ოქროს რეზერვების ზრდა კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო ბუფერებს აძლიერებს, თუმცა კონცენტრაციის რისკს ზრდის - Fitch Ratings
ოქროს ფასების ზრდამ და ოქროს მარაგების მოცულობის მატებამ კავკასიისა და ცენტრალური აზიის (CCA) რეგიონში საგარეო ფინანსური პოზიციები გააძლიერა და არასტაბილურ საგარეო გარემოში ეკონომიკურ მდგრადობას შეუწყო ხელი, - ნათქვამია Fitch Ratings-ის ახალ ანგარიშში. 2023 წლიდან რეგიონში საერთაშორისო რეზერვები მკვეთრად გაიზარდა, რისი მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ფაქტორიც ოქროს შესყიდვები და ოქროს ღირებულების ზრდით მიღებული სარგებელი გახდა. თუმცა, რეზერვებსა და ექსპორტში ოქროს წილის მზარდი კონცენტრაცია შესაძლოა მოწყვლადობის ფაქტორად იქცეს, თუ ოქროს ფასები მკვეთრად შემცირდება.
ოქრომ რეგიონში სუვერენული სახელმწიფოების საგარეო ბუფერებში უფრო მნიშვნელოვანი როლი შეიძინა. უზბეკეთს მსოფლიოში საერთაშორისო რეზერვებში ოქროს ყველაზე მაღალი წილი აქვს, ხოლო ყირგიზეთის რეზერვების უმეტესი ნაწილიც ოქროზე მოდის. აზერბაიჯანის სუვერენულ ქონების ფონდს ქვეყნის დიდი საგარეო ბუფერების მთავარ საყრდენს აქტივებში ოქროს მნიშვნელოვანი წილი აქვს. Fitch მიიჩნევს, რომ ეს ზოგადად ხელს უწყობს საგარეო მდგრადობას რეგიონში, სადაც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, უცხოურ ვალუტაში დენომინირებული ვალის წილი და ფინანსური სექტორის დოლარიზაცია ისტორიულად მაღალი იყო.
ოქროს უფრო მაღალმა ფასებმა ოქროს ექსპორტიორი ქვეყნების საგადამხდელო ბალანსებსაც შეუწყო ხელი. უზბეკეთის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2023-2025 წლებში მნიშვნელოვნად შემცირდა, რასაც ოქროს ექსპორტის ზრდამ შეუწყო ხელი. ყირგიზეთმაც ისარგებლა ოქროს ფასებისა და ექსპორტის დინამიკით, თუმცა ქვეყნის საექსპორტო მაჩვენებლები არასტაბილური იყო. მიმდინარე საგარეო გადახდების დასაფარად რეზერვების საკმარისობა რეგიონში გაუმჯობესდა, ხოლო რეზერვების ადეკვატურობა CCA-ის ყველა სუვერენული სახელმწიფოს საკრედიტო რეიტინგის შეფასების მნიშვნელოვან ფაქტორად რჩება.
Fitch მიიჩნევს, რომ კონცენტრაციის რისკი ზღუდავს ოქროს ფასების ზრდის შედეგად მიღებულ საკრედიტო სარგებელს, ამ მხრივ კი ყირგიზეთი და უზბეკეთი განსაკუთრებით მოწყვლადები არიან ოქროს ფასების მკვეთრი ვარდნის მიმართ. ასეთ შემთხვევაში ოქროს მწარმოებელ ქვეყნებში ნომინალური მშპ, ფისკალური მაჩვენებლები და საგადამხდელო ბალანსის ინდიკატორები გაუარესდება, ხოლო ოქროს დიდი მარაგების მქონე ქვეყნებში რეზერვების ღირებულება შემცირდება. თუმცა, Fitch არ ელოდება, რომ მხოლოდ ოქროს ფასის ვარდნა ამ სუვერენული სახელმწიფოებისთვის რეიტინგის უარყოფითი მიმართულებით ცვლილებას გამოიწვევს.
სხვა სიახლეები
ეროვნული ბანკის დელეგაცია ეკატერინე გალდავას ხელმძღვანელობით სამხრეთ კორეაში იმყოფებოდა
18.11.2026.11:33
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე გალდავა, ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების და საგადახდო სისტემების დეპარტამენტების წარმომადგენლებთან ერთად სამუშაო ვიზიტით სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში იმყოფებოდა.
ვიზიტი საქართველოს ეროვნულ ბანკსა და კორეის ცენტრალურ ბანკს (Bank of Korea) შორის გაფორმებული ორმხრივი თანამშრომლობის შეთანხმების საფუძველზე, ცოდნის პარტნიორობის პროგრამის (Knowledge Partnership Program - KPP) ფარგლებში განხორციელდა.
საქართველოს ეროვნული ბანკისა და კორეის ცენტრალური ბანკის ერთობლივ პროექტის მიზანი საქართველოში ღია ბანკინგისა და ღია ფინანსების განვითარებისთვის საერთაშორისო გამოცდილების შესწავლა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებაა.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკის დელეგაციამ შეხვედრები გამართა კორეის ცენტრალური ბანკის, კორეის საფინანსო სატელეკომუნიკაციო და კლირინგის ინსტიტუტის (Korea Financial Telecommunications and Clearings Institute - KFTC) და სხვა შესაბამისი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს სამხრეთ კორეის გამოცდილება საგადახდო ინფრასტრუქტურის განვითარების, ღია ბანკინგისა და ღია ფინანსების დანერგვის, ინოვაციური საგადახდო მომსახურებებისა და ფინანსურ სექტორში კონკურენციის ხელშეწყობის მიმართულებით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ღია ბანკინგის როლს საგადახდო მომსახურებების განვითარებაში, ალტერნატიული საგადახდო არხების შექმნასა და მომხმარებლებისთვის ფინანსურ მომსახურებებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას.
ეკატერინე გალდავას განცხადებით, საქართველოს ეროვნული ბანკისთვის პრიორიტეტულია თანამედროვე, უსაფრთხო და კონკურენტული საგადახდო ეკოსისტემის განვითარება, რაშიც მნიშვნელოვანი როლი ღია ბანკინგისა და ღია ფინანსების შესაძლებლობების გამოყენებას ენიჭება
„საქართველოს ეროვნული ბანკი აქტიურად მუშაობს ისეთი საგადახდო გარემოს ჩამოყალიბებაზე, რომელიც ხელს შეუწყობს ინოვაციების დანერგვას, კონკურენციის გაძლიერებასა და მომხმარებლებისთვის მრავალფეროვანი ფინანსური მომსახურებების შეთავაზებას. სამხრეთ კორეას ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს. ცოდნის პარტნიორობის პროგრამა გვაძლევს შესაძლებლობას, გავეცნოთ პრაქტიკაში დანერგილ გადაწყვეტილებებს და შევაფასოთ მათი გამოყენების პერსპექტივები საქართველოს საგადახდო ბაზარზე“, - აღნიშნა ეკატერინე გალდავამ.
საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობას და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ღია ბანკინგისა და ღია ფინანსების შემდგომ განვითარებას, საგადახდო მომსახურებების ეფექტიანობის ზრდასა და ფინანსური ეკოსისტემის ინოვაციურ ტრანსფორმაციას.