ქართველმა მეღვინეებმა იტალიაში, მერანოს ღვინის საერთაშორისო ფესტივალში მიიღეს მონაწილეობა
ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 20 კომპანია იტალიაში, მერანოს ღვინის საერთაშორისო ფესტივალში „Merano Wine Festival 2026” მონაწილეობდა.
ფესტივალი, რომელსაც 35-წლიანი ისტორია აქვს, ერთ-ერთი გამორჩეული საერთაშორისო ღონისძიებაა ღვინის ინდუსტრიაში. იგი ყოველწლიურად აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ღვინის მწარმოებლებს, დარგის ექსპერტებს, ჰორეკა სექტორისა და მედიის წარმომადგენლებს.
წელს ფესტივალში 23 ქვეყნის 1000-მდე ღვინის მწარმოებელი მონაწილეობდა. ქართული კომპანიების წარდგენა მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ქართული ღვინის მრავალფეროვნების, ხარისხისა და უნიკალური მეღვინეობის ტრადიციების საერთაშორისო აუდიტორიისთვის გასაცნობად, ასევე ახალი საქმიანი ურთიერთობების დასამყარებლად და საექსპორტო ბაზრებზე ქართული ღვინის ცნობადობის გასაზრდელად.
საქართველო, როგორც ღვინის სამშობლო, 8000-წლიანი უწყვეტი მეღვინეობის კულტურით, საერთაშორისო ღონისძიებებზე აქტიურად წარმოაჩენს საკუთარ ადგილს მსოფლიო ღვინის ინდუსტრიაში.
აღსანიშნავია, რომ 2022 წელს, მერანოს ღვინის ფესტივალის ფარგლებში, ქართული ქვევრი, როგორც იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ქალაქ მერანოს ისტორიულ ცენტრში დაიდგა, რაც ქართული ღვინის კულტურის საერთაშორისო აღიარების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიმბოლოა.
ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სხვა სიახლეები
თურქეთი 2040 წლამდე ენერგეტიკის სექტორში დაახლოებით $300 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს
11.11.2026.15:00
თურქეთი 2040 წლამდე ენერგეტიკის სექტორის ტრანსფორმაციისთვის დაახლოებით 300 მილიარდი დოლარის ინვესტიციას საჭიროებს. ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ალფარსლან ბაირაქთარმა ანტალიაში, გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 31-ე კონფერენციის (COP31) ფარგლებში გამართულ ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) მინისტერიალზე განაცხადა.
მინისტრის თქმით, თურქეთის ენერგეტიკული პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტებია ელექტრიფიკაციის დაჩქარება, განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარება, ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერება და საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოება.
„მსოფლიო ცდილობს უზრუნველყოს ეკონომიკური ზრდა და ენერგეტიკული უსაფრთხოება, ამავდროულად კი შეამციროს ემისიები კლიმატური მიზნების მისაღწევად. დღეს, როგორც არასდროს, ენერგეტიკული უსაფრთხოება ეროვნული უსაფრთხოების საკითხად იქცა“, - განაცხადა ალფარსლან ბაირაქთარმა.
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა თურქეთის ახალ ენერგეტიკულ სტრატეგიაზე – „ეროვნული ენერგეტიკა 2040“, რომელიც ქვეყნის ენერგეტიკული სისტემის გრძელვადიან ტრანსფორმაციას ითვალისწინებს.
მისი განცხადებით, თურქეთი გეგმავს ენერგიის მზარდი მოთხოვნის ეტაპობრივ გადამისამართებას ნავთობისა და ბუნებრივი აირიდან ელექტროენერგიაზე. ამასთან, ქვეყნის ელექტროენერგიის გენერაციის დადგმული სიმძლავრე არსებული დაახლოებით 128 გიგავატიდან 2040 წლისთვის 281 გიგავატამდე უნდა გაიზარდოს.
სტრატეგიის ძირითადი მიზნებია:
მზისა და ქარის ენერგიის დადგმული სიმძლავრის 175 გიგავატამდე გაზრდა;
განახლებადი ენერგიის წილის ზრდა მთლიან დადგმულ სიმძლავრეში არსებული 63%-დან 77%-მდე;
ატომური ენერგეტიკის სიმძლავრის 10 გიგავატამდე განვითარება;
ენერგიის ბატარეებში შენახვის სიმძლავრის 40 გიგავატსაათამდე გაზრდა;
ტრანსსასაზღვრო ელექტროენერგეტიკული ურთიერთკავშირების გამტარუნარიანობის 15 გიგავატამდე გაზრდა.
ალფარსლან ბაირაქთარის განმარტებით, აღნიშნული ინვესტიციები ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგიის წყაროების ელექტროენერგეტიკულ სისტემაში ინტეგრაციას, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მდგრადობის გაძლიერებასა და რეგიონული ენერგეტიკული თანამშრომლობის გაღრმავებას.
მინისტრმა ასევე ისაუბრა ენერგოეფექტიანობის მნიშვნელობაზე. მისი თქმით, ორი წლის წინ გამოცხადებული ენერგოეფექტიანობის ეროვნული სამოქმედო გეგმა 2024-2035 წლებში 20 მილიარდი დოლარის ინვესტიციების მობილიზებას ითვალისწინებს.
„ვვარაუდობთ, რომ ენერგოეფექტიანობის ღონისძიებები, ელექტრიფიკაციასთან ერთად, 2040 წლისთვის ჩვენს ქვეყანას ჯამურად 240 მილიარდი დოლარის დაზოგვის შესაძლებლობას მისცემს“, - აღნიშნა მინისტრმა.
ბაირაქთარის განცხადებით, ენერგეტიკული ტრანსფორმაციის განხორციელებას მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსები დასჭირდება.
„ჩვენი შეფასებით, 2040 წლამდე ამ ტრანსფორმაციისთვის დაახლოებით 300 მილიარდი დოლარის ინვესტიცია იქნება საჭირო. ეს უზარმაზარი პასუხისმგებლობაა, თუმცა ამავდროულად წარმოადგენს მნიშვნელოვან საინვესტიციო შესაძლებლობას. საჭირო კაპიტალის მოსაზიდად აუცილებელია ძლიერი პარტნიორობა, ინოვაციური ტექნოლოგიები და პროგნოზირებადი საინვესტიციო გარემო“, - განაცხადა მან.
მინისტრის თქმით, თურქეთი მზად არის აქტიური როლი შეასრულოს როგორც საკუთარი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარებაში, ისე რეგიონული და გლობალური ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებაში.
„მჯერა, რომ ენერგეტიკის მომავალს განსაზღვრავენ ის ქვეყნები, რომლებიც შეძლებენ ამბიციური მიზნების რეალისტურ და პრაგმატულ პოლიტიკასთან, ძლიერ ინფრასტრუქტურასთან და ეფექტიან, ყოვლისმომცველ საერთაშორისო პარტნიორობასთან შეთავსებას. „ეროვნული ენერგეტიკა 2040“ ამ მომავლის მიმართ ჩვენი ერთგულების კონკრეტული გამოხატულებაა“, - განაცხადა ალფარსლან ბაირაქთარმა.