ხელოვნური ინტელექტისკენ მიმართული ინვესტიციების ზრდის ფონზე კომპანიები სამუშაო ადგილებს ამცირებენ - როგორია ტენდენცია
Microsoft-მა ორშაბათს განაცხადა, რომ თანამშრომელთა დაახლოებით 2.1%-ს, ანუ დაახლოებით 4,800 ადამიანს, გაათავისუფლებს. გადაწყვეტილება უკავშირდება კომპანიის კომერციული მიმართულებების რესტრუქტურიზაციას. ამ ნაბიჯით Microsoft შეუერთდა სხვა მსხვილ ტექნოლოგიურ კომპანიებს, რომლებიც ინვესტიციებს სულ უფრო მეტად ხელოვნური ინტელექტის (AI) ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მიმართავენ და ამის პარალელურად სამუშაო ადგილებს ამცირებენ.
სამუშაო ადგილების შემცირება უკვე შეინიშნება იმ სექტორებში, რომლებიც ავტომატიზაციის გავლენის მიმართ ყველაზე მეტად არიან მოწყვლადნი.
თანამშრომლებისთვის გაგზავნილ წერილში კომპანიის ადამიანური რესურსების დირექტორმა აღნიშნა, რომ ხელოვნური ინტელექტი სამუშაო პროცესებს ცვლის და რუტინული ამოცანების ნაწილს ავტომატიზაციას უკეთებს. თუმცა, მისი თქმით, თანამშრომელთა შემცირება უფრო ფართო რეორგანიზაციის ნაწილია, რომლის მიზანიც კომპანიის რესურსებისა და საოპერაციო სტრუქტურის სტრატეგიულ პრიორიტეტებთან შესაბამისობაში მოყვანაა.
სხვა სიახლეები
ევროკავშირი ევროპული ბანკების მასშტაბის ზრდისა და აშშ-ის ბანკებთან კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად ახალ ზომებს ამზადებს
20.07.2026.17:00
ევროკომისია მიზნად ისახავს, შეამციროს ევროკავშირის საბანკო სექტორში შერწყმის პროცესებზე პოლიტიკური ჩარევა და აღმოფხვრას ბლოკის შიგნით უცხოური საბანკო საქმიანობის განვითარების ხელისშემშლელი ბარიერები, რათა ევროკავშირის ბანკებმა უფრო ეფექტიანად შეძლონ კონკურენცია გაუწიონ აშშ-ის უფრო მსხვილ კონკურენტებს.
ევროკომისიის მიერ პარასკევს გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის შიდა ბარიერები ბანკებს გაფართოების შესაძლებლობას უზღუდავს, რის გამოც ისინი კონკურენტულ მდგომარეობაში ჩამორჩებიან ამერიკულ ბანკებს. აშშ-ის ბანკებმა, უფრო ინტეგრირებული შიდა ბაზრის პირობებში, მასშტაბის ეკონომიით შეძლეს კონკურენტული უპირატესობის მოპოვება.
ანგარიშის თანახმად, ევროკავშირში საბანკო შერწყმებისა და გაერთიანებების უმეტესობა კვლავ ეროვნული საზღვრების ფარგლებში ხორციელდება, რაც საბანკო ჯგუფების ჩამოყალიბებას აფერხებს.