ნათია თურნავამ ბაზელში საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის (BIS) ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ ბაზელში, საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის (BIS) 96-ე ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრის მიზანია ხელი შეუწყოს ცენტრალურ ბანკებს შორის მჭიდრო კოორდინაციასა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებას.
ღონისძიება, რომელიც ტრადიციულად გლობალური ფინანსური ბაზრების ტენდენციების განხილვას ეძღვნება, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკების მმართველებს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ხელმძღვანელებსა და ცნობილ ეკონომისტებს აერთიანებს. წლიური ასამბლეის ფარგლებში, საფინანსო სექტორის წარმომადგენლებმა გლობალური ეკონომიკის უმნიშვნელოვანესი გამოწვევები და შესაძლებლობები მიმოიხილეს.
ღონისძიების ფარგლებში, BIS-ის გენერალურმა მენეჯერმა ასამბლეის მონაწილეებს ბანკის წლიური ეკონომიკური ანგარიში წარუდგინა, რომელშიც განსაკუთრებული ყურადღება გლობალური მაკროეკონომიკური პოლიტიკის სტრატეგიულ მიმართულებებს დაეთმო. ასევე მონაწილეებმა ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში, ციფრული რისკების მართვისა და ინოვაციური პროდუქტების უსაფრთხოდ ინტეგრაციის საკითხებზე იმსჯელეს.
„ბაზელის საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობა ხელს უწყობს საქართველოს ეროვნული ბანკის გლობალურ საფინანსო პროცესებში აქტიურ ჩართულობას და პარტნიორ ცენტრალურ ბანკებთან გამოცდილების გაზიარებას თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით“, - განცხადა ნათია თურნავამ.
საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრას ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი კრისტინ ლაგარდი დაესწრო.
სხვა სიახლეები
ტრამპის ადმინისტრაცია H-1B ტიპის სამუშაო ვიზებზე $100 000 - ზე მეტი ოდენობის გადასახადის დაწესებას გეგმავს - დეტალები
25.08.2026.09:42
პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ორშაბათს გამოაქვეყნა რეგულაციის პროექტი, რომლის მიზანია მაღალკვალიფიციური უცხოელი სამუშაო ძალისთვის ახალი H-1B ვიზების გაცემაზე 100 000 დოლარზე მეტი ოდენობის უპრეცედენტო საფასურის დაკანონება.
საფასური, რომელიც ტრამპმა პირველად გასულ წელს დროებით დააწესა, მნიშვნელოვნად ზრდის იმ ვიზების ღირებულებას, რომლებზეც ტექნოლოგიების, განათლებისა და კვლევის სექტორები დიდწილად არიან დამოკიდებული. ფედერალურმა მოსამართლემ ივნისში დაადგინა, რომ საფასური უკანონო იყო და ტრამპის ადმინისტრაციას მისი ამოღება აუკრძალა. ბოსტონში მდებარე სააპელაციო სასამართლო ამ გადაწყვეტილებას განიხილავს, პარალელურად კი სხვა სასამართლო მსხვილი ბიზნესასოციაციის მიერ საფასურის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელზე მოსამართლის გადაწყვეტილების კანონიერებას განიხილავს. ტრამპის მიერ დროებით გაზრდილი საფასურის მოქმედების ვადა სექტემბერში იწურება მისი დაწესებიდან ერთი წლის შემდეგ.
აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ შემოთავაზებული რეგულაციის პროექტი, რომელიც ორშაბათს ფედერალურ რეესტრში გამოქვეყნდა, 103 265 დოლარის ოდენობის საფასურს მუდმივ რეჟიმში დააწესებს. რეგულაციის საბოლოო დამტკიცება წლის ბოლომდეა შესაძლებელი.
H-1B პროგრამა აშშ-ის დამსაქმებლებს საშუალებას აძლევს, სპეციალიზებულ სფეროებში შესაბამისი მომზადების მქონე უცხოელი მუშაკები დაასაქმონ. პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად 65 000 ვიზა გაიცემა, დამატებით კი 20 000 ვიზა გამოიყოფა უმაღლესი აკადემიური ხარისხის მქონე მუშაკებისთვის. ვიზები 3-დან 6 წლამდე ვადით გაიცემა. ტრამპის ბრძანებამდე ასეთი ვიზების საფასური, როგორც წესი, 2 000-დან 5 000 დოლარამდე იყო.
საფასური არ გავრცელდება იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, რომლებიც უკვე იმყოფებიან აშშ-ში სტუდენტური ვიზით და H-1B-ის ახალი მიმღებების მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენენ. ასევე, საფასური არ შეეხება მოქმედი ვიზების განახლებას.