მსოფლიო ბანკი საქართველოს ნოემბრის თვის მიმოხილვას აქვეყნებს - როგორია ძირითადი აქცენტები
საქართველოს ეკონომიკა ზრდის მაღალ ტემპს ინარჩუნებს, საბანკო სექტორი მდგრადია, საერთაშორისო რეზერვები რეკორდულ დონეზეა, ხოლო მთავრობის ვალის შეფარდება მშპ-სთან მცირდება, - ამის შესახებ მსოფლიო ბანკის საქართველოს ეკონომიკის ყოველთვიურ მიმოხილვაშია აღნიშნული.
ანგარიშის თანახმად, 2026 წლის სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა წლიურ ჭრილში 6.0%-ით გაიზარდა, ხოლო იანვარ-სექტემბერში რეალური მშპ-ის ზრდამ 7.4% შეადგინა.
მსოფლიო ბანკის შეფასებით, ქვეყანაში ბიზნესაქტივობა მაღალ დონეზე ნარჩუნდება. კერძოდ, დღგ-ის გადამხდელთა ბრუნვა ნომინალურ გამოსახულებაში 13.5%-ით გაიზარდა, ხოლო ახალი ბიზნესების რეგისტრაციის რაოდენობა 32.1%-ით, რაც ძირითადად ადგილობრივი ინდივიდუალური მეწარმეების რეგისტრაციის ზრდამ განაპირობა.
ეკონომიკურ ზრდაში დადებითი წვლილი შეიტანეს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, სამთო-მოპოვებითი მრეწველობის, ვაჭრობისა და ფინანსური მომსახურების სექტორებმა.
ამასთან, ოქტომბერში წლიური ინფლაცია 5.9%-მდე გაიზარდა, ხოლო საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 8.25%-ზე შეინარჩუნა.
მსოფლიო ბანკის ანგარიშის თანახმად, იანვარ-სექტემბერში ექსპორტი 19.6%-ით გაიზარდა, იმპორტი კი 5.3%-ით, რის შედეგადაც სავაჭრო დეფიციტი 3.3%-ით შემცირდა.
ოქტომბერში ლარმა გამყარება განაგრძო. ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით წლიურ ჭრილში 4.5%-ით, ხოლო ევროსთან 8.5%-ით გამყარდა. ამასთან, სექტემბრის ბოლოს საქართველოს საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ 8.2 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც წლიურ ჭრილში 50.5%-იან ზრდას წარმოადგენს.
მსოფლიო ბანკის შეფასებით, საბანკო სექტორი მდგრადობასა და მაღალ მომგებიანობას ინარჩუნებს. სექტემბერში დაკრედიტების ზრდა 16.9%-მდე დაჩქარდა, ხოლო დეპოზიტების მოცულობა 20.5%-ით გაიზარდა. ამასთან, უმოქმედო სესხების წილი 2.4%-მდე შემცირდა, აქტივებზე უკუგებამ (ROA) 4.1%, ხოლო კაპიტალზე უკუგებამ (ROE) 23.0% შეადგინა.
რაც შეეხება ფისკალურ ნაწილს, იანვარ-სექტემბერში საბიუჯეტო შემოსავლები 9.2%-ით გაიზარდა, ხოლო ფისკალურმა პროფიციტმა წლის პროგნოზირებული მშპ-ის დაახლოებით 1.4% შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში დაფიქსირებული 0.4%-ის შემდეგ.
სექტემბრის ბოლოს მთავრობის ვალი მშპ-ის 32.5%-მდე შემცირდა, 2025 წლის ბოლოს დაფიქსირებული 34.4%-დან. მსოფლიო ბანკის შეფასებით, აღნიშნულ დინამიკას ხელი ლარის გამყარებამაც შეუწყო.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.