Porsche-ს აღმასრულებელი დირექტორი ივლისამდე ხარჯების შემცირების ახალი პაკეტის დასრულებას გეგმავს
Porsche-ს აღმასრულებელი დირექტორი მაიკლ ლაიტერსი იმედოვნებს, რომ გერმანულ სპორტული ავტომობილების მწარმოებელ კომპანიაში ხარჯების შემცირების მეორე პაკეტზე მიმდინარე მოლაპარაკებები უახლოეს პერიოდში დასრულდება.
„გვინდა, რომ თანამშრომლებთან შეთანხმებას ივლისში დაგეგმილ ქარხნის საზაფხულო არდადეგებამდე მივაღწიოთ. Porsche-ს თანამშრომლებს სიცხადე სჭირდებათ,“ - განაცხადა ლაიტერსმა.
კომპანიას მანამდე უკვე ჰქონდა გაცხადებული, რომ მომდევნო წლებში 1,900 სამუშაო ადგილის გაუქმებას გეგმავს. მანამდე, გასულ წელს, Porsche-მა 2,000 დროებითი თანამშრომელი დაითხოვა.
ლაიტერსის თქმით, კომპანია მომავალში უფრო დაბალ საწარმოო სიმძლავრეებზე იქნება ორიენტირებული, ვიდრე 2025 წელს, როდესაც Porsche-მა დაახლოებით 280,000 ავტომობილი გაყიდა.
„Porsche-მა ნაკლები ავტომობილის გაყიდვითაც უნდა შეძლოს მოგების მიღება,“ - აღნიშნა მან.
მისივე განცხადებით, Porsche გეგმავს თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას Audi-თან. ამასთან, კომპანია ერთდროულად რამდენიმე გამოწვევას ებრძვის, მათ შორის ტარიფების ზრდას, გეოპოლიტიკურ არასტაბილურობასა და მოდელების ხაზში არსებულ ხარვეზებს, რამაც მის მოგებიანობაზე უარყოფითი გავლენა მოახდინა.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.