კასპიის ზღვაში წყლის დონის კლება შუა დერეფანში გადაზიდვებს აძვირებს
კასპიის ზღვის წყლის დონის კლება ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტისთვის (TITR), იგივე შუა დერეფნისთვის, ეკონომიკურ პრობლემად იქცევა. ყაზახეთი და რეგიონის სხვა ქვეყნები პორტების გაფართოებასა და ჩინეთსა და ევროპას შორის სატვირთო გადაზიდვების ზრდაზე არიან ორიენტირებული, თუმცა წყლის დონის შემცირება უკვე აიძულებს გემებს, ტვირთის მოცულობა შეამცირონ, პორტებს კი ფსკერის გაღრმავებასა და ნავმისადგომების რეკონსტრუქციაზე ათეულობით მილიონი დოლარის დახარჯვა უწევთ.
პრობლემის მასშტაბი 8 სექტემბერს აზერბაიჯანის კასპიის საზღვაო გადამზიდავი კომპანიის (ASCO) მდგრადობისა და ემისიების მართვის დირექტორმა ალაქბარ აზიზლიმ წარმოაჩინა. ბაქოში გამართულ Baku Climate Action Week-ზე გამოსვლისას მან განაცხადა, რომ კომპანიის ერთ-ერთ ბორანს ამჟამად ყაზახეთიდან სრული დატვირთვის მხოლოდ 80%-ის გადაზიდვა შეუძლია.
„ეს ნიშნავს, რომ 20%-ით ნაკლები ტვირთის გადაზიდვა ხდება“, - განაცხადა აზიზლიმ. მისი თქმით, მსგავსი შეზღუდვები გემებს ყაზახეთში, თურქმენეთსა და აზერბაიჯანის ალათის პორტშიც აქვთ.
ამ ეტაპზე საჭირო სიღრმის შენარჩუნება ფსკერის გაღრმავების სამუშაოების მეშვეობით ხერხდება. თუმცა, ნავმისადგომებთან ფსკერის გაღრმავების შესაძლებლობასაც აქვს ზღვარი, რადგან სამუშაოების მასშტაბის ზრდამ შესაძლოა ნაგებობების დაზიანების რისკი შექმნას.
თუ ზღვის დონე კლებას გააგრძელებს, აზიზლის განცხადებით, შესაძლოა პორტებს ნავმისადგომების გაფართოება დასჭირდეთ, რათა გემებმა მათთან მისვლა წყლის უფრო დაბალი დონის პირობებშიც შეძლონ.
სხვა სიახლეები
ტრამპი ამერიკელებს 5 000 დოლარის გადახდას ჰპირდება, თუ შუალედურ არჩევნებში „რესპუბლიკელები“ გაიმარჯვებენ
10.09.2026.10:13
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ „რესპუბლიკელები“ ნოემბრის შუალედურ არჩევნებში კონგრესზე კონტროლს შეინარჩუნებენ, თითოეულ ზრდასრულ ამერიკელს 5 000 დოლარის ოდენობის ე.წ. „ტრამპის დივიდენდს“ გადაუხდის. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ეს ამომრჩევლების მისივე პარტიის მხარდასაჭერად გადმობირების უპრეცედენტო მცდელობაა. ტრამპმა ეს წინადადება „რესპუბლიკური“ პარტიის ისტორიაში შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებულ პირველ შეკრებაზე გააჟღერა. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, როგორ განხორციელდება ეს გადახდა და რამდენად იქნება მათი განხორციელება კანონთან შესაბამისობაში. აშშ-ში დაახლოებით 270 მილიონი ზრდასრული ადამიანია, რაც იმას ნიშნავს, რომ ინიციატივის ღირებულება დაახლოებით 1,35 ტრილიონი დოლარი იქნება.
თავის გამოსვლაში, რომელიც 1 საათსა და 45 წუთს გაგრძელდა, ტრამპმა საკუთარი პრეზიდენტობის პირველ ორ წელს „პრეზიდენტობის ისტორიაში უდიდესი ორი წელი“ უწოდა. ამით მან საკუთარი თავი არჩევნების ეპიცენტრში მოაქცია, მიუხედავად იმისა, რომ მისი პოპულარობა სულ უფრო მცირდება, წერს სააგენტო.
თუმცა, გაურკვეველია, რამდენად მოეწონება მისი წინასაარჩევნო კამპანიის მსგავსი გამოსვლა იმ გადამწყვეტ ამომრჩევლებს, რომლებიც, საზოგადოებრივი აზრის კვლევების მიხედვით, ტრამპის პარტიისგან დისტანცირდებიან. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ცხოვრების გაძვირებითა და ირანთან ომით გამოწვეული მზარდი უკმაყოფილებაა.
„თუ ამერიკის მომავალს რადიკალ მემარცხენე „დემოკრატებს“ გადავცემთ, ჩვენი ქვეყანა მომდევნო ათწლეულს მხოლოდ ფეხზე წამოდგომას მოანდომებს. მიეცით ხმა „რესპუბლიკელებს“ და ჩვენ მსოფლიოს თაობების განმავლობაში უკან მოვიტოვებთ“, - განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ში შუალედური არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება.