაინტერესებულია აზერბაიჯანის გამოცდილების შესწავლით შუა დერეფნის მიმართულებით - ისრაეილის ელჩი
ისრაელი დაინტერესებულია შუა დერეფნის განვითარების მიმართულებით აზერბაიჯანის გამოცდილების შესწავლით, - ამის შესახებ აზერბაიჯანში ისრაელის ელჩმა რონენ კრაუსმა განაცხადა.
„შუა დერეფანი ძალიან საინტერესოა, მათ შორის ბიზნესის პერსპექტივიდანაც, თუმცა, პირველ რიგში, ცოდნისა და გამოცდილების თვალსაზრისით“, - განაცხადა დიპლომატმა.
მისი თქმით, ისრაელი ასევე მუშაობს საკუთარი სატრანსპორტო დერეფნის - IMEC-ის (ინდოეთი–ახლო აღმოსავლეთი–ევროპის ეკონომიკური დერეფანი) შექმნაზე, რომლის მიზანია ინდოეთის ევროპასთან ისრაელის გავლით დაკავშირება.
„ვფიქრობ, აზერბაიჯანის გამოცდილების შესწავლა და იმ საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება, რომელიც მას შუა დერეფნის მიმართულებით შეუძლია, ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა კრაუსმა.
ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტროს სტატისტიკის თანახმად, დერეფნის გასწვრივ გადაზიდული ტვირთების მოცულობა სტაბილურად იზრდება: 2019 წელს 759,000 ტონა, 2020 წელს 783,000 ტონა, 2021 წელს 586,000 ტონა, 2022 წელს 1.485 მილიონი ტონა, 2023 წელს 2.764 მილიონი ტონა, ხოლო 2024 წელს 4.484 მილიონი ტონა.
თურქულ სახელმწიფოთა ორგანიზაციის (OTS) მონაცემებით, 2025 წელს შუა დერეფნის გავლით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 4.7 მილიონ ტონას მიაღწია. 2027 წლისთვის დამატებით 10%-იანი ზრდაა მოსალოდნელი. 2027 წლისთვის შუა დერეფნის ოპერაციული გამტარუნარიანობა, პროგნოზის მიხედვით, წელიწადში 10 მილიონ ტონას მიაღწევს, რაც აზერბაიჯანის სატრანზიტო პოტენციალს გაზრდის და დამატებით ინფრასტრუქტურულ ინვესტიციებს მოიზიდავს.
2026 წლის იანვარ-აგვისტოში შუა დერეფნის გავლით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 53,574 TEU შეადგინა, რაც წლიურად 10.86%-იანი ზრდაა.
ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით (TITR) ტვირთების გადაზიდვის 2030 წლის სამიზნე მაჩვენებელი 11.4 მილიონი ტონაა.
სხვა სიახლეები
ტრამპი ამერიკელებს 5 000 დოლარის გადახდას ჰპირდება, თუ შუალედურ არჩევნებში „რესპუბლიკელები“ გაიმარჯვებენ
10.09.2026.10:13
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ „რესპუბლიკელები“ ნოემბრის შუალედურ არჩევნებში კონგრესზე კონტროლს შეინარჩუნებენ, თითოეულ ზრდასრულ ამერიკელს 5 000 დოლარის ოდენობის ე.წ. „ტრამპის დივიდენდს“ გადაუხდის. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ეს ამომრჩევლების მისივე პარტიის მხარდასაჭერად გადმობირების უპრეცედენტო მცდელობაა. ტრამპმა ეს წინადადება „რესპუბლიკური“ პარტიის ისტორიაში შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებულ პირველ შეკრებაზე გააჟღერა. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, როგორ განხორციელდება ეს გადახდა და რამდენად იქნება მათი განხორციელება კანონთან შესაბამისობაში. აშშ-ში დაახლოებით 270 მილიონი ზრდასრული ადამიანია, რაც იმას ნიშნავს, რომ ინიციატივის ღირებულება დაახლოებით 1,35 ტრილიონი დოლარი იქნება.
თავის გამოსვლაში, რომელიც 1 საათსა და 45 წუთს გაგრძელდა, ტრამპმა საკუთარი პრეზიდენტობის პირველ ორ წელს „პრეზიდენტობის ისტორიაში უდიდესი ორი წელი“ უწოდა. ამით მან საკუთარი თავი არჩევნების ეპიცენტრში მოაქცია, მიუხედავად იმისა, რომ მისი პოპულარობა სულ უფრო მცირდება, წერს სააგენტო.
თუმცა, გაურკვეველია, რამდენად მოეწონება მისი წინასაარჩევნო კამპანიის მსგავსი გამოსვლა იმ გადამწყვეტ ამომრჩევლებს, რომლებიც, საზოგადოებრივი აზრის კვლევების მიხედვით, ტრამპის პარტიისგან დისტანცირდებიან. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ცხოვრების გაძვირებითა და ირანთან ომით გამოწვეული მზარდი უკმაყოფილებაა.
„თუ ამერიკის მომავალს რადიკალ მემარცხენე „დემოკრატებს“ გადავცემთ, ჩვენი ქვეყანა მომდევნო ათწლეულს მხოლოდ ფეხზე წამოდგომას მოანდომებს. მიეცით ხმა „რესპუბლიკელებს“ და ჩვენ მსოფლიოს თაობების განმავლობაში უკან მოვიტოვებთ“, - განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ში შუალედური არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება.