Microsoft-ი აშშ-ში ობლიგაციების გამოშვებით $25 მილიარდის მოზიდვას გეგმავს
Microsoft-ი აშშ-ის ბაზარზე საინვესტიციო ობლიგაციების გამოშვებით დაახლოებით 25 მილიარდი დოლარის მოზიდვას გეგმავს. ეს კომპანიისთვის ბოლო ცხრა წელზე მეტი ხნის განმავლობაში აშშ-ში ობლიგაციების პირველი მსგავსი განთავსება იქნება.
ობლიგაციების გამოშვებით Microsoft-ი გახდება კიდევ ერთი მსხვილი ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით საკუთარი გეგმების დასაფინანსებლად სასესხო კაპიტალის ბაზარს მიმართავს.
გასული წლის განმავლობაში მსოფლიოს უმსხვილესმა ტექნოლოგიურმა კომპანიებმა ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მასშტაბური ინვესტიციების დასაფინანსებლად აქტიურად დაიწყეს ობლიგაციების გამოშვება და სააქციო კაპიტალის მოზიდვა. ეს მიდგომა გარკვეულ ცვლილებას წარმოადგენს სილიკონის ველის ტექნოლოგიური გიგანტებისთვის, რომლებიც ინვესტიციების დასაფინანსებლად ტრადიციულად საკუთარ მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსებს იყენებდნენ.
Bloomberg-ის ინფორმაციით, Microsoft-ი ობლიგაციების განთავსებას მაქსიმუმ 10 ტრანშად გეგმავს, რომელთა დაფარვის ვადები 2-დან 40 წლამდე იქნება. ამასთან, გამოშვების საბოლოო მოცულობის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის და ის შესაძლოა ინვესტორთა მოთხოვნის შესაბამისად შეიცვალოს.
Bloomberg-ის ცნობით, ობლიგაციების განთავსების პროცესს Wells Fargo, JPMorgan Chase და UBS Group AG მართავენ.
სხვა სიახლეები
ავიაბილეთების დაჯავშნაში AI-ის გამოყენება მომხმარებელთა არჩევანზე უნდა იყოს დამოკიდებული - JetBlue-ს პრეზიდენტი
16.11.2026.19:00
ამერიკული ავიაკომპანია JetBlue Airways-ის პრეზიდენტის, განცხადებით, ავიაკომპანიებმა ხელოვნური ინტელექტის საშუალებით ავიაბილეთების დაჯავშნის საკითხში მომხმარებელთა მოთხოვნები უნდა გაითვალისწინონ.
მისი შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ბილეთების დაჯავშნა გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული, ავიაკომპანიებმა მომხმარებლებს მათთვის სასურველი მომსახურების მიღების შესაძლებლობა უნდა მისცენ.
JetBlue-ს პრეზიდენტის განცხადება მოჰყვა United Airlines-ის გადაწყვეტილებას, მონაცემთა უსაფრთხოების მიზნით ხელოვნური ინტელექტის პროგრამებისთვის საკუთარ ციფრულ პლატფორმებზე წვდომა შეზღუდოს.
ამასთან, JetBlue-ს პრეზიდენტის შეფასებით, მსგავსი ტექნოლოგიების განვითარებამ შესაძლოა ავიაკომპანიებს დამატებითი ფინანსური ხარჯები შეუქმნას, თუ ბილეთების დაჯავშნის მომსახურების მიმწოდებლები მომავალში საკომისიოს დაწესებას გადაწყვეტენ.
მიუხედავად ამისა, JetBlue მიიჩნევს, რომ ავიაკომპანიებმა ტექნოლოგიური ცვლილებების მიმართ მოქნილობა უნდა შეინარჩუნონ და მომსახურება მომხმარებელთა მოთხოვნებს მოარგონ.