ხუთშაბათს Nasdaq 100 ინდექსი 6.36%-ით დაეცა, რაც 2020 წლის მარტის შემდეგ უდიდესი ერთდღიანი ვარდნაა - TBC Capital
TBC Capital-ის ,,გლობალური ბაზრების ყოველკვირეული მიმოხილვის" თანახმად, გასულ კვირას გლობალური აქციები გაიაფდა, MSCI World ინდექსი 2.7%-ით შემცირდა. მას შემდეგ, რაც დემოკრატებმა კონგრესის ორივე პალატაში უმრავლესობა მოიპოვეს, ინვესტორებმა შეაფასეს, რომ AI მონაცემთა ცენტრების მშენებლობა შესაძლოა შენელდეს. ხუთშაბათს Nasdaq 100 ინდექსი 6.36%-ით დაეცა, რაც 2020 წლის მარტის შემდეგ უდიდესი ერთდღიანი ვარდნაა. კვირის განმავლობაში S&P 500 2.7%-ით შემცირდა, იაპონიის აქციები 7.1%-ით გაიაფდა, ევროპის აქციები კი მცირედით გაძვირდა.
Brent-ის ფასი 16.4%-ით, ბარელზე 98.32 დოლარამდე შემცირდა, რაც 2020 წლის შემდეგ ყველაზე მკვეთრი კვირეული ვარდნაა. ფასის კლებას აშშ-ირანის შეთანხმების მოლოდინი განაპირობებდა: ხუთშაბათს ირანმა კატარის შუამავლობით აშშ-ს ბირთვული შეთანხმების წინადადება გადასცა, თუმცა მხარეები ჯერ კიდევ ვერ თანხმდებიან, რომელი საკითხი უნდა მოგვარდეს პირველად. ოქრო 5.1%-ით გაძვირდა ნავთობის, ობლიგაციების შემოსავლიანობისა და დოლარის კლების ფონზე.
აშშ-ის შრომის ბაზრის მონაცემებმა მოლოდინს გადააჭარბა: ოქტომბერში 165 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა (მოლოდინი 65 ათასი), უმუშევრობის დონე კი 4.1%-მდე შემცირდა. 10-წლიანი სახაზინო ობლიგაციების შემოსავლიანობამ კვირა დაახლოებით 4.86%-ზე დაასრულა, ხოლო დეკემბერში ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ განაკვეთის გაზრდის ალბათობა 78%-მდე გაიზარდა. ამ კვირაში ყურადღება სამშაბათს გამოსაქვეყნებელ ოქტომბრის ინფლაციის (CPI) მონაცემებსა და 17 ნოემბერს Nvidia-ს კვარტალურ ანგარიშზე იქნება.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.