ქართული ღვინის 12 კომპანია მაიამიში საერთაშორისო გამოფენაზე „Vinexpo America“ მონაწილეობს
ქალაქ მაიამიში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენაზე „Vinexpo America“ ქართული ღვინის მწარმოებელმა 12-მა კომპანიამ საკუთარი პროდუქცია ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით წარადგინა.
მსგავსი მასშტაბის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობა მნიშვნელოვანია ქართული ღვინის ექსპორტის ზრდისა და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის ხელშეწყობისთვის.
„Vinexpo America“-ზე მონაწილეობით ქართულ კომპანიებს შესაძლებლობა ეძლევათ გაეცნონ მსოფლიო ღვინის ბაზრის თანამედროვე ტენდენციებსა და გამოწვევებს და დაამყარონ ახალი სავაჭრო პარტნიორული ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებში.
აშშ ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს ქართული ღვინისთვის, სადაც მაღალია როგორც ხარისხის მოთხოვნები, ისე კონკურენციის დონე. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით განხორციელებულმა არაერთმა ღონისძიებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ქართული ღვინის ცნობადობის ზრდას ამერიკის ბაზარზე.
ამასთან, ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინისთვის ერთ-ერთ ყველაზე მაღალფასიან სეგმენტს წარმოადგენს, სადაც ერთი ლიტრი ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი დაახლოებით 6 აშშ დოლარს შეადგენს.
სხვა სიახლეები
ნავთობის ფასი ბოლო თვის მაქსიმუმამდე გაიზარდა
14.07.2026.14:28
ნავთობის ფასი თითქმის 3%-ით გაიზარდა და ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში უმაღლეს ნიშნულს მიაღწია მას შემდეგ, რაც აშშ-მა ირანის საზღვაო ბლოკადა განაახლა, ხოლო ორმა ქვეყანამ ჰორმუზის სრუტეში თავდასხმები გააძლიერა, რამაც ენერგონაკადების გარშემო გაურკვევლობა გაზარდა.
Reuters-ის ცნობით, Brent-ის მარკის ნავთობის ფიუჩერსები 1,50 დოლარით, ანუ 1,8%-ით გაიზარდა და ბარელზე 84,80 დოლარი შეადგინა, ხოლო ამერიკული West Texas Intermediate (WTI) 1,70 დოლარით, ანუ 2,2%-ით გაძვირდა და ბარელზე 79,84 დოლარი გახდა.
მანამდე ორივე კონტრაქტის ფასი ბარელზე 2 დოლარზე მეტით იზრდებოდა, თუმცა მოგვიანებით მათ პოზიციები ნაწილობრივ დათმეს. წინა დღეს Brent-ის ფასი 9,6%-ით გაიზარდა, რაც 2020 წლის მაისის შემდეგ ყველაზე დიდი ერთდღიანი ზრდა იყო.
ამჟამად ნავთობის ფასები ყველაზე მაღალ ნიშნულზეა მას შემდეგ, რაც ორმა ქვეყანამ 17 ივნისს ომის დასრულების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერა ხელი.