ნავთობის ფასი გაიზარდა
მსოფლიოში ნავთობის ფასი 2%-მდე გაიზარდა მას შემდეგ, რაც ამერიკის სახაზინო მდივანმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი თეირანს ეკონომიკური სანქციებით დაამარცხებს. სკოტ ბესენტმა ევროპელ მოკავშირეებს მოუწოდა, ირანის ფინანსურ ქსელებზე უფრო მეტი ზეწოლა მოახდინონ.
„სი ენ ბი სის“ ცნობით, ნავთობის ღირებულების ზრდას კიდევ ერთმა ფაქტორმა შეუწყო ხელი. არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა 19 აგვისტოს ირანთან ყველა სავაჭრო და ფინანსური ტრანზაქცია შეაჩერა.
სხვა სიახლეები
ეკონომიკური ზეწოლა ირანის წინააღმდეგ შეერთებული შტატების ყველაზე ეფექტური იარაღია - ჯეი დი ვენსი
21.08.2026.10:04
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ ეკონომიკური ზეწოლა ირანის წინააღმდეგ შეერთებული შტატების „ყველაზე ეფექტური იარაღია“, თუმცა აღნიშნა, რომ ეს „ფაქიზი საკითხია“.
„ყველაზე ეფექტური იარაღი, რაც გვაქვს, ის ეკონომიკური ზეწოლაა, რომელიც შეგვიძლია მათზე განვახორციელოთ. ეს ფაქიზი საკითხია, რადგან როდესაც ჩვენ მათზე ვახდენთ ეკონომიკურ ზეწოლას, ისინიც შეეცდებიან საპასუხო ეკონომიკური ზეწოლა ჩვენზე განახორციელონ“, - განაცხადა ვენსმა.
ვენსმა აღიარა, რომ „ცხადია, ნავთობის ფასები გაზრდილია, რასაც ხალხი ავტოგასამართ სადგურებზე ხედავს“, თუმცა ხაზი გაუსვა ადმინისტრაციის ძალისხმევას, უზრუნველყოს გემების გატარება ჰორმუზის სრუტეში.
„ისინი სრუტის ჩაკეტვას ცდილობენ. ჩვენი მიზანია ბაზარზე იმ რაოდენობის ნავთობისა და საწვავის გატანა შევძლოთ, რაც ამერიკელებს საწვავსა და ენერგომატარებლებზე ფასებს ოდნავ მაინც შეუმსუბუქებს“, - დასძინა ვენსმა.
„ამავდროულად, ირანელები ისჯებიან კომერციულ გემებზე ცეცხლის გახსნის გამო. ეს მათზე უდიდეს ეკონომიკურ ზეწოლას ახდენს და ცვლის მათ გათვლებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი შეთანხმების მიღწევა სურთ“, - აღნიშნა მან.
ვენსის თქმით, ამგვარი ზეწოლის განხორციელება საუკეთესო გზაა „საბოლოო მიზნის“ მისაღწევად, რათა ირანმა ვერ შეძლოს თავისი ბირთვული პოტენციალის აღდგენა.